
თარიღი: აგვისტო 06, 2015კატეგორია: საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძე მეოთხე ბრიგადის 41–ე ბატალიონის ჯარისკაცი, რომელმაც მხოლოდ 23 წელი იცოცხლა. მან ნაძრახ სიცოცხლეს, სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში, საქართველოს ერთიანობასა და მთლიანობისთვის ისევე მედგრად იბრძოდა, როგორც სხვა ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც მრავალრიცხოვან მომხდურ მტერს საკადრისი წინააღმდეგობა გაუწიეს.
8 აგვისტოს ომს ბევრი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა, ბევრიც უგზო–უკვლოდ დაიკარგა. ქართული ჯარი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდა, თუმცა ჯარისკაცებს შორის გიორგი ანწუხელიძე არ იყო. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ის ცოცხალი იყო და მალე დაბრუნდებოდა, თუმცა იმედის ნაპერწკალი საბოლოოდ მაშინ ჩაქრა, როდესაც ერთ–ერთი ტელეკომპანიით გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ აწამებენ ოსი სეპარატისტები ქართველ ჯარისკაცს. ჯარისკაცი წელზემოთ შიშველია, სეპარატისტები მას ზურგზე წიხლებით ადგებიან, სცემენ და მოითხოვენ – დაიჩოქოს და მიწას აკოცოს. გმირი ჯარისკაცი მათ წინააღმდეგობას უწევს და არ ემორჩილება, ოსი ჯალათები კი დაუზოგავად ურტყამენ სახეში, მოითხოვენ, მტრის ინტერესების მიხედვით მისცეს ჩვენება, თუმცა ამაოდ.
როდესაც ჯარისკაცის ოჯახის წევრებმა ეს კადრები პირველად ნახეს, ყველას ერთხმად აღმოხდა: გიორგი! მართლაც, ეს გმირი და შეუპოვარი ჯარისკაცი გიორგი ანწუხელიძე იყო, რომელმაც სასტიკ წამებასა და შეურაცხყოფას გაუძლო და ოსი სეპარატისტების მოთხოვნა მაინც არ შეასრულა.
მიუხედავად ამ კადრებისა, ოჯახი მაინც იმედს არ კარგავდა, რომ გიორგი ცოცხალი იყო. დედამისს, თუშ ქალს ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვრდნია, ამბობდა, ცოცხალ შვილს ხომ არ ვიტირებო. თუმცა, 2009 წლის 20 იანვარს ეს იმედიც საბოლოოდ დასამარდა, როდესაც ოჯახმა ცნობა მიიღო, რომ გიორგი დაიღუპა, მისი ცხედარი კი სხვა 9 ჯარისკაცთან ერთად ცხინვალიდან გადმოასვენეს. დე–ენ–ემის ანალიზით დადგინდა, რომ ამ 10 ჯარისკაცს შორის, ერთი ცხედარი ნამდვილად გიორგი ანწუხელიძეს ეკუთვნოდა. გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.
გიორგი ანწუხელიძეს, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, უფროსი ლევანი და უმცროსი ანა. სხვათაშორის, ანა მამის გარდაცვალებიდან 7 თვეში დაიბადა. მისი მეუღლის მაკა ჩიკვილაძის თქმით, გიორგი ქალიშვილზე ოცნებობდა და ეს ნატვრა აუხდა კიდეც, თუმცა ნანატრი ქალიშვილის ნახვა ვერ მოასწრო.
„როდესაც მისი სიკვდილი დადასტურდა და ის საშინელი ვიდეოკადრები გავრცელდა, მხოლოდ წამების დასაწყისის ნახვა შევძელი და დავრწმუნდი, რომ გიორგი აღარ მყავდა, მაგრამ დღემდე ველოდები, ელოდებიან გიორგის დედა და ჩემი შვილები – ლევანი, რომელიც მაშინ მხოლოდ ათი თვის იყო და ანა, რომელიც მამის სიკვდილიდან 7 თვეში დაიბადა. გიორგიმ სქესი არ იცოდა, ოცნებობდა ქალიშვილზე და აუხდა… საუბედუროდ, სტრესმა თავისი ქნა – გოგონა ტრავმული დაიბადა, ცალი ფილტვი თვე-ნახევარი არ ეხსნებოდა და აპარატზე იყო მიერთებული,“- იხსენებს მაკა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი მეუღლე იხსენებს, რომ მის გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია. მამა ავადმყოფობდა, ვერ მუშაობდა და გიორგის პატარობიდანვე დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად ის ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას ინახავდა. მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებამდე, საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის სადარაჯოზე იდგა.
2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 2013 წლის 2 ნოემბერს„თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.
წყარო: droni.ge 1984 წლის 18 აგვისტოს დაიბადა.(დ. 18 აგვისტო, 1984, სოფ. ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 9 აგვისტო, 2008, ცხინვალის რეგიონი) — საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12