
ადრეც მედო ეს რეცეპტი.... მეცხრე არხზეც ვაპირებ მომზადებას:))))
დღე არ გავა ინდოეთში ჩატნი არ მოამზადონ, დღე არ გავა ჩატნი ან არ მოხარშონ ან ცოცხლად არ ჩანაყონ…
ჩატნი – ბოსტნეულის ან ხილისგან მომზადებული სანელებელია, ჩვენი ტყემლის სისხლით ნათესავი, ხან ძალიან მწარე, ხან ტკბილ-მწარე, ხატ ტკბილი ან სულაც ბოლომდე – მურაბა;)))
ინდოელების სამზარეულოს მზეა ჩატნი – მარტივ საუზმესაც ჩატნით მიირთმევენ და მდიდრულ სუფრებზეც ჩატნია წამყვანი გემო…
ასე იქცა ჩატნი ჩემი მენიუს განუყრელ სიგემრიელედ – ჭერმის (ან გარგარის) ჩატნი ნუშით და ა.შ. ყოველ დილით, პატარა ორცხობილაზე ჩატნის ერთ კოვზს დავასკუპებ და მიაქვს წუთისოფლის დარდი და ფიქრი მის გენიალურ არომატს… ჩატნი სულ სხვა სიკოხტავეს იჩენს გემრიელი ფლიტრის ყავის ქაფ-ქაფში… გავარვარებული ყავა (უშაქროდ), ორცხობილა, 2 კოვზი გარგრის ჩატნი, ხედი კუს ტბის მწვანე სანახებში და ჩემი წიგნის წერაც გრძელდაბა…
ორგვარი ჩატნი არსებობს – 1) ცოცხლად ჩანაყილი – ვამსგავსებ გურულ სუნელს – უცებ-უცებ ჩანაყილი ან ათქვეფილი… და, 2) მოხარშული – ტყემალივით, პომიდვრის საწებელივით;)
ტერმინებით თავი რომ არ დავიღალოთ – მარტივად მოვიხსენიებ, ჩატნი ინდური „ტყემალია“, თუმცა ბევრად რთული და ინგრედიენტებით დახუნძლული…
მე მოვამზადე ჭერმის და შავი ქლიავის ჩატნი და როგორც ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა გურმანმა ირინა მდივანმა გასინჯვის შემდეგ მითხრა – „ეს რაღაც საოცრებაა, ესმა, სრულიად უცხო გემოაო“;)))
მაშ, ასე: 1 კილო (ქართულ ტყეში დაკრეფილი შეუხედავი) ჭერამი ვიყიდე, კურკებისგან გავათავისუფლე და გავრეცხე…
მანამდე: ქვაბში ჩავუშვი 200 გრამი შაქარი და 250 გრამი თეთრი ღვინის მსუბუქი ძმარი, წამოვადუღე და დავუმატე 2 პატარა თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატე 2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, ასევე: 30 გრამი გათლილი და დახეხილი კოჭა, 1 ლიმნის წვენი და თავად გამოწურული 4-ად დაჭრილი ლიმონი (რომელიც ბოლოს, მოხარშვის შემდეგ ამოვიღე), 7 მიხაკი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. კარგად გადავურიე და ჩავამატე ჭერამი. საშუალო ცეცხლზე ჩატნი იწყებს თუშვას, ხარშვას, არომატების ზეიმს… სურნელი აქვს – გაზაფხულის, ტყის, სიახლის და სიცოცხლის…
მარილის და პილპილის გემოს თავად დასვამთ – ჩვენ ხომ უკვე შევთანხმდით, რომ სიტყვა „გემოვნებით“ – ჩვენი გემოვნებების გზაჯვარედინზე დგას – ანუ აქ ჩვენი გზები იყრება, რადგანაც მარილისა და პილპილის გემოები ჩვენი ხასიათის, გენეტიკის, წარმოშობის მახასიათებელია და ვირჩევთ იმ „გემოს“, რაც ჩვენს ოჯახებში ტრადიციულად დამკვიდრდა…
50 წუთი ნელ ცეცხლზე იხარშება „გარგრის ტყემალი“ და ახალ გემოს გვთავაზობს. როცა ჩაიშუშება, ამას თვალით მიხვდებით, სქელი ჯემის სილაპლაპეს მიიღებს… ამის შემდეგ ჩაამატეთ 150 გრამი გარეცხილი ქიშმიში და 100-200 გრამი მსხვილად დაფქული ნუში ან თხილი… მოურიეთ;)))
ჩატნი – საოცრებაა. უხდება შემწვარ ხორცს, სენდვიჩებს, ნებისმიერ (უგემურ) კეჩუბზე გემიელია და ჯანსაღი…
ჩააბრძანეთ მზა ჩატნი სტერილურ ქილებში და შეინახეთ გრილ ადგილას…
გავა 2 კვირა და ჩატნის არომატები ერთმანეთში რთულ გემოს შექმნის. ინდოელები დილით, გახუხულ პურზე, საუზმეზე მიირთმევენ და დიდხანს ცოცხლობენ…
წარმატებებს გისრვებთ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев