ლოთმა თვალები დახუჭა და დიდი ხნის შემდეგ კვლავ რომ გაახილა, ჭაღარა ქალი ზღურბლს იქით იდგა შემცბარი, მაგრამ რაღაც შემაზრზენად სახეღვთიური.
- ვინა ხართ თქვენ, ქალბატონო? - ჩურჩულით ჰკითხა ლოთმა.
- ერთი საათია აქ ვდგავარ და დაკაკუნებას ვერ ვბედავ... - უპასუხა ქალბატონმა.
- ვინა ხართ თქვენ, ქალბატონო? - გაუმეორა კითხვა ლოთმა.
- თქვენი კარი მესამე კარია, ვერც ერთზე ვერ გავბედე დაკაკუნება, ალბათ ვერც აქ გავბედავდი, თქვენ თვითონ რომ არ გაგეღოთ...
- რა გნებავთ ჩემგან, ქალბატონო?
- მათხოვარი არ გეგონო, შვილო, - ქალს ხმა აუთრთოლდა. - დედა ვარ!
- ვისი დედა?! შეეშინდა ლოთს.
- ჯარისკაცის დედა ვარ, - ქალი გაჩერდა, რადგან ვეღარ ლაპარაკობდა... მერე, როგორც იქნა, განაგრძო: - ცნობა მივიღე, შვილი მიწევს ჰოსპიტალში მომაკვდავი და უნდა ჩამოვიყვანო... რადაც არ უნდა დამიჯდეს, სირცხვილად, ნამუსად, სიკვდილად, ზურგით ფორთხვით, მაგრამ უნდა ცამოვიყვანო...
„ჩემგან რა გნებავთ, ქალბატონო?!“ - ლოთმა ეს თვალებით ჰკითხა.
- მათხოვარი არ გეგონო, შვილო დედა ვარ, ფული მინდა, გზის ფული.
„თბილისის კეთილშობილო მოქალაქენო!..“ - ჩაესმა ლოთს ყურში საკუთარი ხმა.
„მერე ჩემთან რამ მოგიყვანათ, ქალბატონო?“ - ლოთმა ესეც თვალებით ჰკითხა.
- არ გამაწბილი, შვილო, არ დამღუპო, სხვა კარს მე ვეღარ მივადგები, ეს კარი უკანასკნელი იყო... - ქალმა თვალი დახარა, ლოთმა დაინახა, ქალის შავი, გაცვეთილი ფეხსაცმლის წვერს როგორ დაეცა ცრემლის რამდენიმე წვეთი, მან აცახცახებული ხელებით სწრაფად ამოიღო ჯიბიდან დაკუჭული, დაფლეთილი, ნაწვალები ფული და ქალს გაუწოდა. ქალს ხელი არ გამოუშვერია, მაშინ ლოთმა ძალიან ფრთხილად ქალს ფული უბეში ჩაუკუჭა, მერე ჯიბეები ამოიტრიალა და ისე დადგა ქალის წინაშე. ქალი კი იდგა და ტირილს განაგრძობდა, ლოთი მიხვდა, რომ ქალს მადლობის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მაშინ იგი ნელ-ნელა დაეშვა ორთავე მუხლზე, ფეხზე ემთხვია ქალბატონს და თავად უთხრა მადლობა:
- გმადლობთ, დედა!
და როდესაც კვლავ ასწია თავი, რათა ქალისთვის სახეში შეეხედა, ქალი აღარ იყო, ხოლო ზღურბლთან, იმ ადგილას, სადაც ქალი იდგა, დაფლეთილი, დაკუჭული და ნაწვალები ფული ეყარა.
- ღმერთო ნუთუ ესეც მოჩვენება იყო...
ოთახში მოშვებული ონკანიდან წყალი მოწანწკარებდა, ლოთს აღარ სწყუროდა, მის გამშრალ სასას და ყელს საიდანღაც გასჩენოდა სისველე, მაგრამ იგი წყალს არ ჰგავდა, თბილი იყო მლაშე.
ქუჩაში თენდებოდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1