ჩემს ტკივილზეც ამოვა დეკა,
გადიხრებიან მთის კალთებზე
მინდვრის თავები,
ასე ადრიან ეს ღრუბლები
ვინ გადმორეკა,
პირქუშად მდგომნი,
მკაცრები და ასე შავები.
რა სიდიადე დაჰყოლიათ
მაღალ ჩანჩქერებს
სულ სხვა ხიბლი აქვს
მთის კალთებზე ღამეებს ნათევს,
რა გინდ მტკიოდეს,
ასე ჩუმად რა გამაჩერებს,
ვიტყვი, ვიმღერებ
და ყველაფერს გავუმხელ ამ მთებს.
გამთენიისას დაწერილი
სულ ბოლო სტროფი,
ვერ გამიწყვიტავს სამყაროსთან
სულის კავშირებს,
მე, დავიბადე
სიყვარულში უგონოდ მყოფი,
უსიყვარულო დღეებივით
ვერც რა მაშინებს.
ვიღაც უთუოდ დამიკრიფავს
ნაწვიმარ დეკას,
მაჩუქებს იმედს,
გამიქრება ზმანება მწარე
და როცა ქარი პირქუშ ღრუბლებს
კვლავ გადმორეკავს,
დავხვდები ცრემლით_შემშრალი
და პირ_მომცინარე.
/ნანა მეფარიშვილი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев