მაღალ–ფარდოვანს არა ვცნობ სიტყვას,
ბრჭყვიალა ნივთებს კაპიკად არ ვთვლი,
უბრალო იყო, რაც დღემდე მითქვამს,
უფრო უბრალო, ისიც რაც არ ვთქვი.
არ ვიშველიებ სხვის ნათქვამ ფრაზებს,
ვაღმერთებ სიტყვას უბრალოდ მართალს,
თითს არ ვაყოლებ გავლებულ ხაზებს,
არ ვიმეორებ ვიღაცის ნათქვამს.
არც დიადემა არ მომიხდება,
ერთი გვირილა დამატყობს ღიმილს,
ხშირად ნატვრებიც თუ არ მიხდება,
უბრალო ლექსით ვიყუჩებ ტკივილს.
ოქრო და ვერცხლი სათქმელად არ ღირს,
მდიდარს ვარამი სხვაგვარიც ახლავს,
გაასვენებენ დოვლათით დაღლილს
და სასუფეველს ვერასდროს ნახავს.
ძვირფასი თვლებით რად მინდა კაბა,
როცა უბრალო ემოსა უფალს...
მე კი ცოდვილმა, რაღა ვთქვა აბა,
იმაზე მეტი, რაც არვის უთქვამს.
თვალისმომჭრელი მიყვარს სინათლე,
სინათლე, მხოლოდ სანთლების ცეცხლის,
უბრალო სიტყვით თქმული სიმართლე,
ხმა საკუთარი, სხვა რომ ვერ შესცვლის.
რამდენჯერ მიწას მოვსწყვიტე მზერა,
დავეცი...და ჩემს თავზე ვბრაზდები.
არ მინდა ლექსის ამაყად წერა,
არც მოფენილი ფიანდაზები.
ფიქრშიც კი, როცა გავივლე ავი,
ვინანე, ესეც ცოდვად გამყვება,
ზეაწეული, რად მინდა თავი,
როცა უფალი გვერდით დამყვება.
მართალი მზერით მინდა ვიარო,
ერთი გვირილა თმებში მშვენოდეს,
უფალო, ჩემში შენ იხმიანო,
და ამ უბრალო სიტყვის გჯეროდეს.
/ნანა მეფარიშვილი/
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев