მოწამლულ მამაკაცს თუ შეუძლია, რომ
გოგონას, კაფეში დაპატიჟების ნაცვლად,
წეროების თამაში შეთავაზოს და კითხვაზე
- რამდენი? უპასუხოს ისტორიის ყველაზე
სისხლიანი ციფრი 100 000 და ისიც მხოლოდ
იმიტომ, რომ მის თითებთან უფრო დიდხანს
დარჩენა შეძლოს.
მხოლოდ პოეზიით
გამოღრნილი სხეულიდან თუ შეუძლია სულს,
პატიმარივით უკან მოუხედავად გაიქცეს და
ერთ დროს, წიგნებში ამოკითხულ „იისფერ თოვლში“
დასველებულ სხეულზე, ქურთუკივით
მთელი სამყარო შემოიცვას.
მხოლოდ პოეზიით
დაბრმავებულ თვალებს თუ შეუძლია დაინახონ,
როგორ იკლავენ თავს ნათურები (კი არ იწვებიან),
რომ ადამიანებმა სანთლის შუქზე, ერთმანეთის
თვალებში დაინახონ ჭეშმარიტი სინათლე.
მხოლოდ პოეზიით
ტვინ გამორეცხილ ადამიანს თუ შეუძლია,
პირველი კოცნით განცდილი ემოცია,
გარდაცვლილი დედის ფოტოსავით
მუდამ გულის ჯიბით ატაროს და
მამის თვალებში დარჩენილ ბავშვობასავით
გაშტერებული თვალებით უყურებდეს საყვარელ ადამიანს
და როგორც უკვე ვთქვი,
მხოლოდ პოეზიით
მოწამლულ მამაკაცს თუ შეუძლია, რომ
გოგონას, ძვირფასიანი სამკაულის ნაცვლად,
წერისგან ნატკენი თითებით დაკრეფილი,
გარდაცვლილ დედის საფლავზე ამოსული გვირილები მიართვას
და საყვარელ ადამიანს,
დავიწყებული გაკვეთილივით შეახსენოს
„მეასეჯერ გეუბნები, მე ასე ჯერ არ მყვარებია“


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев