ვახ ! ჩემო ქართველობავ ,საიდან მო+სულ+ხარ ? როგორ მო+სულ+ხარ? ან საით მიდიხარ? ? ?
დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.
დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...
ყარა ცხენები ჯირითობდნენ ტყის განაპირას,
ღოლოიანში თათრის გოგო ძროხას მწყემსავდა,
ნაგუთნი მიწა - სათოვარი ღრუბლის ნატირალს
შავი ტუჩებით ჟინმოსული სვამდა და სვამდა.
ბელტზე ჩამოვჯექ, გულს მოაწვა მომწარო შური,
აღსდგა წარსული წინაპართა მითის მთხრობელი;
ნეტავ ამ ფურებს მომწყემსავდეს ქალი ხევსური,
უფრო ამაყი, მშობლიური და მახლობელი.
თათრის ასულო, მომაჩერდი ასე რისათვის,
ფიქრობ მაგ თვალთა სიმუქეში ჩავიქარგები,
ეჰ, შენ რა იცი, ერთი მუჭა ამ მიწისათვის,
სისხლისგან როგორ იცლებოდნენ გურჯთა ძარღვები.
თათრის ასულო, მოზამბახე ბაგე რომ გიკრთის,
თითქოსდა ჩემში დაეძებდე სუსტსა და უძლურს,
არა! ამ სისხლში არ დამშრალა გენი დავითის,
მე ქეთევანი მაწოვებდა დაშანთულ ძუძუს...
ვიჯექი დიდხანს, პანორამა სთვლემდა მეფური,
არე ველური, ლურჯი ნისლით შემოგარსული,
ლამაზი იყო, ღმერთო ჩემო, თექვსმეტი ფური,
ღოლოიანში ოცნება და თათრის ასული.
ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე და ვთქვა:
„არაწესიერი ქალის შვილი ვიყო“;
ხშირად შევიგინო „ჩემი დედა“,
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს, შეიძლება,
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო,
თმები გავიშალო კულულებად,
ცხვირზე საყურე გავიკეთო;
კანაფი გავაბოლო,
კუბები მოვითვალო,
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა;
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო, -
გერები მივიღო საკუთრად.
ვინატრო ანტალია, ან ის რიო, -
სულ არ გავიხსენო ვარძია;
როკზე და რემიქსზე გადვირიო, -
ქართულზე ჩავიუბნო: „ ბანძია!“
ხშირად ვიწუწუნო: „დედა, მამა მშია,
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო;
დავკარგო ყველაფერი, რაც კი გამაჩნია,
მაგრამ ქართველობას რა ვუყო?!
გელა დაიაური
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 2