"7 შვილი გავზარდე, 6 გოგოს შემდეგ ბიჭის შეძენამ მთელი გვარი გააბედნიერა. 24 შვილიშვილი მყავს, 26 შვილთაშვილი და ოთხიც ბადიში (მეოთხე თაობა). 19 წლისა გავთხოვდი, სამი შვილი რომ გამიჩნდა, მერე ჩავაბარებინე ქმარს სასწავლებელში, პარტიული მუშაკი გახდა, ერთმანეთს მხარს ვუბამდით და გაგვქონდა უღელი. სამწუხაროდ, აგერ უკვე 40 წელია, ქმარი გარდამეცვალა.
ადრე გაჭირვება იყო, ფული რომც გქონოდა, ტანსაცმელს ვერ ნახავდი რომ გეყიდა. საღამოს ვრეცხავდი ბავშვის ტანსაცმელს, ვფენდი ღუმელთან, რომ დილამდე გამშრალიყო და გაღვიძებული ბავშვისთვის ჩამეცმია. ეს ტანსაცმელი გადადიოდა ბავშვიდან ბავშვზე - სანამ ბოლომდე არ გაიცრიცებოდა,
მანამდე ვაცმევდით, არ იყო სხვა და რა გვექნა?! ახლა ერთ ბავშვს იმდენი ტანსაცმელი აქვს, ამით ძველ დროს 20 ბავშვს გაზრდიდი.
დაბა ხულოში ვცხოვრობ. ერთი საუკუნის ვარ და რომ დავიწუწუნო ფეხი მტკივა-მეთქი, მგონი არ იქნება სირცხვილი. სიარული ცოტა მიჭირს, მაგრამ მხედველობა მაქვს ძალიან კარგი. დილით ვდგები, ვჭამ, ფანჯარასთან ვჯდები და ვიწყებ ქსოვას. იმდენი შვილიშვილი, შვილთაშვილი და კიდევ ოთხი ბადიში მყავს, რომ მოსაწყენად არ მცალია, ვქსოვ ფერად-ფერად წინდებს და ვჩუქნი მათ..."
წყარო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 40