**************************************
კარის სახელურს ანაბეჭდი შერჩა თითების,
დღემდე წაუშლელ ნაკვალევად, ლაქად ატყვია
და თუ ცხოვრების მძიმე აღმართს დავაკვირდებით,
დრო ვეღარ შველის დაცხრილული გულის ნატყვიარს.
ეზოშიც თითქოს ნაფეხურებს ვეღარ შლის წვიმა,
ბაღში აჩრდილად დედის ხელი მარგლის ყვავილებს,
შვილს დედის მზერა მოხვევია სიზმარში მძივად,
სევდა ტკივილად ეხეთქება გულის ნაპირებს.
კედლის კალენდარს, გახუნებულს და ვადაგასულს,
მკრთალ ლაქასავით შერჩენია თვე და რიცხვები,
დედის წასვლის დღე წითლადაა, სახლიდან წასულთ,
პასუხი არ გვაქვს დაბრუნების, ნუ გაგვიწყრებით.
ვიცი, ძილის წინ სევდიანად ფიქრებში წასულთ,
გადაგეშლებათ უდარდელი ლაღი ბავშვობა,
მარტოდ დარჩენილთ, წლებგამოვლილ, ასაკით ზრდასრულთ,
შეგეგებებათ კვლავ "უდედო" ახალგაზრდობა.
თქვენ მონატრებას ცხრა მთას იქით ტკივილად ვიგრძნობთ,
სასოწარკვეთით ხატების წინ დავიჩოქებით,
ლოცვას შეგაწევთ, იქნებ ჩვენი ფერება იგრძნოთ,
ჩვენ გმირები ვართ და გმირებად დავიხოცებით.
გახსოვდეთ შვილო, სიმდიდრეა ქვეყნად კაცისა,
უბრალოება, სინდისი და სითბო გულისა,
ღმერთი აროდეს გაგწირავთ და ყველგან დაგიცავთ,
თუკი ირწმუნებთ და იქნებით წმინდა სულისა.
გულზე მომეშვა, ლექსადა ვთქვი ჩემი სათქმელი
და თუ შეისმენთ, არ წააგებთ, ნება თქვენია,
მინდა იცოდეთ, დაე გერქვათ ნაღდი ქართველი
და ვინც პირველი გაიხარებს, დედათქვენია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев