
სიხარულს გთხოვ, – მწუხარებას მთავაზობ.
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება.
ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ,
და ლაშქარი სვავების და ყორნების,
ცით ღრუბელი, ისე გაიფანტება
და თბილისის მიწას ვეამბორებით.
ხომ უყურებ, როგორც ხვადი ავაზა,
ორთქლმავალი ისე უტევს უკუნეთს,
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ვიხილავთ ირმებსა და ბულბულებს.
ცოტა კიდევ – და იელვებს კრწანისი
და მეტეხის ეკლესიის თავანი,
სადაც წმინდა მაცხოვარის ხატის წინ
ფეხშიშველა ლოცულობდა თამარი.
სიხარულს გთხოვ, – მწუხარებას მთავაზობ,
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев