თბილისში, ფონიჭალაში, ერთი ხის ძირას შეყვარებული წყვილის სისხლის კვალი დღემდე ატყვია.
სწორედ იქ, სადგურის ქუჩაზე, მოსახლეობისგან ცოტა მოშორებით, 14 ივნისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლა მოხდა. შემთხვევის ადგილას მისულებს შემზარავი სურათი დახვდათ: მიწაზე დაჭრილი ქალ-ვაჟი ეგდო. 21 წლის ზურაბ სხირტლაძე ადგილზევე გარდაცვლილიყო, ხოლო მის შეყვარებულს, 17 წლის თიკო ჩიხრაძეს სიცოცხლის ნიშანწყალი ისევ ეტყობოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა საფეთქელთან აღენიშნებოდა, ცალი თვალი ბუდიდან ამოვარდნოდა, ცხვირი მოგლეჯილი ჰქონდა. გოგონას სასწრაფოდ, უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ რჩება. გარდაცვლილ ვაჟს ერთი ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შემთხვევის ადგილზე იპოვეს მკვლელობის იარაღი. "ტეტეს" სისტემის პისტოლეტი გარდაცვლილი ბიჭის სახელზე ყოფილა გაფორმებული; იქვე იყო იარაღის საბუთიც. ტრაგედიის ადგილიდან ძალოვნებმა ორი მასრაც ამოიღეს და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მომხდარით შოკირებულ ოჯახის წევრებს ფაქტის ახსნა უჭირდათ. ამ ტრაგედიის ირგვლივ თავიდანვე სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის მიხედვით, არ გამორიცხავდნენ, რომ იარაღი რომელიმე მათგანს შემთხვევით გაუვარდა და შემდეგ გადარჩენილმა თვითმკვლელობა სცადა. მეორე ვერსიით, სხირტლაძემ შეყვარებული გოგონა ეჭვიანობის გამო დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. იყო მესამე ვერსიაც, რომ შესაძლოა, მომხდარ უბედურებაში სხვა პირიც ყოფილიყო გარეული. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ზურას უცნობ პირთან კონფლიქტი მოუხდა. ბიჭი მის შეყვარებულს ინტერნეტით წერილებს სწერდა და ამის გამო იკამათეს. ამბობდნენ, შესაძლოა, იქ წყვილი ამ ბიჭს შეხვდაო. დაჭრილი გოგონას ახლობლები კი ვარაუდობდნენ, რომ ზურამ გოგონა იმიტომ დაჭრა, რომ ის ცოლად არ გაჰყვა... სამწუხარო რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. როგორც დაღუპული ბიჭის მშობლებისგან შევიტყვე, შეყვარებულმა წყვილმა თვითმკვლელობა წინასწარ დაგეგმა...
ზურას მშობლებს მათ ნაქირავებ ბინაში შევხვდი. დედა, ინა ყურაშვილი შვილის ცხედართან იჯდა და მოთქვამდა. არ დაუმალავს, რომ შვილი გაჭირვებაში გაზარდა და ამას მისი ვაჟი ძალიან განიცდიდა. ზურა სხირტლაძე "ალგანში" დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. ოჯახში ყველამ იცოდა, შეყვარებული რომ იყო და გოგოს მშობლების წინააღმდეგობას ძალიან განიცდიდა.
"ზურას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. არც ბევრი ძმაკაცი ჰყოლია. თავისი სამყარო ჰქონდა. მოდიოდა სახლში და ძირითადად, კომპიუტერთან იჯდა. ვიცი, რომ თიკო ძალიან უყვარდა და სულ მეუბნებოდა, - დედა, მაგის გარდა არავინ მინდაო. ისე, შეყვარებულები ხშირად ჩხუბობდნენ, ამის მიზეზი რა იყო, არ ვიცი. ორივე ეჭვიანი იყო, თუმცა რეალურად, საეჭვიანო არაფერი ჰქონდათ; ორივეს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, მაგრამ მაინც ეჭვიანობდნენ. ნაჩხუბრები რომ იყვნენ, ზურა ტელეფონს თიშავდა. კარგად ვიცნობდი მის შეყვარებულსაც და გოგონა მესიჯებს მე მწერდა: რატომ აქვს ზურას ტელეფონი გათიშული? სთხოვეთ, რომ ჩართოსო... მალე ისევ რიგდებოდნენ. უნდოდა, ცოლად მოეყვანა, მაგრამ ასეთი ტრაგედია მოხდა", - მითხრა თვალცრემლიანმა დედამ.
ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციისგან 5 საათის დაგვიანებით შეიტყო. თავიდან დაუმალეს, შვილი ცოცხალი რომ აღარ ჰყავდათ.
"პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, - ზურა იარაღზეა დაჭერილი, კომაში ჩავარდა და ცუდად არისო. თავიდან მეგონა, რომ გოგო ცოლად მოიყვანა, მისმა ოჯახმა პოლიციაში იჩივლა და ამის გამო დაიჭირეს. ამ დროს მცხეთაში საქმეზე ვიყავი და სასწრაფოდ მოსვლას ვერ ვახერხებდი. ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს სახლში მიაკითხეს და განყოფილებაში წაიყვანეს. მისი დაკითხვა 5 საათი ისე მიმდინარეობდა, რომ არ იცოდა, შვილი რომ მკვდარი ჰყავდა. ჩემს ცოლს პოლიციაში ახლობელი გაჰყვა, მის ნომერზე რომ ვრეკავდი, ყურმილს მითიშავდა: როგორც გავიგე, პოლიცია დალაპარაკების საშუალებას არ აძლევდა. არ ვიცოდი, რომელ განყოფილებაში უნდა მეძებნა. იარაღი ზურას ხელში არ მინახავს, მაგრამ როგორც გაირკვა, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო. წინადღეს მას პისტოლეტი მაღაზიაში უყიდია, 14 ივნისს კი ეს ტრაგედია დატრიალდა. ცხადია, იარაღი ამ ამბისთვის სპეციალურად შეიძინა. ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: მოილაპარაკეს, რომ ერთად დახოცილიყვნენ. ამის მიზეზი, გოგოს ოჯახის კატეგორიული უარი იყო. თიკოსაც ისე უყვარდა ჩემი შვილი, რომ თავის მოკვლა არჩია მასთან დაშორებას. ზურას შეყვარებულის ხელით ნასროლი ერთი ტყვია გულმკერდში აქვს მოხვედრილი. პოლიციაში მითხრეს, - დადგენილია, რომ ტყვია მას გოგომ ესროლა, ის მოკლა და ამის მერე თავის თავს ესროლაო", - ამბობს ზურას მამა, პაატა ყურაშვილი. მისი თქმით, ზურა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ყველას უყვარდა და კონფლიქტური არ ყოფილა.
პაატა ყურაშვილი:
- ზურა ჯარიდან რომ დაბრუნდა, მას შემდეგ სულ სამსახურის ძიებაში იყო. მშენებლობაზე მუშაობდა. ბოლო ერთი წელია, დაცვაშია. ლესელიძეზე ვცხოვრობდით, სახლი დაზიანდა და უსახლკაროდ დავრჩით. ამჟამად ნაქირავებში ვცხოვრობთ. აქვეა ტაძარი და ისე არ გაივლიდა, ტაძარში რომ არ შესულიყო და არ ელოცა. ვიცოდი, ჩემი შვილი შეყვარებული რომ იყო. სამი წელია, მათ ერთმანეთი უყვარდათ. ადრე გოგოს მშობლებისგან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მატერიალურად გაგვიჭირდა, ისინი მათი დაქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი წავიდნენ. ერთი წელია, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვართ; საჭმლის ფული კი გვქონდა, მაგრამ - სხვა არაფერი. გოგოს ოჯახს წლებია, ვიცნობ. დედამისი ჩემი სიძის ბიძაშვილია. 14 წლის ვიყავი, ჩემი და რომ გათხოვდა; გოგოს დედა მაშინ ჩემზე ორი წლით პატარა იყო და იმ დროიდან ურთიერთობა გვაქვს. ბიძამისთან დღემდე ვმეგობრობ. ეს ბავშვიც ჩემ თვალწინ გაიზარდა. სწორედ დედამისისგან გავიგე, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ. ორი წლის წინ დამირეკა და მითხრა, - როგორ გამიხარდა, ზურა თქვენი შვილი რომ აღმოჩნდა, ჩემი გოგო უყვარს და ახლა, როცა ვიცი თქვენი ოჯახი, ბედნიერი ვარო. მას მე და ჩემი მეუღლე რამდენჯერმე შევხვდით და ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. მერე, სიდუხჭირის გამო, მათთვის მიუღებელი გავხდით. ზურა მეუბნებოდა, - თიკოს დედამ დამირეკა და მოითხოვს, მას თავი დავანებოო. თავის საცოლეს რომ დაურეკავდა და ამას დედამისი გაიგებდა, მერე ზურასთან მუქარით რეკავდა, - თუ წაიყვან, იცოდე, პოლიციაში გიჩივლებ და ციხეში ჩაგსვამო. გოგო ატყუებდა დედას, დავშორდითო, მაგრამ ისინი ჩუმად ერთმანეთს მაინც ხვდებოდნენ. ზურას ვთხოვე, - შვილო, არ გაიპაროთ, მათ სახლში მე მივალ და მშობლებს დაველაპარაკები; 17 წლის არის, მართლა არ გიჩივლონ და ციხეში არ გაგიშვან-მეთქი. მეუბნებოდა, - არა, ამას არ გავაკეთებო.
მამის თქმით, ბოლო დროს მისი შვილი ძალიან დადარდიანებული იყო:
- გოგოც ურეკავდა და დიდხანს ესაუბრებოდნენ ერთმანეთს; მერე ეზოში გავიდოდა და ტიროდა. რამდენჯერმე თვალცრემლიანი ვნახე და ვკითხე, - შვილო, რა გატირებს-მეთქი? - არაფერიო, - მპასუხობდა. არ იხსნებოდა; ვხედავდი, რაღაცას ძალიან განიცდიდა და დათრგუნვილი იყო... ადრე მხიარული იყო. ქუჩაში ყოფნა არასოდეს უყვარდა, ოჯახის ბიჭი იყო, მაგრამ ბოლოს ძალიან ჩაიკეტა. ეს მთელი თვე გრძელდებოდა. დღეში რამდენჯერმე შედიოდა ტაძარში. შვილს ვეღარ ვცნობდით, ამბობდა, ყველაფერს გაიგებთო... ვფიქრობდი, ალბათ ცოლს მოიყვანს და ამიტომ ამბობს ასე-მეთქი. ისიც ვიცოდი, რომ საქორწინო ბეჭედიც ნაყიდი ჰქონდა. თავისი ხელფასით იყიდა და მაჩვენა. სულ ამბობდა, - ცოლს რომ მოვიყვან, პირობები მინდა მქონდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო. მერე ასე რატომ შეიცვალა სიტუაცია, არ ვიცი. ბოლო დღეებში 2-3-ჯერ მალულად შეხვდნენ ერთმანეთს, რადგან ოჯახი უკრძალავდა; სისტემატური კავშირი არ ჰქონდათ, ამიტომ მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. იმ გოგოსაც ძალიან უყვარდა. ერთად თავის მოკვლის გადაწყვეტილება რომ მიიღეს, წარმოიდგინეთ, როგორ უყვარდა!.. ოჯახის წინააღმდეგობის გამო მოიკლეს თავი.
ზურას მამისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდნენ ისინი ქვემო ფონიჭალაში, სადგურის ქუჩაზე. გოგონა ზემო ფონიჭალაში ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილიდან ცოტა მოშორებით, გოგონას ბებია და ბაბუა ცხოვრობენ; შესაძლოა, მათთან იყო მისული და ზურასთან შესახვედრად იქიდან წავიდა. ზურა სხირტლაძე კი სახლიდან 14 ივნისს 11 საათზე გავიდა. ერთ საათში მამამისს უნდა შეხვედროდა. ჩანაფიქრი წინასწარ დაგეგმილი რომ იყო, ეს მამის მონათხრობიდანაც ჩანს.
პაატა ყურაშვილი:
- ზურა ჩემი ცოლის მამიდის გვარზეა. რადგან ნაქირავებში ვიწროდ ვცხოვრობდით, ბოლო დროს მამიდასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ორი ძმა ჰყავს: ერთი ციხეშია, მეორე - 7 წლისაა. ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილი ჰქონდა, ამას ახლა ვხვდები, როცა ყველაფერს ვაანალიზებ. ამ ტრაგედიამდე თავისი პატარა ძმა ბაზრობაზე წაიყვანა და ტანსაცმელი უყიდა. დედამისისთვის 200 ლარი უჩუქებია. სათვალე ჰქონდა, რომელიც ძალიან მომწონდა და სულ ვეუბნებოდი, - ზურა, ეს სათვალე მე მაჩუქე-მეთქი, - მაგრამ უარს მეუბნებოდა; იმ საბედისწერო დღეს კი ის სათვალე მომცა, - ეს შენ გქონდეს ჩემგან, რადგან გიყვარსო. მაისურიც მიყიდა. გასვლის წინ მკითხა, - ფული თუ გაქვსო? - არა-მეთქი, - ვუპასუხე. 20 ლარი მომცა და 5 ლარი მობილურის ანგარიშზე ჩამირიცხა. ასე დაგვასაჩუქრა ყველა და ისე წავიდა, რომ აღელვება არ შეგვიმჩნევია. ისე, შეიძლებოდა, ვინმეზე გულდაწყვეტილი ყოფილიყო, მაგრამ ამას არ გაგრძნობინებდა. ფეხბურთი ძალიან უყვარდა. რომ მიდიოდა, ვთხოვე, - მალე მოდი, ტოტალიზატორში გამომყევი და ბილეთი შემავსებინე-მეთქი. რომ აღარ გამოჩნდა, დავურეკე. მითხრა, შემაგვიანდებაო. მერე, 2 საათისთვის, დედამისთან დაურეკავს და ერთი ფრაზა უთქვამს: "დედა, მე წავედი!" სად მიდიხარო? - რომ ჰკითხა, ტელეფონი გაუთიშა. მას მერე მის ნომერზე ვრეკავდით, მაგრამ არ გვპასუხობდა. როგორც ჩანს, მაშინ მოხდა ეს ტრაგედია. რამე ხომ არ მოხდაო? - ნერვიულობდა ჩემი მეუღლე. მე ვამშვიდებდი, - ზურა არ არის ის ბიჭი, თავი რომ მოიკლას; ალბათ ცოლი მოიყვანა და იმიტომ გითხრა ასე-მეთქი.
- დედა რატომ ფიქრობდა, რომ თავს მოიკლავდა?
- რამდენჯერმე იკითხა, - თავის მოკვლა ცოდვააო? - დიდი ცოდვაა, ზურა; ეკლესიაში დადიხარ და ამას რატომ მეკითხები, რამე სისულელეს ხომ არ ფიქრობ-მეთქი? - არა, შენ ხომ იცი, მე თავს არ მოვიკლავო. თურმე ეს დაგეგმილი ჰქონდათ. სახლიდან წავიდა და წავიდა... ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ რამეს თუ მოიფიქრებდნენ. რომ მცოდნოდა, მას იარაღი ჰქონდა, უფრო გავაკონტროლებდით. ადამიანს იარაღის გატანის უფლება შეძენიდან ერთი დღის განმავლობაში აქვს და ამ დროში მოხდა ეს საშინელებაც. საბუთიც თურმე თან ჰქონდა... მძიმე მდგომარეობაშია იმ გოგოს ოჯახიც. როცა ჩემი შვილის საქმეზე მორგში მივედი, ყველანი ვნახე და მომისამძიმრეს. ყველა ტიროდა. ძალიან განიცდიან მომხდარს. ისიც იციან, რომ მათმა შვილმა გაისროლა პირველად, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს?!. სახლში სამძიმარზე მოსვლას თავს არიდებენ, მაგრამ ფაქტია, ეს ორივე ოჯახისთვის დიდი ტრაგედიაა. თვითონაც ამბობენ, - ერთმანეთი როგორ ძლიერად ჰყვარებიათ, სიყვარულის გამო ამ საშინელ გადაწყვეტილებამდე რომ მივიდნენო!.. ცხადია, ეს ორი ადამიანის მიერ მიღებული შეთანხმება იყო. რომ არ ვიცოდე სიმართლე და ამ ვერსიაში დარწმუნებული არ ვიყო, ასე არ ვიჯდებოდი და ისინიც არ გაჩუმდებოდნენ, მაგრამ ორივე ოჯახმა ვიცით, რომ სიყვარულის გამო მოხდა ეს ტრაგედია. ღმერთმა გადაარჩინოს ის გოგონა! თუ ის ცოცხალი გადარჩა, ისე მეყოლება, როგორც ჩემი ზურა. იმ გოგოს მე არ დავკარგავ. უყვარდათ ასე ძლიერ ერთმანეთი, ის გადარჩა, მაგრამ ფაქტია - სიყვარულის გამო თავს იკლავდა. ბევრი მისი ახლობელი იმასაც ამბობს, - ნეტავ ესეც არ გადარჩეს, ასე ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი, ასეთი ძლიერი სიყვარული თუ ჰქონდათ, იქაც ერთად უნდა ყოფილიყვნენო. მართალია, ჩემს შვილს მან ესროლა, მაგრამ არავის მივცემ იმის უფლებას, რომ იმ გოგოზე ცუდი რამე თქვას. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაისროლა იარაღი?! შეიძლება, ჩემმა შვილმა ვერ გარისკა და ვერ მოკლა საყვარელი ქალი. სატელეფონო ამონაწერითაც დადგენილია, რომ იმ დღეს ერთმანეთს რამდენჯერმე დაურეკეს. რაც შეეხება მესიჯებს, რაიმე წერილი თუ არის, - ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. ტელეფონები პოლიციაშია. დადგენილია, რომ იმ დღეს სხვა ვინმესთან არ დაურეკავთ.
ზურას მძიმე სულიერი მდგომარეობა სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკებში" მის გვერდზე განთავსებული ფოტოებითაც ჩანს. რაც შეეხება დაჭრილი გოგონას ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას, ამის გასარკვევად საავადმყოფოში მივედი, მაგრამ ექიმებისგან ოფიციალური ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. პრესსამსახურის უფროსის, ლელა ჩაგუნავას თქმით, ამის მიზეზი - გოგონას ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა. მათ ექიმებს შვილის თაობაზე ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება აუკრძალეს. "უკიდურესად მძიმეა გოგონას მდგომარეობა. რეანიმაციაში რჩება. დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ოჯახი უარს ამბობს და ჩვენც კანონს ვერ დავარღვევთ", - მითხრეს პრესცენტრში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11