
მკერდში გულივით ვაყეფებდით ეზოს მურიებს,
მაჯებს თვალებით ვდარაჯობდით პაპის შენახებ,
ხელებს და მერე ხმას ტირილი გამოვურიეთ.
რომ აღარ გვესმის გულის წყრომა, როცა კრამიტებს,
ფეხით ვბზარავდით და ქვემოდან პაპა კაკუჩით,
სახლის სახურავს შესცქეროდა (ახლა ვამეტებ)
რადგან არასდროს არ უთქვია მწარე ლაყუჩით
ნათქვამი სიტყვა, ან გადაკვრით, ანდა მრისხანე...
ოქროს მაძებარ, გამწარებულ ქურუმებივით,
და ჩვენც ვენებში აღარ დაგვრჩა ერთი მისხალი,
რადგან პაპის ხმა აღარ გვესმის ყურ-უმებივით
რომ არაფერი აღარ შეგვრჩა, მხოლოდ ის ხალი,
ზურგზე რომ დაღად გვამჩნევია გვარის ბეჭედად,
ღმერთის ხელივით რომ გვწყურია ახლა მთის წყალი,
და მხოლოდ სუფრებს მივუძღვებით არც თუ ბეჯითად.
ტუჩებს უკნიდან წამოგვცდება ზოგჯერ ვაება,
ხან უფრო მწარე ამოგვხდება პირის კარიდან,
რომ ოცნებებიც პაპის მსგავსად, მიწებს ჩაება...
და ბედისწერა კარს გვიკეტავს მუდამ გარედან.
ცხელი ფოლადის მსგავსად ვდუღვართ, აი სიმართლე !
ძილი დილისკენ უფრო გვხიბლავს ვიდრე ღამეში,
და გვახსენდება ტყეები და მდინარეები,
ცივი "ჩვეშური" "ლათქიშორა" და "მუხამეში"
და ცუდა ღამეში აკივლებულ ტურებს მოვგავართ.
ლეღვის ხეებში აზელილი შავი ჩრდილებით,
და საფლავებთან ფეხს კი არა, გულებს მოვყავართ,
მერე ვმშვიდდებით როცა ვხედავთ მოსვლა ვინებეთ.
ქვას, ხელის გულით ჩამოვბერტყავთ მტვერს და მტვრიანი,
ხელითვე სანთელს გავამზადებთ, თავთან მისაკრავს,
და მთავარ ცოდვას ქვასთან ვიტყვით ("დავაგვიანე")
რაც გვიხარებდა ერთ დროს გულებს ახლა ისა გვხრავს
შიგნიდან, ჰოდა მოვერიეთ აი თავებსაც,
პირდაღებული თევზებივით სასას გვიციებს,
ანკესნაჭამი მატლებივით გვაცმევს კავებზე,
მოგონებები, და მკერდს შიგნით გულებს გვისიებს.
როგორც შარშანწინ, წელსაც მწიფდა პაპის ვენახი,
მკერდში გულივით ვაყეფებდით ეზოს მურიებს,
მაჯებს თვალებით ვდარაჯობდით პაპის შენახებ,
ხელებს და მერე ხმას ტირილი გამოვურიეთ.
ავტ:/ზურა ბუდაღაშვილი/ Zura Spec


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев