რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი
ხელუხლებელი როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლოდ, დაე ვცდებოდე,
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული!
უფალო, ყური მოაპყარ ჩემკენ,
თხოვნა მაქვს მცირე და უმნიშვნელო,
რაკი არ მკითხე და ისე შემქმენ,
რას იზამ, შენვე უნდა მიშველო.
მე დავიცალე რჩეულ სიტყვებად,
მათ ვტოვებ, როგორც წმინდა ნაწილებს,
მგონი არც ვინმეს ვალი მიმყვება,
არც წყევლა-კრულვით ვინმე მაცილებს.
მათუსალობის არ ვარ მდომელი,
სიკვდილშიც არვინ არ მეცილება,
ვიცი, გარდაქმნა ბევრჯერ მომელის,
ბევრი მომელის სახეცვლილება.
წინ გრძელი გზა მაქვს ბნელით მოცული,
უსასრულო და უსწორ-მასწორო,
ფრთოსნად, ბალახად, წვიმად მოსული,
მშობელ ქვეყანას არ მომაშორო.
აქ დავასვენებ ჩემს დაღლილ სხეულს,
სადაც მის მცველად უნდა ვმდგარიყავ,
ფრინველად ქცეულს, მცენარედ ქცეულს,
საქართველოდან ნურსად გამრიყავ.
ჭურჭლად, რაც გინდა მიეცი ჩემს სულს,
როგორც სიმაღლის ნატვრა მ