კირილე იერუსალიმელი - ანტიქრისტეს შესახებ (I ნაწილი)
------------------
1. ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს არა ერთ მოსვლას, არამედ მეორესაც, რომელიც პირველზე უდიდესი იქნება, რამეთუ პირველად მან დაგვიმტკიცა თავისი მოთმინება, ხოლო მეორედ საღმრთო გვირგვინით გამოჩნდება. ჩვენს უფალ იესუ ქრისტეში ყველაფერი უმეტესწილად ორგვარია. ორგვარია შობა: ერთი ღმრთისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, მეორე ქალწულისგან: ორგვარია გარდამოსვლა, საწმისზე გადმოსული ცვარივით, ერთია ჩუმი და მდაბალი, და მეორე - დიდებით; პირველი მოსვლისას "შეხვეული იყო და მწოლიარე ბაგასა", მეორედ მოსვლისას "შეიმოსავს ნათელს ვითარც სამოსელს" (ფსალმ. 103:2).
---
პირველად "დაითმინა ჯვარი და სირცხვილი შეურაცხყო..." (ებრ. 12:2). მეორედ ანგელოსთა მხედრობით მოვა. ამიტომაც, ჩვენი ცნობიერება მხოლოდ პირველ მოსვლაზე არ ჩერდება და ელოდება მის მეორედ მოვლას. პირველი მოსვლისას ამბობდნენ: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა" (მათე 21:9); მეორედ მოსვლის დროსაც იგივეს ვიტყვით, ანგელოზებთან ერთად შევხვდებით უფალს, თაყვანისვცემთ მას და ვუგალობთ: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა (მარკოზი 11:9).
---
მაცხოვარი მეორედ იმისთვის კი არ მოვა, რათა კვლავ განისაჯოს, არამედ მოვა მის მსაჯულთა განსასჯელად. ის, ვინც ადრე განისჯებოდა და დუმდა, შეახსენებს უსჯულოთ ჯვართან გამოჩენილ მათ კადნიერებას და ეტყვის: "ეს ყოველივე ჩაიდინეთ და მე გავჩუმდი" (ფსალმ. 49:21). როგორც საღმრთოდ აღმშენებელი პირველად იგი მოვიდა კაცთა დასამოძღვრად, ხოლო აწ, რომ არ უდოდეთ, აუცილებლობით მოვა, რათ დაექვემდებარონ მის მეუფებას.
---
2. ამ ორი მოსვლის შესახებ ბრძანე
წინასწარმეტყველი მალაქია: "უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი" (მალაქია 3:1). ეს არის პირველი მოსვლა. შემდეგ კი გვაუწყებს მეორედ მოსვლაზე: "ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი" (მალაქია 3:2-3). და ა. შ. და იქვე თვით მაცხოვარიც ამბობს: "მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი" (მალაქია 3:5). ამიტომაც გვაფრთხილებს პავლე: "ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, - თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს" (1 კორინთ. 3:12-13).
----
ქრისტეს ეს ორი მოსვლა პავლემ ასე გამოხატა ტიტესადმი მიწერილ ეპისტოლეში: "რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას" (ტიტ. 2:11-13). ხედავ როგორ გვიყვება იგი პირველ მოსვლაზე, რისთვისაც მადლობას შევწირავთ; და მეორეზეც, რომლის მოლოდინში ვართ. ამიტომაც, სარწმუნოების სიმბოლო, რომელსაც აწ ვქადაგებთ, ასე გვიბრძანებს რწმენას: "და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, და კვალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ".
----
3. მაშ ასე, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ამ წუთისოფლის ბოლო ჟამს, უკანასკნელ დღეს ზეციდან დიდებით მოვა, რადგანაც დადგება ამ ქვეყნის აღსასრული და შექმნილი სამყარო კვლავ განახლდება. რადგანაც, გარყვნილება, "წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს" (ოსია 4:2). იმისთვის, რათა ქმნილებათა ეს სამკვიდრო მუდმივად უსჯულოებით აღვსებული არ დარჩეს, ეს სამყაროც განქარდება, რათა კვლავ გამოჩნდეს უმჯობესად და თუ გნებავს, ყოველივე ამას დაგიმტკიცებ წმ. წერილიდან. ისმინე, რას გვეუბნება ესაია: "დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს" (ეს. 34:4). სახარებაც ამბობს: "და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი" (მათე 24:29).
-----
ნუ დავმწუხრდებით და ნუ ვიფიქრებთ, თითქოსდა მხოლოდ ჩვენ უნდა მოვკვდეთ; ვარსკვლავებიც კი შეწყვეტენ არსებობას, თუმც შეიძლება კვლავ გამოჩნდნენ. უფალი ცას დაგრაგნის არა იმისთვის, რომ გაანადგუროს, არამედ იმისთვის, რათა უმჯობესად ქმნას თავისი განახლებული ქმნილება. მოისმინე დავით წინასწარმეტყველის სიტყვა: "უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა" (ფსალმ. 101:25). "ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ" (იქვე. მ. 26). მაგრამ, იქნებ იკითხოს ვინმემ, რატომ ამბობს ასე მკაფიოდ: "წარხდებიან"? ეს ცხადი ხდება შემდგომი სიტყვებიდან: "ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან" (ფსალმ. 101:26). რადგან ადამიანზეც, ნათქვამია, რომ იღუპება, როგორც ესაია ამბობს: "იხილეთ, იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს" (ესაია 57:1). მაგრამ, იგი ელის მკვდრეთით აღგომას, ასევე ველოდებით ზეცის ერთგვარ აღდგომასაც: "მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული" (საქმე 2:20).
-----
დე, ყურად იღონ ეს მანიქეველთაგან მოქცეულებმა და შეეშვან ზეციურ მნათობთა გაღმერთებას; და მზის ეს დაბნელება, უკეთურად არ უნდა განმარტონ ქრისტეს მიმართ. ისმინე სიტყვები უფლისა: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (მარკოზი 13:13). რამეთუ ღვთის სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ქმნილებას.
----
4. მაშ ასე, ხილული წარხდება და აწმყოზე უკეთესი მოვა. მაგრამ ნურავინ ეძიებს ჟამს, თუ როდის მოხდება ეს, რადგანაც: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:7) ასე, რომ არ გაბედო დროის დანიშვნა, თუ როდის მოხდება ეს ყოველივე, თუმც დაუდევრობასაც ნუ მიეცემი და ნუ წასთვლემ. "იფხიზლეთ, - ბრძანებს ქრისტე, - ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მათე 24:42). რადგან გვმართებდა სამყაროს აღსასრულის ნიშანთა ცოდნა და რადგანაც ველოდებით ქრისტეს მეორედ მოსვლას, უმეცრებაში რომ არ დავრჩენილიყავით და მტყუვარი ანტიქრისტეს საცთურებით არ დავცემულიყავით, საღმრთო ნებით აღძრული მოციქულები ჩვენდა დასამოძღვრად მიეახლნენ ჭეშმარიტ მოძღვარს და შეეკითხნენ: "გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?" (მათე 24:3). ჩვენ ვიცით, რომ შენ ისევ მოხვალ, მაგრამ რადგან სატანა "იცვალვის ანგელოზად ნათლისა" (2 კორინთ. 11:14), ამიტომაც, დაგვიცევ, რათა შენს მაგიერ თაყვანი არ ვცეთ სხვას. მაშინ, უფალმა განახვნა თავისი წმიდა და ღვთაებრივი ბაგენი და თქვა: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ" (მათე 24:4) და თქვენც, მკითხველნო, ვინც შეძლებისდაგვარად ჭვრეტთ მას თქვენი გონების თვალით, უსმინეთ მას, რომელიც იგივეს გეუბნებათ: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ".
----
ეს სიტყვები არწმუნებს ყველას, გულისხმაყონ, რაც ითქვა, რამეთუ ეს წარსულ საქმეთა ისტორია კი არ არის, არამედ წინასწარმეტყველებაა მომავალზე, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. ჩვენ არ ვწინასწარმეტყვე
ლებთ, რამეთუ უღირსნი ვართ, მაგრამ წერილში მოცემულ ნიშნებს ავხსნით და განვმარტავთ, აწ კი შენც გულისხმაჰყავ, რა შესრულდა უკვე (ნაწინასწარმეტყ
ველევთაგან - მთარგმნ.) და რა უნდა შესრულდეს მომავალში, რათა მით გაუფრთხილდე შენს თავს.
----
5. "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4-5). ეს გაფრთხილება ნაწილობრივ უკვე შესრულდა, რადგან ამას ირწმუნებოდნენ სწორედ სიმონ მოგვი, მენანდრე და სხვა უკეთური ერესიარქნი; და იქნებიოანო, - ბრძანებს, - ამგვარნი, ჩვენს დროშიც და ჩვენს შემდეგაც.
----
6. სხვა ნიშანი: "გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული" (მათე 24:6). განა დღეს სპარსელებს, რომაელებსა და მესოპოტამიელთა შორის ბრძოლა არ არის? "რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ", - ესეც ხომ ახდა; "და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მათე 24:7) ესეც უკვე იყო! და სხვა ადგილას: "და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით" (ლუკა 21:11). "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მათე 24:42).
----
7. მაგრამ, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ყველანი, საეკლესიო ნიშანს ვეძებთ. მაცხოვარი ამბობს: "მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათე 24:10-11). როცა გაიგებ, რომ ეპისკოპოსები სხვა ეპისკოპოსების წინააღმდეგ სისხლის დასაღვრელადაც კი გაიწევენ და საერონი ერთმანეთს აუმხედრდებიან, არ დაბრკოლდე. ამის შესახებ წმ. წერილში უკვე ნაწინასწარმეტყველებია. იმას კი ნუ აქცევ ყურადღებას, თუ დღეს რა ხდება, არამედ დაწერილს ჩაუფიქრდი. და მე, შენი დამმოძღვრელი კიდეც რომ მოვკვდე, შენ არ მოკვდები ჩემთან ერთად; მსმენელსაც შეუძლია იყოს მოძღვარზე უკეთესი და პირველს აჯობოს გვაინ მოსულმა, რამეთუ მეუფე მეათერთმეტე ჟამს მოსულთაც შეიყნარებს. გამცემი მოციქულთა შორისაც აღმოჩნდა და რაღა გასაკვირია, ეპისკოპოსთა შორისაც რომ იფეთქოს ძმათმოძულებამ? მაგრამ ეს ნიშანი ეპისკოპოსებს კი არ ეხება მხოლოდ, არამედ ერისკაცთაც, რამეთუ ქრისტე ბრძანებს: "და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:12).
---
მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულით დაიკვეხნოს? განა უმეტესად პირით არ გვაქებენ, გულში კი ხაფანგს გვიგებენ მზაკვარნი, მშვიდობაზე ლაპარაკობენ და ბოროტს კი იზრახავენ (ფსალმ. 27:3).
---
8. აი, კიდევ ერთი ნიშანი: "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14). დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღვსილია სწავლებით ქრისტეს შესახებ.
----
9. იქვე გვაუწყებენ თუ რა იქნება ამის შემდეგ: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)... მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით" (მათე 24:15, 23). ძმათმოძულეობა უკვე ანტიქრისტეს უთმობს ადგილს, რამეთუ ესმაკი ერებში წინდაწინვე წარმოქმნის განხეთქილებებს, რათა როდესაც ანტიქრისტე მოვა, იოლად მიიღონ იგი. ნუ დაუშვებ, ღმერთო, რათა ქრისტეს მსახურთაგან, აქ ან სხვა რომელიმე ადგილას მყოფი შეუერთდეს ამ მტარვალს, რომლის აშკარა ნიშანი წარმოგვიდგინა თავის ეპისტოლეში მოციქულმა პავლემ: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს.რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას.და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით,ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (2 თესალონიკ. 2:3-10).
---
აი, რას ამბობს პავლე. განდგომილება დღესაც არის, რამეთუ ადამიანებმა უღალატეს ჭეშმარიტებას; ზოგიერთები ძე-მამობას ქადაგებენ, სხვები კი იმას ამტკიცებენ, თითქოსდა ქრისტე არარსებობიდან არსად (ანუ ყოფიერებად) ყოფილიყო მოყვანილი. ადრე აშკარა მწვალებლები იყვნენ, ამჟამად კი ეკლესია აღივსო ფარული მწვალებლებით. დიახ, ადამიანები განუდგნენ ჭეშმარიტებას და "ყურის მოსაფხან" (2 ტიმ. 4:3) მოძღვრებებს მიექცნენ, ხოლო ჭეშმარიტ ქადაგებას უყრუებენ. უმეტესი ნაწილი განუდგა მართებულ მცნებებს. ბოროტებას უფრო ადვილად ეგუებიან, ვიდრე სიკეთეს. აი ის განდგომილება, რომლის შემდეგადაც უნდა ველოდოთ მტარვალს; და მანაც უკვე ნელ-ნელა დაიწყო თავის რჩეულთა მოვლინება, რათა გზა მოუმზადონ კაცთპყრობად.
----
ამიტომაც, თავს გაუფრთხილდი, ადამიანო, და განმტკიცდი სულიერად. ეკლესია მოწმობს შენთვის ცოცხალი ღვთის წინაშე და დროზე ადრე გაფრთხილებს ანტიქრისტეს შესახებ, და გაფრთხილებს მანამ, სანამ ის გამოჩნდება. მოხდება თუ არა ეს შენს სიცოცხლეში, არ ვიცით, არც ის ვიცით, მოხდება თუ არა ის შენს შემდეგ, ამიტომაც, რაკიღა წინასწარვე უწყი ყოველივე, კარგი იქნება თუ სიფრთხილეს გამოიჩენ
---
10. ჭეშმარიტი ქრისტე, ღმრთის მხოლოდშობილი ძე, ამა ქვეყნით (ე. ი. შობით) აღარ მოვა, ამიტომაც, თუკი, ვინმე ცრუ ხილვებით გამოგეცხადება უდაბნოში - არ გახვიდე! და თუ გეტყვიან: "აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით" (მარკოზი 13:21). ასე რომ, მიწას ნუ მისჩერებიხარ, რადგან ზეცითგან მოვალს მეუფე, და არა მარტო, როგორც ადრე, არამედ მირიად ანგელოზთა თანხლებით; საიდუმლოდ კი არა, როგორც ცის ცვარი გადმოვიდა საწმისზე, არამედ აშკარად, ელვასავით გაანათებს, როგორც თავად ბრძანა: "როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მათე 24:27); ასევე: "და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე" (მათე 24:30-31).
---
11. თუმც, როგორც ადრე, ანუ ქრისტეს განკაცებამდე, როდესაც ქალწულისგან ღმრთის შობას ელოდნენ, ეშმაკმა შეგნებულად დაამახინჯა ჭეშმარიტება და კერპთაყვანისმცემლური საარაკო სწავლება შეთხზა, რომლის მიხედვითაც ქალწულთაგან ცრუ ღმერთები იშვებოდნენ და იშვებიან და ეს იმისთვის ქმნა, რომ შეწყნარებულ ყოფილიყო ეს სიცრუე და საეჭვო გამხდარიყო ჭეშმარიტება; ასევე, ჭეშმარიტი ქრისტეს მოსვლის წინაც მტერი, უბრალო ადამიანთა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთა (ე. ი. იუდეველთა - მთარგმნ.) საცდურად, სასოებას მიაქცევს რა თავისი მოსვლის მოლოდინად გამოაგზავნის ვინმე მოგვს, ჯადოქარს, რძნეულების უმსგავს და მაცდურ ხელოვნებაში გაწაფულ ბოროტ ადამიანს, რომელიც მიიტაცებს რომის სამეფოს ძალაუფლებას, თავს ქრისტედ გამოაცხადებს და ამ სახელით მესიის მომლოდინე იუდეველთა მოტყუებას შეეცდება, წარმართებს კი მოხიბლავს გრძნეულებითა და ჯადოქრობით
---
12. ხოლო ნაწინასწარმეტყველევი ანტიქრისტე მაშინ მოვა, როცა რომის სამეფოს დრო ამოიწურება და სამყაროს აღსასრული მოიწევა. ათი რომაელი მეფე ერთად აღზევდება, და შესაძლოა სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ერთსა და იმავე დროს გამეფდება. მათ შემდეგ მეთერთმეტე იქნება ანტიქრისტე; იგი ბოროტი ჯადოსნური ხელოვნებით მიიტაცებს სამეფოს. სამს იმათგან, ვინც მასზე ადრე გამეფდებიან დაამხობს, შვიდს კი დაიმორჩილებს. ანტიქრისტე თავს მოაჩვენებს კეთილ, გონიერ და საღად მოაზროვნე კაცად; გამოიჩენს კაცთმოყვარებას; მაცდუნებელი და მომხიბლავი ჯადოქრობით, ნიშებითა და სასწაულებით ჯერ მესიის მომლოდინე იუდეველთ მოხიბლავს, შემდეგ კი არაადამიანურობითა და უსჯულოების ბოროტი საქმით გამოამჟღავნებს უღვთოებას, თანაც იმ ზომით, რომ ბევრად გადააჭარბებს მანამდე მცხოვრებ ყველა უსამართლო და უკეთურ ადამიანს.
კაცთმოძულეობა და უმოწყალობით გამძვინვარებული, განსაკუთრებულ სისასტიკეს გამოიჩენს ქრისტეანთა მიმართ. მისი ასეთი მძვინვარება 3 წელსა და 6 თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მხოლოდშობილი ღმრთის ძის, უფლის ჩვენისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს ზეცითგან დიდებით მეორედ მოსვლის დროს აღიხოცება. ქრისტე მოკლავს ანტიქრისტეს "თავის ბაგეთა სულით" (2 თესალონიკ. 2:8) და ჩააგდებს გეჰენას.
---
13. ყოველივე ამას ჩვენი გამონაგონიდან კი არ გაუწყებთ, არამედ ეკლესიაში ქადაგებული წერილიდან, განსაკუთრებით ამასწინათ წაკითხული დანიელის წინასწარმეტყველებიდან; სადაც გაბრიელ მთავარანგელოზის განმარტებით: "მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას" (დანიელი 7:23). ეკლესიი მამები თვლიან, რომ ლაპარაკია რომაელთა მეფობაზე. პირველი სახელგანთქმული სამეფო ასირიელთ ჰქონდათ; მეორე - მიდიელთ; მათ შემდეგ, მესამე - მაკედონიელთ; ხოლო მეოთხე სამეფო, რომელიც დღესაც დგას, არის რომაელთა სამეფო; შემდეგ გაბრიელ მთავარანგელოზი თანამიმდევრულად აგრძელებს განსჯას და ამბობს: "ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს" (დანიელი 7:24). ასე რომ, აქ ლაპარაკია არა მხოლოდ იმ ათზე, არამედ ყველა იგულისხმება, ვინც მანამდე იყო. "და სამ მეფეს დაამხობს" (იქვე). ეს სამნი, როგორც ჩანს, ამ ათიდან უნდა იყვნენ. და, როგორც კი ამ სამს დაამხობს, უეჭველად, მერვედ თვითონ გამეფდება. "უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს" (დანიელი 7:25). ის იქნება ღმრთისმგმობარი, რომელიც მეუფებას წინაპართაგან კი არ მიიღებს, არამედ გრძნეულების მეშვეობით მიიტაცებს.
----
14. ვინ არის ეს კაცი და როგორი ძალით იმოქმედებს განგვიმარტავს პავლე სიტყვებით: "მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9). მიგვანიშნებენ, რომ სატანა გამოიყენებს მას, როგორც იარაღს და მისი მეშვეობით იმოქმედებს, რადგანაც ისიც, რომ უკვე აღარავინ შეიწყალებს სამსჯავროზე და ამიტომ აშკარად გაილაშქრებს არა თავის მსახურთა სახით, არამედ უშუალოდ თვითონ "მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით".
სიცრუის მამა ყალბი სასწაულებით დაატყვევებს მრავალთა ცნობიერებას, თანაც ისე, რომ ხალხს ეგონება, აჰა, მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულებს ვხედავთო, მაშინ, როდესაც ისინი მკვდრეთით არავის აღუდგენია; იხილავენ, როგორ უნაკლოდ გაივლიან კოჭლნი, ბრმებსაც თითქოსდა თვალი აეხილებათ, მაგრამ სინამდვილეში არავითარი განკურნება არ მოხდება.
----
15. და კიდევ ბრძანებს პავლე: "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). რომელ ტაძარში? ეს იქნება იუდეველთა დანგრეული ტაძარი და არა ის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. რატომ ვამბობ ამას? ნურავინ იფიქრებს, თითქოსდა თავის ვიმშვიდებთ. თუკი მას სურს ქრისტეს სახელით მოვიდეს იუდეველებთან და მათგან თაყვანისცემას ინებებს მაშინ, უმეტესად რომ აცთუნოს, განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ მათი ტაძრისთვის გამოიჩენს და იმის მინიშნებით, რომ დავითის მოდგმისაა, დაარწმუნებს მათ, რომ სურს სოლომონის აშენებული ტაძრის აღდგენა, ხოლო ანტიქრისტე მაშინ მოვა, როდესაც სოლომონის მიერ აშენებული ტაძრისგან ქვა ქვაზე არ დარჩება, რომელიც ან თვითონ დაინგრევა სიძველისგან, ანდა დაანგრევენ იმ მიზნით, რათა ახალი ააშენონ, ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზით აღიგვება პირისაგან მიწისა და მისი ქვები გაიფანტება. მე გარეგან ტაძარზე კი არ ვამბობ მხოლოდ, არამედ წმიდა წმიდათაზე, რომელშიაც ქერუბიმები იმყოფებოდნენ. და აი, სწორედ მაშინ მოვა ანტიქრისტე თავისი ცრუ სასწაულებით; ჯერ პირმოთნეობით კაცთმოყვარებას გაითამაშებს, ხოლო შემდეგ გამძვინვარდება, განსაკუთრებით კი ღვთის წმინდანებზე ამხედრდება, რადგანაც დანიელი ამბობს: "მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ" (დან. 7:21); და კიდევ სხვა ადგილას: "იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება" (დან. 12:1).
საშინელია ეს მხეცი, დიდი ურჩხული, კაცთაგან დაუძლეველი, რომელიც მზად არის, "ვინმე შთანთქას". მასზე კიდევ ბევრი რამის თქმა მოგვიწევს წმიდა წერილიდან, ამჯერად კი ჟამის სიმცირის გამო, ეს ვიკმაროთ.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1