
ისინი ცოცხლები არიან. მე ორმაგად მიჭირს. მე რუსი ვარ და ჩემმა სამშობლომ მომიკლა შვილი. მაგრამ ის ცოცხალია და დღეს საქართველოს გმირია!“…
ზუსტად ხუთი წლის წინ სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლა საათზე მეტხანს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გაწიეს და გმირულად დაიღუპნენ. ადგილზე, სადაც 17 ქართველი ჯარისკაცი რუსულ ოკუპაციას შეეწირა, სიმბოლური მემორიალია მოწყობილი. მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე _ სწორე ეს ბიჭები დაიღუპნენ იმ დღეს. ამათგან ორი: რუსლან წულაძე და ემზარ წილოსანი ჩვენი რაიონის შვილები იყვნენ.
11 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი, გამგეობის ვეტერანთა საქმეების განყოფილების უფროსი შოთა ფირცხალაიშვილი, სპეციალისტი ელგუჯა ჩხაიძე, ნიგოითის თემის რწმუნებული ზაზა წულაძე შინდისში 2008 წლის ომის დროს დაღუპული ბიჭების გარდაცვალების ადგილას მივიდნენ. მათთან ერთად ემზარ წილოსანისა და რუსლან წულაძის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ლანჩხუთიდან შინდისში 30-მდე პირი გაემგზავრა.
შინდისში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ჩავიდნენ. ისინი სიმბოლურ მემორიალთან შეკრებილ შინდისის ბრძოლის მონაწილეთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს შეხვდნენ. დაღუპულ ქართველ სამხედროთა ოჯახის წევრებმა მათ ახალი მემორიალისა და ტაძრის მშენებლობაში დახმარება სთხოვეს. როგორც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მათთან საუბრისას განაცხადა, ამ საკითხზე მუშაობას სამინისტრო უახლოეს დღეებში დაიწყებს.
დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრებს ასევე გაესაუბრა პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი. მისი თქმით, დღეს ქართველი ხალხისთვის არის როგორც გლოვის, ასევე საამაყო დღე, რადგან ქართველ ხალხს ასეთი გმირები ჰყავდა.
შინდისშივე იმყოფებოდა ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე.
თემურ ჩხაიძე: „მართლაც საშინელება მოხდა, ეს ბიჭები თითქოს კორიდორში უნდა გაეტარებინათ და სამშვიდობოს გამოსულიყვნენ, მაგრამ ისინი მოტყუებული დარჩნენ. მათ ჩაუსაფრდნენ და 17 ვაჟკაცი უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანის, რუსლან წულაძის დედამ მითხრა, რომ თავისი შვილის სხეული ნაწილ-ნაწილ მოძებნა. ამ ადგილს ახლა დაღუპული მეომრების მშობლები და ადგილობრივი მოსახლეობა უვლის. მეტი ყურადღება სჭირდება, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ბიჭების ვაჟკაცობა და თავდადება“.
ამირან გიგინეიშვილი: „ემოციებით დატვირთული დღე იყო. ჩემთვის, ამ ბიჭების გმირობა 300 არაგველის გმირობასთან ასოცირდება. მათ ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ მტერი შეეჩერებინათ. ლანჩხუთიდან ბევრი ვიყავით წასულები შემთხვევის ადგილას. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები. ტერიტორია, სადაც ეს ამბავი მოხდა, საკმაოდ კეთილმოუწყობელია. რაც არის გაკეთებული, ისიც დაღუპულთა ოჯახის წევრების მიერ გაკეთდა. წინა ხელისუფლების დროს აღნიშნულ ადგილს ყურადღება არ ექცეოდა. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ოჯახის წვერებს მისცეს დაპირება, რომ მათი სახელების უკვდავსაყოფად მემორიალი აღიმართება ხორუმის სტილში, რომელზეც 17 მებრძოლის სახე იქნება გამოსახული. შინდისში იმყოფებოდნენ გორის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად. როგორც იქ გვითხრეს, სოფელი ცხინვალთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. ცხინვალის ცენტრიდან ბრძოლის ადგილამდე, სადაც ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ 14,7 კმ-ია. ჩვენები ალყაში რომ არ მოექციათ, სამშვიდობოს გამოვიდოდნენ. ამაღელვებელი იყო ონიანის ოჯახის წევრის, მისი დის მოსვლა. მან ყველა მებრძოლი დაიტირა. ეს ის ონიანია, რომელიც მტერს დაჭრილი არ ჩაბარდა და თავი აიფეთქა. მეტი რა შეიძლება გითხრათ, ძალიან მძიმე და ემოციური დღე იყო. მთელი ერთი სააათი, დღისით, მზისით ჩვენი ოცეული მტრის ასეულებს გააფთრებით ებრძოდა და სისხლის ბოლო წვეთამდე ქართული დროშა ზემოთ ჰქონდათ აღმართული“.
ელგუჯა ჩხაიძე: „შინდისში პირველად ვიყავი. 2008 წლის ომის მონაწილე ვარ, თვალწინ წარმომიდგა იქ რა ხდებოდა. ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს შემთხვევით შეხვდა. 17 ქართველი დაიღუპა, 5-დაიჭრა. ადგილობრივმა მცხოვრებმა ბადრი ხუციშვილმა მეგობრებთან ერთად ღამით გამოიყვანეს ეს ბიჭები, ტერიტორიას უკვე რუსები აკონტროლებდნენ, სიკვდილს გადაარჩინეს. 17-დან ორი ლანჩხუთელი იყო ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე. ბრძოლის ადგილი ნამდვილად სევდის მომგვრელია. ჩიტიძე, მალაზონია, კალმახელიძე, მურმანიძე და ცანავა ეს იმ ბიჭების გვარებია, რომლებიც 11 აგვისტოს შინდისში გამართულ ბრძოლისას გადარჩნენ“.
შოთა ფირცხალაიშვილი: „პირველად ვიყავი შინდისში, ძალიან მძიმე იყო იქაურობის ნახვა. პირდაპირ ბრძოლის ველზე ვიყავით, გმირული სული ჩქეფდა ირგვლივ... იქვე კედელთან დაგვხვდა დაფლეთილი ფეხსაცმელები, ჯარისკაცების სხვა ატრიბუტები, მასრები, ტყვიები... მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი. როდესაც ხედავ ამ მდგომარეობას, ემოციები უფრო და უფრო იზრდება. მე, მეომარი კაცი ვარ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიბრძოლია. თუ ჩემს ქვეყანას დაჭირდება კიდევ დავდგები მის სამსახურში. ვუყურებდი ადგილს, სადაც ჩვენი ბიჭები დაიხოცნენ და გული სიამაყით მევსებოდა. ისინი ნამდვილი ვაჟკაცები ყოფილან, ნამდვილი გმირები. როგორც იქაურებმა გვითხრეს, ჩვენებმა დიდხანს იომეს. უთანასწორო ძალა რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ბევრი მათგანი გადარჩებოდა. 17 დაღუპულიდან 2 ჩვენებური იყო, ჩვენი რაიონის შვილი. მეომრებს გზად სადაც უნდა გამოევლოთ, კორიდორი უნდა ყოფილიყო გაკეთებული. დაუნახავთ ტანკი, რომელზეც ქართული, ხუთჯვრიანი დროშა იყო აღმართული. ძალიან გახარებიათ. ეტყობა, სამშვიდობოს გამოვედითო. ეს ტანკი სატყუარა აღმოჩნდა, მასზე რუსები ყოფილან დაბანაკებულნი. ქართველთა ოცეული მტრის ალყაში აღმოჩნდა. მომშველებელიც არავინ გამოჩნდა. მათ უკან მომავალ კოლონას მანქანა გაუფუჭდა და გზაში შეყოვნდა. რკინიგზის სადგურისაკენ გამ-ოიკვლიეს გზა. თუ სადგურს დაიკავებდნენ, შემდეგ შეიძლებოდა სამშვიდობოს გამოსულიყვნენ. მტერი რიცხობრივად მეტი იყო. ვერ გაუძლეს ჩვენმა ბიჭებმა, ტყვია-წამალი შემოლევიათ. სწორედ იქ აიფეთქა თავი დაჭრილმა მეომარმა ონიანმა, რომ მტერს ტყვედ არ ჩავარდნოდა“...
რუსლან წულაძის დედამ ლიდია წულაძემ ლექსი წაიკითხა, რომელიც დაღუპულ 17 გმირს მიუძღვნა. „არ იტიროთ ქართველო დედებო, იამაყეთ თქვენი შვილებით. ისინი ცოცხლები არიან. მე ორმაგად მიჭირს. მე რუსი ვარ და ჩემმა სამშობლომ მომიკლა შვილი. მაგრამ ის ცოცხალია და დღეს საქართველოს გმირია“ _ ემოციური სიტყვა წარმოთქვა სიმბოლურ მემორიალთან დაღუპული ჯარისკაცის დედამ.
„შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მოვდივარ. პირველად რომ ჩამოვედი ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა, ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე, როცა მოვკვდები მინდა, რომ გულზე დამაყარონ.… მეორედ რომ ჩავედი, სისხლიანი მინდორი უკვე მწვანედ იყო აბიბინებული, იმ ადგილას სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები დაიღუპნენ ჯვარი იყო აღმართული, გული გამინათდა,…სანამ ცოცხალი ვარ, შინდისში სულ წავალ იმ ადგილს არასდროს მივატოვებ, რადგან იქ დაიღვარა ჩემი შვილის სისხლი, ის ხომ მხოლოდ 24 წლის იყო...“… _ განაცხადა ქალბატონმა ლიდიამ.…
P.ს. _ ბიჭებო, თუ ვინმე კიდევ ცოცხალი ხართ მოიწიეთ ჩემკენ, ამ ძაღლებს ვაჩვენოთ, რომ ქართველებს ომის გარდა სიკვდილიც ღირსეული შეგვიძლია! _ დაიძახა ონიანმა.…
ონიანს არავინ გამომეხმაურა, იგი მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო.
_ ღმერთო დაიფარე საქართველო, მას ხომ ცუდი არაფერი ჩაუდენია, _ ჩაილაპარაკა და ხელყუმბარა გახსნა...
_ ქართველებმა ცეცხლი შეწყვიტეს, _ დაიძახა ვიღაცამ.
_ თავი არ ასწიოთ, ალბათ პოზიციას იცვლიან, _ დაიძახა ხარიტონოვმა…ქართველები კი კვლავ დუმდნენ.
ბრძოლის დასრულების შემდეგ რუსული დაჯგუფება დაიძრა, როდესაც გრიგორი ხაროტინოვი ქართულ პოზიციას მიუახლოვდა, გაქვავდა... გაოგნებული იდგა მეორე მეთაურიც.
_ ღმერთო ჩემო, აქ რა ხდება? - აღმოხდა ხარიტონოვს.
_ გვამები დავთვალეთ, მხოლოდ 17-ნი ყოფილან, _ თქვა რუსმა ჯარისკაცმა.
_ იქნებ სხვები წავიდნენ და ესენი დატოვეს, _ დაეჭვდა მეთაური.
_ არავინ წასულა, _ გამოსცრა ხარიტონოვმა. შემდეგ ერთ-ერთი ქართველის ავტომატი დაათვალიერა, _ ტყვია-წამალი გასთავებიათ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8