<3 <3
მე გავაჩინე, ჩემი შვილია...
თუ გნებავთ, მკერდი მომკვეთეთ ახლა.
ყოველი წუთი - ეს იგივეა,
რაც მიჯრით გულში ტყვიების დახლა.
ჩემი პირმშოა... ნაწილი - ჩემი.
ჩემი გული და ჩემი სხეული...
ასეთიც მიყვარს, ასეთიც მტკივა -
ქურდიც, მეძავიც, ლოთიც, სნეულიც!...
მე ვათენებდი მასთან ღამეებს,
პირველ ნაბიჯებს მასავით ვდგამდი...
მას რომ დაცემულს სისხლი სდიოდა,
ის სისხლი გულში მე ახლაც დამდის.
ჩემი შვილია... ჰო, ჩემი, ჩემი.
ახლა თუ გნებავთ, მომკვეთეთ მკერდი.
რომ ვჭირდებოდი, მე დავეხმარე,
მე დავუდექი ბეჩავი, გვერდით!...
ნარკომანია, კახპა, თუ გეი...
შვილია ჩემი, შვილია ჩემი...
თქვენ ვერ მიხვდებით, რა დარდი მძიძგნის,
თქვენ ვერ გაიგებთ რა ხდება ჩემში...
სხვანაირია, არავის არ გავს,
და ეს სხვაობა ჭკუიდან შემშლის!...
მე ვიღიმები... ზოგჯერ ვღიღინებ...
მან რომ არ იგრძნოს სულის ქვითინი...
მე ახლაც მესმის ცრემლიან ცხადში,
მისი ბავშვური ხმა და ტიტინი....
მე გავაჩინე, ჩემი შვილია!...
მე ვაგებ პასუხს მისთვის და მასზე!..
და მაინც ყველამ, და მაინც ყველამ
ილაპარაკოს საკუთარ თავზე...
/მარიამ კოზმანიშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4