ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა. არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა. სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია. რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია. მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ? გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი. მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი. ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა, თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა, რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა. ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?! ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა. გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა..
ვნებების კალამით ტანს აწერ სტრიქონებს,
მოუსმენ სხეულის მუსიკის არიას
და ღამე სარეცლად ცას შემოგიგორებს,
ღამესაც ლოყაზე ვნებების ხალი აქვს.
გრძნობების წუთებს თვლი ვარსკვლავთა ცვენაში,
ვნების კრიალოსანს აკინძავ მძივებად,
სხეულის მუზათა სონეტის წერაში,
იწვიმებს განცდები ვერცხლისფერ წვიმებად.
გამართა მეფური ნადიმი ღამემაც,
წამოწოლილია ოცნების გორაზე,
საათის სცენაზე იცეკვეს წამებმაც
და შექმნეს როლები დღის ნაამბორალზე.
იჩქარის პაემანს, ვარსკვლავი თავნება,
ღამეს ემალება ზეცისგან ოტებულს,
შენ მთვარის ზეწარშიც ვერ მალავ ამ ვნებას,
სხეულის მუზათა სონეტად წოდებულს!