ეს წერილი, ერთ ერთი, ჩემი მეგობრის ცხოვრებისეულმა დრამამ დამაწერინა...
ნიავივით ჩაგიქროლათ, განთიადის მზის სხივებივით დაგატყვევათ მისმა მშვენიერებამ. გული აგიჩქარდათ, სუნთქვა შეგეკრათ,ირგვლივ ყველაფერმა აზრი დაკარგა მის გარდა და იგრძენით, ის რაც არასდროს გიგრძვნიათ, ენით აუწერელი ბედნიერება, რომლის სათავეც სწორედ ის იყო ვინც თავდავიწყებამდე შეგიყვარდათ. მთელი თქვენი ქარიზმა, ნიჭი, უნარი მომართეთ მისი გულის დასაპყრობად.
შეუყვარდით, უზომოდ შეუყვარდით. თქვენც მის გარეშე სიცოცხლე ვერცერთი წამით ვერ წარმოგედგინათ.
დრო გადიოდა. თქვენთვის საყვარელი და სანატრელი ქალი ზრუნავდა თქვენზე და თქვენს შვილებზე, ისე როგორც შეეძლო, თავს არ ზოგავდა. ამ ზრუნვაში ულამაზესი წლები ეფანტებოდა თითებს შუა, მაგრამ არ ნანაობდა, მას ხომ თქვენ ჰყავდით. წლების მარათონში, მის მშვენიერებას დაეტყო დროის ლაქები, მის ულამაზეს თვალებს კი დაღლილობა შეემატა.
მერე?
მერე ყველაფერი შეიცვალა. თქვენ შეიცვალეთ.
ბევრი ფიქრი არ დაგჭირვებიათ, საკუთარი ცხოვრების გასახალისებლად სხვა ქალი მოგეძებნათ. მოძებნეთ კიდეც. ისიც მზად აღმოჩნდა ჩანაცვლებოდა ქალს, რომელმაც ყველაფერი თქვენ შემოგწირათ.
ისევ დაიწყეთ თავდავიწყებით ცხოვრება, იმ იმედით რომ, სხვა ქალის მკერდში თავჩარგული სიმშვიდესა და ბედნიერებას იპოვნიდით, შეიძლება იპოვნეთ კიდეც, მაგრამ რის ფასად?
ბედნიერება მოიპოვეთ იმ სიყვარულის სანაცვლოდ, რომელიც ოდესღაც სამუდამო გეჩვენებოდათ.
ახლა კი, ბედნიერებისთვის წუთებს იპარავთ, ცდილობთ სხვისგან ფარულად დაურეკოთ და დიდხანს ესაუბროთ მას, მაშინ როდესაც, თქვენს გვერდით, იმ ქალს სძინავს, რომელმაც ულამაზესი წლები შემოგწირათ.
თქვენთვის ის, მხოლოდ, თქვენი შვილების დედაა და სხვა არაფერი. აღარ გიზიდავთ, აღარ მოგწონთ მისი დანისლული, სხივჩამქრალი თვალები. არადა რა მარტივი იქნებოდა, მის თვალებში ბედნიერების სხივის აკიაფება, ერთხელ მაინც რომ მოგენდომებინათ, ერთხელ მაინც რომ დაგენახათ მასში, ის მშვენიერი გოგონა, რომელმაც წლების წინ მოგაჯადოვათ.
არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება მოგმართოთ, მაგრამ მაინც გავკადნიერდები და
თხოვნით მოგმართავთ, მათ ვისაც, ეხება რაც აქ დავწერე.
ნუ წაეპოტინებით მოპარულ ბედნიერებას, ნუ გექნებათ იმედი, რომ სხვა ქალი იმ ქალზე მეტად შეგიყვარებთ, ვინც ყოველდღე, ყოველწამს მოუთმენლად გელოდებათ. დამიჯერეთ სიყვარულის და საყვარელი ადამიანის ჩანაცვლება შეუძლებელია.
უკეთესის ძიებაში ნუ დაკარგავთ, ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასს, ქალს, რომელიც ოდესღაც სიცოცხლეზე მეტად გიყვარდათ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 22