ყოველთვის ვთვლიდი , რომ ადამიანები გზადაგზა კარგავდნენ გრძნობებსა და ემოციებს. დღევანდელი დღე ალბათ მხოლოდ იმიტომ ღირდა , რომ ეს ადამიანი გამეცნო. საავადმყოფოს მოსაცდელში , სახე წეშლილსა და დაღლილს მისმა ტირილმა ცოტაოდენი სიფხიზლე შემმატა. მისი მეუღლე საშინელი დიაგნოზით მოიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში , თვითონ პალატაში ვერ შეჰყვა , ვერ ვუყურებ ასეთ დღეშიო. დივანზე ჩამოჯდა , დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს და გულზე მუჭების ცემით მოთქვამდა. შვილს ველოდები , ამერიკიდან მოდისო...
სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ უძლურებას რასაც ეს მოხუცი განიცდიდა. მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო , მაგრამ არაფრად ჩანდა იმ ტკივილთან რაც ამ უთბილეს ადამიანში იყო ჩაბუდებული.
მე მინახავს თვალები , უიმედობით გაჟღენთილი , მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებზე ლამაზი არაფერია.
გამოსვლისას , დერეფანში მომლოდინე ერთ-ერთმა პაციენტმა დასამშვიდებლად უთხრა :
- კაცი არ ხარ ?! რა გატირებსო.
მისი ხმადაბალი პასუხი კი ალბათ სულ თან გამყვება :
- ,,ჩემს გამო კი არა , მისი ტკივილებისთვის ვტირი. როგორ მძულს სიბერე... განა ცრემლიანი ნაკლებად ვეყვარები ?! გადამირჩინეთ და თუგინდ მთელი სახლი გამიყიდეთ. უიმისოდ რა ფასი აქ."
ჰო... სიყვარული არსებობს ! ნაოჭებიან სახეზე ცხოვრობს და დარდნაგორები ხელებით უჭირავს მომაკვდავი მეუღლის ღონემიხდილი თითები...
,, ნეტავ ასე შემიყვაროს ვინმემ" დარდიანად ამოიოხრა ვიღაცამ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8