ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს, და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.
ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო. აბა ვინ მეტყვის რა არის სიყვარული, ვინ ჩასწვდება სიყვარულს?” – დასვამდა შეკითხვას გაბრიელ ბერი და თვითონვე პავლე მოციქულის სიტყვებით განმარტავდა:
”სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (1 კორ. 13:4). ”
ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება. სიყვარული მთავარია, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული. ნურავის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისთვის, ისე არაფერი გამოვა”.
სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. ღმერთს უყვარს საქმე. კეთილი საქმე არის სიყვარული.
მოყვასის სიყვარული არის, როცა თქვენი მოყვასი სნეულია და შველა სჭირდება, წამალი კი, შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს. აი თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან.
ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია.
ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია.
გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ვინც შეინარჩუნებს – ის გადარჩება.
ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? ჰკითხეს გაბრიელ ბერს. – ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა.
შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შევიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს, უნდა გეწყალებოდეს და აქედან მოდის სიყვარული.
სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასათვის უნდა გინდოდეს.
როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.
იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1