დიდება, ღმერთო, შენებურად რომ მსჯი და მწყალობ,
როცა კარგად ვარ, მავიწყდება და არა გმადლობ,
როდესაც ვხვდები დანაშაულს, ცრემლებით ვნანობ,
რამდენს მპატიობ, მოწყალეო, სინდისით ვდარდობ.
უკანასკნელი მღვდელთა შორის უღირსად ვგალობ,
ფარისეველი ისე გავხდი, ვეღარც კი ვატყობ,
სხვებს განვიკითხავ დაუნდობლად, ეგოიზმს ვამხობ,
განსაცდელები არ მელევა, ბოღმისგან ვჯავრობ.
საქართველოდან რომ წავიდე, ამასა ვნატრობ,
უგულოდ როცა მკითხულობენ, "ცუდად ვარ, ვამბობ",
მარტო ხშირად ვარ, მეტირება, სიყვარულს ვნაღვლობ,
ვცდილობ დავმშვიდდე, არ გამომდის, სევდითა ვწვალობ.
თუ ვინმე, რამეს მედავება, არაფერს არ ვთმობ,
შუახანს უკვე გადავცილდი და მაინც ვბალღობ,
არის თუ არა ჩემი საქმე, იმაზეც ვბრაზობ,
როცა ძალიან ვნერვიულობ გონებას ვათრობ.
წუთისოფელში სტუმარი ვარ, მკვიდრივით ვსახლობ,
ბევრი მეტკინა ჩემებისგან და ძალად ვხარობ,
სულით გაყინულს, როცა ვნახავ, სიტყვებით ვათბობ,
შურიან თვალებს ვერიდები, მხილებით ვაქრობ.
ყანაში ღვარძლს რომ დავინახავ, უმალვე ვახმობ,
მაცდური აზრი თუ მესტუმრა, ფიქრშივე ვაჭკნობ,
აყრილს და დაყრილს ვერა ვგუობ, ადგილზე ვაწყობ,
კაცის კაცურს და ქალის ქალურს დაფნებით ვამკობ.
მამა გიორგი თევდორაშვილი.
10.01.21.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев