გიორგი გულიკაშვილი
( ეს ამბავი არ არის ავტობიოგრაფიული )))
1
სკოლის დამთავრების შემდეგ N უნივერსიტეტში ჩავაბარე და საკმაოდ წარმატებითაც..
მართალია სასწავლებელი ფასიანი იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა ხსენებულ უნივერსიტეტში სწავლა, რომ არც კი მიფიქრია სხვაგან ჩაბარებაზე.
პირველ ორ წელიწადს გაჭირვებით შევძელი საფასურის გადახდა, მაგრამ შემდეგ ჩემმა გაჭირვებამაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ერთ მშვენიერ დღეს რექტორის კაბინეტში აღმოვჩნდი... მის გარდა ოთახში პრორექტორი და დეკანიც დამხვდნენ,რომლებმაც ჩემს სალამზე კომპიუტერებში ჩარგული თავები ასწიეს , "გაგიმარჯოსო"- ჩაიდუდუნეს და ისევ კომპიუტერებში "ჩაძვრნენ".
რექტორი ფეხზე წამოდგა, ხელი მაგრად ჩამომართვა და მეკითხება:
- აბა როგორ ხარ, სწავლის საქმე როგორ მიდის?
-გმადლობთ, კარგად - ვპასუხობ და უხერხულად ვიშმუშნები, ცხადია ვხვდები ჩემი აქ ყოფნის მიზეზს.
- როგორ მოგწონს აქაურობა, კმაყოფილი ხარ სწავლების პროცესით?
-კი. რათქმაუნდა - მტკიცედ ვპასუხობ.
რექტორი მაგიდას მიუჯდა. ოთახში მყოფებს გადახედა და მეუბნება :
- ჩვენ განვიხილეთ თქვენი საქმე. თანხა გაქვთ გადასახდელი, ამიტომ..- სიტყვა გაღებულმა კარმა შეაწყვეტინა...ოთახში ჩემი ლექტორი შემოვიდა, მხიარულად მოგვესალმა და რაღაც საქაღალდე რექტორის მაგიდაზე დადო.
- აგერ ბატონო რევაზ, თქვენი დავალება შევასრულე. შეგიძლიათ თავისუფალ დროს გადახედოთ - ღიმილით უთხრა და მე მომიბრუნდა:
- რა იყო ბიჭო, რამე დააშავე? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის?
მე უგემურად გავიღიმე.."ღმერთო, რა ქარაფშუტა ქალია"- გავიფიქრე...ისეთი ნირწამხდარი ვიდექი, რომ ნამდვილად არ მქონდა მისთვის პასუხის გაცემის ხალისი.
საბედნიეროდ ეს ტვირთი რექტორმა დიდსულოვნად ამარიდა:
- დაშავებით არაფერი, უბრალოდ გადასახადი ვერ შემოაქვს და იძულებულები ვართ სტატუსი შევუჩეროთ.
მე მკერდში ტკივილი ვიგრძენი. ცხადი იყო, რომ ჩემი ცხოვრება უარესობისკენ იცვლებოდა.
ჩემს ლექტორს (ასე მოვიხსენიებ თქვენის ნებართვით) სახე შეეცვალა. ოთახში მყოფთ თვალი შეშფოთებით მოავლო.(ისინი კვლავ კომპიუტერებს ჩასჩერებოდნენ) მერე მე შემომხედა დაჟინებით და ბოლოს ისევ რექტორს მიუბრუნდა:
- არ შეიძლება ამ ბავშვისთვის სტატუსის შეჩერება - ყრუდ ამოთქვა მან.
- სამწუხაროდ ეგ უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ამ ფაქტისგან ტრაგედიას ნუ შევქმნით...როდესაც შეძლებს თანხის გადახდას, სტატუსსაც მაშინ აღვუდგენთ..ჩვენ მას დრო მივეცით, მაგრამ მაინც ვერ შეძლო თანხის შემოტანა.
- კი მაგრამ როდის მერე აღუდგენთ? მანამდე რომ გული აუცრუვდეს? მცდარ გზას რომ დაადგეს? ნუ დავაყენებთ მის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ წყეული ფულის გამო..
თქვენ ალბათ არ იცით როგორი კარგი ბიჭია, აი მე კი ვასწავლი და ვიცი - ხმა აუთრთოლდა.
- ქალბატონო თამარ, მე მესმის თქვენი, მაგრამ შეუძლებელია რასაც ითხოვთ, გამონაკლისს ვერ დავუშვებთ - გადაჭრით თქვა რექტორმა.
- კარგი...რადგან ასეა, მე გადავიხდი მაგ თანხას .
ამ სიტყვებმა თითქოს მომცელა.
პრორექტორმა და დეკანმა, რომლებიც საერთოდ არ ჩარეულან ჩვენს საუბარში, საქმეს თავი მიანებეს და გაოცებით მიაშტერდნენ ქალს.
მე ცოცხალმკვდარი ვიდექი...ყელში რაღაც მომაწვა ბურთივით და ხრჩობა დამიწყო..
ნეტავი ათი კაცი მცემდეს ერთად, ნეტავი მშიერ მხეცთა შორის ვეგდო, ნეტავი ჯალათები მაწამებდნენ...ოღონდ ახლა აქ არ ვიყო, ოღონდ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს "- ვფიქრობდი შერცხვენილი და ხმა ვერ ამომეღო.
- აჰ, მაშ ასეა საქმე? - გამოკვეთილი, უცნაური ინტონაციით თქვა რექტორმა.- კარგი, ეგრე იყოს.. თქვენ გადაიხადეთ მისი თანხა. - თან ორივე აგვათვალიერა.
მე და ჩემმა ლექტორმა კაბინეტი იქ მყოფთა იჭვნეული მზერის თანმხლებით დავტოვეთ.
- ქალბატონო თამარ..არ არის საჭირო - დერეფანში გასვლისთანავე ამოვთქვი მოგუდული ხმით და ტირილი მომინდა.
მან თბილად გამიღიმა.
- მე ვიცი რასაც ვაკეთებ გიო და ისიც ვიცი, რომ ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ ოდესღაც ვიტყვი " კიდევ კარგი, რომ მაშინ ასე მოვიქეცი"....არ გაქვს უფლება სწავლაზე უარი თქვა....ახლა კი წადი და შენი ჯგუფი მონახე, ლექციები რა ხანია დაიწყო - მითხრა და აუდიტორიაში შევიდა.
დიდხანს ვიდექი დერეფანში უსიამოვნოდ ჩაფიქრებული...ათასი აზრი მიტრიალებდა გონებაში..ათასჯერ მივიღე გადაწყვეტილება და მერე ათასჯერვე შევცვალე..
საბოლოოდ კი მაინც უნივერსიტეტში დარჩენა გადავწყვიტე.
-" ფულს აუცილებლად დავუბრუნებ უკან...მუშაობას დავიწყებ თუ არა მაშინვე დავუბრუნებ"- ამ ფიქრებით შევაღე ჩემი აუდიტორიის კარი.
2
დაახლოებით ერთ კვირაში მთელი უნივერსიტეტი ამ ამბავზე ლაპარაკობდა.
- მხოლოდ კარგი სტუდენტობის გამო ვინ გადაგიხდის ამდენ ფულს - ქირქილებდნენ ცალკე სტუდენტები და ცალკე ლექტორები.
-აბა, აბაა- კვერს უკრავდნენ ერთმანეთს.- გათხოვილი ქალი...ორი შვილის დედა და ვიღაც ლაწირაკ სტუდენტთან კი უჭირავს საქმე..
მე ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია მსგავსი ხმებისთვის.. თუმცა ყოველთვის ვერ ვახერხებდი ამას.
ერთ დღესაც, ლექციების დაწყებამდე უნივერსიტეტის ეზოში ვიჯექი კურსელებთან ერთად და მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ვსაუბრობდი..
ამ დროს დავინახეთ უნივერსიტეტის კიბეებზე ამავალი ჩემი ლექტორი.
- უფ, რა ქალია - ამბობს ერთი სტუდენტი და მეკითხება:- ხომ კაი ქალია?
მე არ მესიამოვნა ამგვარად მოხსენიება ქალისა და უხასიათოდ ვთქვი:
- ქალბატონი თამარი კარგი ადამიანია.
- მართლაც კარგი ვინმეა - თითქოს ორივეს დაგვეთანხმა მეორე სტუდენტი.
- ნეტა შენ რა იცი? - გასცინა პირველმა.- ეგ გიოს უნდა ვკითხოთ...გასინჯული მაგას ჰყავს.
მე თითქოს სისხლი ჩამექცა ტვინში და აზროვნების უნარი დავკარგე...გონს რომ მოვედი, უტიფარი არამზადა ჩემს ფეხებთან ეგდო და ცხვირ - ტუჩიდან ღვარად მოსდიოდა სისხლი.
მართალია სასწავლებლიდან გარიცხვას გადავრჩი, მაგრამ ამ შემთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჭორები...
საბოლოოდ კი ჩემს ლექტორს აიძულეს უნივერსიტეტის დატოვება:
- შენი ნებით წადი, თუ გინდა რომ შენი საქმე სადისციპლინო საბჭომ არ განიხილოს და ცუდი რეკომენდაციით არ მოგიწიოს აქაურობის დატოვება - გამოუცხადეს მას.
მისი გათავისუფლების ამბავი როგორც კი გავიგე, მაშინვე ძებნა დავუწყე ჩემს გამო შერისხულს...ყველა ოთახი და აუდიტორია შემოვირბინე სადაც კი მეგულებოდა და ბოლოს ეზოში მივაგენი...მანქანაში თავის ნივთებს ალაგებდა..
- ქალბატონო თამარ ! - გულამოვარდნილმა მივირბინე მასთან. - ქალბატონო თამარ.
მე..მე..არც კი ვიცი რა ვთქვა, ყველაფერი ჩემი ბრალია..ყველაფერი ჩემს გამო მოხდა.- ნერვიულობისაგან მთელი სხეული მითრთოდა.
მან შემომხედა და ნაღვლიანად მითხრა :
- აბა რას ამბობ? რა შენი ბრალია...უბრალოდ ადამიანებს არ შეუძლიათ აღქმა და გაგება უანგარო სიკეთის არსებობისა...აბრაზებთ ის ფაქტი, რომ მათნაირი არ ხარ და არასოდეს გპატიობენ განსხვავებულობას.....ამ დროს უნდა გაიქცე თორემ დაგფლეთენ.....მე ვერ გავიქეცი და შენც ხედავ..მსხვერპლი ვარ.
- მე არ მინდა ასეთი სწავლა. ჯოჯოხეთად მიქციეს აქაურობა და ყველაზე მეტად რაც მთრგუნავს ისაა, რომ თქვენ ჩემს გამო ხართ ამ დღეში.- ძლივს ამოვთქვი სუნთქვაშეგუბებულმა.
- სწავლას მიხედე და ნაწვალებს წყალში ნუ ჩამიყრი - კი არ მთხოვა, მიბრძანა იმ მადლიანმა.- რომ მცოდნოდა ყველაფერი ასე წარიმართებოდა, მაინც იგივეს გავაკეთებდი, რაც გავაკეთე....დანარჩენზე კი შენ იფიქრე ახლა - თბილად გამომემშვიდობა და დამტოვა უნივერსიტეტის ეზოში..გრძნობამოშხამული და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული..
3
მერე თანდათან ყველაფერი დალაგდა.
მე ახლა უფრო მეტ დროს ვუთმობდი სწავლას.
ახლა უკვე პასუხისმგებელი ვიყავი არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ჩემი კეთილისმყოფელის წინაშეც.
რამოდენიმე თვის შემდეგ სამწუხარო ამბავმა მოაღწია ჩემამდე...თამარს ოჯახი დანგრევია იმის გამო, რომ თურმე მის ქმარს გაუგია ცოლის "სასიყვარული თავგადასავალი" ვიღაც სტუდენტთანო..
ო, როგორ უყვარს ხალხს ასეთი ჭორების დაჯერება....იმდენად ახარებთ ადამიანის დაცემა, რომ ოდნავადაც კი არ შეიტანენ ეჭვს მოსმენილში..
მე მაშინვე გავარკვიე ჩემი კეთილისმყოფელის ბედი...
სოფელში წასულა შვილებთან ერთად და იქაურ სკოლაში დაუწყია მუშაობა.
ბევრჯერ დავაპირე მისი მოკითხვა და მონახულება, მაგრამ ვერცერთხელ გავბედე...სანამ მის იმედებს არ გავამართლებდი, თითქოს არ მქონდა მორალური უფლება მასთან მისვლისა.
4
ამასობაში დრო გადიოდა ..თვეს თვე მიჰყვა..წელს წელი და მე დავამთავრე ჯერ ბაკალავრიატი, შემდეგ მაგისტრატურა..
დავიწყე მუშაობა და გადავედი ახალ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მცირე მეჩვენებოდა იმ მსხვერპლის ფონზე, რომელიც თამარმა ჩემთვის გაიღო.
და აი ერთ დღესაც მე წავედი მის სანახავად...
-"'ნეტავ ისევ ისეთია თუ შეიცვალა? - ვფიქრობდი და რაღაც უცნაურად ვღელავდი.
- იქნებ მის მიმართ გამოვლენილმა უსამართლობამ შეცვალა და გააბოროტა იგი?
იქნებ ჩემს დახმარებასაც ნანობს, ვიღაც უცხოს რომ შესწირა თავისი კარიერა?
- მე თუ ვინანებდი მის ადგილზე?- მოულოდნელად დავუსვი კითხვა ჩემს თავს და შევცბი ..აქამდე ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ.
- კი ვინანებდი.- გულწრფელად ვაღიარე და კაეშანი მომაწვა...ჩემმა სიმცირემ და პატარაკაცობამ საშინელ ხასიათზე დამაყენა.
5
სოფელში მისული პირდაპირ სკოლას მივადექი.
გული გამალებით მიცემდა." ნეტავ როგორ შემხვდება"- ეს ფიქრი არ მაძლევდა მოსვენებას.
- უკაცრავად.- ვეკითხები სკოლის დერეფანში შემხვედრ შუა ხნის ქალს.- ქალბატონი თამარ ნ. აქ ასწავლის?
-დიახ. აქ ასწავლის - მიპასუხა ოდნავი გაკვირვებით.
- სად შეიძლება მისი ნახვა?
- ახლა გაკვეთილზეა მეთერთმეტე კლასთან...თქვენ ვინ ბრძანდებით?
- ნათესავი ვარ მისი და აუცილებლად უნდა ვნახო - უნამუსოდ ვიცრუე და ცოტა არ იყოს შემრცხვა.
- კი ბატონო..აგერ იმ საკლასო ოთახში მიბრძანდით - მითხრა ქალმა და კარზე მიმითითა..
მე მადლობა გადავუხადე და კარს მივადექი.
"ღმერთო..ნეტავ როგორ შემხვდება" - ვერ ვიშორებდი ფიქრს.
ბოლოს საგულდაგულოდ შეფუთულ ყვავილებს ქაღალდი შემოვახიე...ნერვიულად დავჭმუჭნე და იქვე კუთხეში მდგარ სანაგვე ყუთში მოვისროლე.
-" რაც არის, არის...რადგან მოვედი..ხომ უნდა ვნახო"- ვთქვი და კარზე დავაკაკუნე.
-შემოდი - გამომძახეს ოთახიდან.
მე კარი შევაღე...თამარი მასწავლებლის მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა...
ისევ ისეთი ლამაზი და ისევ ისეთი სათნო.
- შეიძლება ქალბატონო თამარ?- ღიმილით ვიკითხე.
მან შემომხედა..წამიერად დამაკვირდა და სიხარულით გაუბრწყინდა თვალები.
- გიოო- იყვირა და სკამიდან წამოხტა.
გაოცებული კლასის წინ ისე მეხვეოდა, როგორც ომიდან დაბრუნებულ შვილს დედა..
ბოლოს, როდესაც ემოციები დაცხრა და ერთმანეთი მოვიკითხეთ, თამარი ბავშვებს მიუბრუნდა :
- ეს არის ჩემი ყოფილი სტუდენტი..გამორჩეული სტუდენტი.
მე ბავშვებს ღიმილით მივესალმე და ჩემის მხრივ დავამატე:
- ქალბატონ თამარს ჩემს მიმართ დედობრივი ღვაწლი აქვს.
- კარგი ერთი.ნუ გიყვარს გადაჭარბება- სიცილით მითხრა.
-არაფერიც.- ვიწყინე მე .- ქალბატონო თამარ.შეიძლება რაღაც გთხოვოთ? - ვკითხე უცებ.
- მთხოვე მერე, რა შორიდან მივლი - სიცილით მითხრა და ჩემგან მირთმეული ვარდების თაიგული ახლაღა დაასვენა მაგიდაზე.
Комментарии 1