ვუძღვნი ყველა ემიგრანტ დედას.
ამ ცივ, უცხო მიწაზე, ვინ იცის, რამდენჯერ დაადგა ფეხი, რამდენ უცხო თვალს შეეფეთა, ზოგს დამცინავს, ზოგს თანაგრძნობით სავსეს. აქ, ამ ქვეყანაში უკვე ჰაერიც აღარ ყოფნიდა, მონატრებოდა თავისი სოფლის გორაკიდან მონაბერი ნიავი, გათენებისას მამლის ყივილი, ქათმების კაკანი, მენახირის ხმაურიანი შეძახილი, ენაკვიმატი მეზობლები.მონატრებოდა დილით დაცვარულ ბალახზე ამოსული ქამა სოკო, რომლებიც ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულყვნენ ნამისგან აბჭყვიალებულ მწვანედ მოხასხასე ბალახზე.აქ კი თითქოს სამყარო დასასრულს უახლოვდებოდა, ჩამკვდარიყო ყველაფერი. ადამიანებს უკვე რობოტებად აღიქვამდა. ყველა თავის ტყავში შემძვრალიყო, არავინ კითხულობდა, ვის რა უჭირდა. გამუდმებით ესმოდა ზუზუნი, თითქოს სადღაც დაფდაფებს უკრავდნენ.
,,ღმერთო, რატომ გამაჩინე ასეთი, დამტანჯა უსასრულო ლოდინმა. აღარ ვიცი, ვინ ვარ, რა მინდა აქ, როცა ჩემს ქვეყანაზე ლამაზი არსად მეგულება". ასე ესაუბრებოდა თავის თავს შავებში ჩაცმული ქალი, რომელსაც ჯერ შვილი დაეღუპა,მერე კი მეუღლეც და პატარა შვილიშვილიც უფალმა წაიყვანა. მხოლოდ სანთლად ანთებული ერთი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი დარჩენოდა, რომელთა გამოც ვერ იკლავდა თავს.
როცა ქალს ,,ბებია" მოუკვდა, მისი მუშაობაც დასრულდა. დაიწყო მოხეტიალე ცხოვრება. აღარ შეეძლო ისეთ სამსახურში შესვლა, სადაც ადამიანად არ ჩათვლიდნენ. ამიტომ ყველას ეხვეწებოდა,_არ მომატყუოთ, ისეთ ოჯახში შემიშვით, რომ გამეძლებოდეს, მე კი თავს არ დავიშურებ, რომ კარგად ვიმუშავო და ყველას თავი შევაყვაროო, მაგრამ , თითქოს ჯიბრზე, ისეთი ოჯახები ხვდებოდა, იქ ყოფნას უმუშევრობა ერჩივნა. არადა ერიდებოდა ახლობლის ნაქირავებ ბინაში გაჩერება, მაგრამ მეგობრები უყურადღებოდ არ ტოვებდნენ და ყოველთვის გაშლილი გულით ხვდებოდნენ. იცოდნენ, რა ცეცხლი ტრიალებდა უბედური ქალის გულში და ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად შეემსუბუქებინათ მისთვის დარდი და მწუხარება, სამსახურსაც დაეძებდნენ, მაგრამ არა და არ გამოჩნდა.
ამდენმა მწუხარებამ ისე გატეხა, ჭამაც არ უნდოდა. ზოგჯერ მთელი დღე ისე
გავიდოდა, საჭმელი არც ახსენდებოდა, თუ რომელიმე მეგობარი არ გაახსენებდა.
ამასობაში სამი თვე მიიწურა. ქალი დაეხეტებოდა უმუშევარი და ტირილში
ათენ_აღამებდა. იმის შიში უფრო კლავდა, რომ შვილსა და შვილიშვილებს არ მოშიებოდათ. არადა, გულიც აღარ უდგებოდა აქ. თავისი მიცვალებულების საფლავზე
ტირილით გულის მოოხება სიზმრად გადაქცეოდა. თანაც, გული ეთუთქებოდა უსულგულო, სისხლგაყინულ ქართველებზე, რომლებიც წინასწარ თხოულობდნენ ფულს სამსახურის შოვნაში, არადა, ეს ოხერი ფულიც არსად იყო.
ბებია რომ გარდაიცვალა, ხელფასად აღებული ფულის ნაწილი შვილს გაუგზავნა, ნაწილი სიარულში შემოეხარჯა. ახლა კი ბედს მინდობილი დაეხეტებოდა მისი გულივით გაციებულ ქალაქში. ქალს უკვე სიარულიც აღარ შეეძლო, ფეხები დაუსივდა, დაუწყლულდა. ღმერთს ევედრებოდა რომ მოთბინება და გამძლეობა მიენიჭებინა. თვითონ კი ითბენდა, , მაგრამ ვაი ამ მოთბენას. გულზე დაკიდებული მედალიონიდან ქმარ_შვილი და შვილიშვილი უღიმოდნენ და თითქოს ძალას მატებდნენ საბრალოს.
ერთ დღეს, ფიქრებში ჩაძირულს, ქუჩაში მიმავალს, ფეხი წაუბორძიკდა. დასუსტებულმა ფეხებმა ვეღარ შეძლო გამართვა, ქალს თვალთ დაუბნელდა, ,,ვაიმე დედაო", დაიძახა და იქვე ჩაიკეცა.
,,ქართველი ხარ?"სადღაც შორიდან მოესმა მშობლიური ხმა.
...როცა თვალები გაახილა, დაინახა მის გვერდით ჩაჩოქილი ქალი, თავიდან ფეხებამდე შავებში გახვეული. სათნო სახეზე მწუხარება აღბეჭდოდა, გულზე დაკიდებული მედალიონიდან კი პირტიტველა ბიჭი იცქირებოდა.
,,ქართველი ვარ, ჩემო კარგო, ვაი, ჩვენს ქართველობას...." ამოიგმინა ქალმა და ორივე ერთმანეთს ჩაეხუტა.
ტირილით რომ გული იჯერეს, მერე გაეცვნენ ერთმანეთს შვილმკვდარი დედები, რომლებსაც ბედმა არგუნა დიდი მოთბინება, ახლა კი იმედად ქცეულიყვნენ ერთურთისთვის.
ქალებმა ერთმანეთს უამბეს, თავს დამტყდარი ტრაგედიები. დარდის გაზიარებამ, თითქოს ორივეს შვება მოჰფინა, ისე შეუბრალებლად აღარ ეჩვენებოდათ, დედინაცვლად ქცეული დედასამშობლო, ლუკმა პურის საშოვნელად, ბედის ანაბარა რომ გამოყარა უცხო ქვეყანაში. ქალს ისევ ჩაუდგა მუხლში ძალა,გამოაკეთა იმაზე ფიქრმა, რომ ერთადერთი შვილისა და შვილიშვილებისათვის უნდა ეცოცხლა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში, მკვდარი კი არა, ცოცხალი და ჯანმრთელი.
_უნდა დავბრუნდეთ, დაო, უნდა შევძლოთ, გველოდებიან..._ეჩურჩულებოდა ახლადშეძენილი მეგობარი ქალს და დარდისაგან მკვდარ გულში იმედის ნაპერწკლებს უნთებდა...💟💝💘💗💕💔💙❤💚💛💜💞


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4