ერთმანეთს ამჯერად გიორგი გაბუნიას გუნდის წევრი ცირა კობიაშვილი და ჟიურის წევრი სოფო ნიჟარაძე დაუპირისპირდნენ. ორი სკამის კონკურსზე სოფომ ცირას შესრულება კრიტიკულად შეაფასა და აღნიშნა, რომ მასში ვოკალურ მონაცემებზე მეტი არტისტიზმია და მხოლოდ ამის ხარჯზე აღმოჩნდა ორ კონკურსანტს შორის.
ცირას კრიტიკა ამით არ დასრულებულა.
„შეყვარებული მოგიკვდა თუ დედა გაფრინდა ცაში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩემთვის ეს სპეკულაციის კი არა, მუსიკალური კონკურსია!“ - ნიკა გვარამიამ ამ რეპლიკით, რომელიც მიშო სულუხიას გამოსვლას მოაყოლა, ცირა კობიაშვილსაც გაჰკრა კბილი.
- ცირა, ნიკა გვარამიას სიტყვებზე გაბრაზდი?
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ნიკა გვარამიას სიტყვებს ვეთანხმები. უბრალოდ, ხალხმა მიიღო სხვანაირად, თორემ მეც ისევე ვფიქრობ, როგორც ნიკა. თუ სმენა არ გაქვს და ვერ მღერი, ვერანაირი ისტორია ვერ გიშველის. მიშო სულუხია ორი სკამის კონკურსზე, დანარჩენი მონაწილეებისგან განსხვავებით, პერფორმანსით წარდგა. გაბუნიამ შენიშნა, რომ ეს წარმოდგენების ტური არ იყო, რაც, რატომღაც, ნიკამ სხვანაირად მიიღო - თითქოს მე ჩემი ისტორიით, ნაკაშიძე კი თავის ჯარისკაცობით ვმანიპულირებდით. პროექტში ჩემი გამოსვლა ტრაგიკული ისტორიის მანიპულირებას არ ემსახურება. ხმა რომ არ მქონდეს და სუსტი მომღერალი ვიყო, გიორგი გაბუნია ორი სკამის ტურიდან გამიშვებდა. ვინ ლამაზია, ვინ მახინჯია და ვის რა ისტორია აქვს, ეს ყველაზე ნაკლებად ჩემს მენტორს აინტერესებს. შეიძლება, ნიკას ვეთანხმები, მაგრამ მისგან ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვები ძალიან მეწყინა, ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო.
- სოფო ნიჟარაძის შეფასებაზე აშკარად გაბრაზდი და ისიც თქვი, რომ ვერ გიტანს...
- ნიკა გვარამიასი გავიგე, მაგრამ სოფო ნიჟარაძის ჩემდამი დამოკიდებულებას ვერ ვხვდები. 4 სკამის კონკურსიდან ჩემ მიმართ დღემდე კრიტიკულია და არ ვიცი, რატომ. ალბათ, არ მოვწონვარ, გემოვნების ამბავია. სიტყვა „უტრირებული“ მისგან ყურში ძალიან ცუდად მომხვდა. სცენაზე რომ გამოვდივარ, სიმღერაში ნამდვილ ემოციას ვდებ, ამიტომ სოფოს ვერ დავეთანხმები, რომ ეს ყველაფერი დადგმულია. შეიძლება ის ხედავს ასე. როცა შენს მაქსიმუმს აკეთებ და ამ დროს გეუბნებიან, რომ პროექტში ვიზუალის გამო ხარ, რა თქმა უნდა, საწყენია.
- კრიტიკა როგორ მოქმედებს შენზე?
- ძალიან ცუდად! თავიდანვე აღვნიშნე, რომ ასეთი მასშტაბური შოუსთვის მზად არ ვიყავი, თუმცა ისიც მინდა, ვთქვა, რომ გიორგი გაბუნია ძალიან მაგარი მენტორია, რადგან ყოველი ასეთი კრიტიკის შემდეგ, ერთმანეთს ვხვდებით და ვლაპარაკობთ. მამშვიდებს და არ მაძლევს უფლებას, რომ ჭკუიდან გადავიდე. გამუდმებით ცდილობს, რომ მისი გუნდის წევრები გამორჩეულები ვიყოთ და არც შენიშვნებს იშურებს. პირადად მე სულ მეუბნება, რომ მეტი თავდაჯერებულობა მმართებს და, გარეგნულ სილამაზეზე მეტად, ვოკალური მონაცემები უნდა წარმოვაჩინო, რაც ჩემში არის კიდეც.
სოფო ნიჟარაძემ Funtime-თან ცირას მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
- სოფო, ცირა კობიაშვილს პროექტში გამოჩენისთანავე დადებით შეფასებებს აძლევდით. რატომ შეიცვალეთ მის მიმართ დამოკიდებულება ორი სკამის კონკურსზე?
- ეს იმიტომ მოხდა, რომ ცირას გამოსვლა არ მომეწონა. სხვა რა მიზანი უნდა მქონდეს? პლუსები, რაც ცირას აქვს, ორი სკამის ტურზე აღვნიშნე კიდეც. ძალიან ლამაზი და სექსუალური გოგოა. თავის წარმოჩენა კარგად შეუძლია, არტისტიზმიც აქვს, მაგრამ ბოდიშს ვიხდი, თუ მისი ერთი შესრულება არ მომეწონა. ჩემს შეფასებაში გასაკვირი არაფერია. ცირა კი არა, ვიღაცებს მსოფლიო დონის მომღერლებიც არ მოსწონთ, რაც ბუნებრივია. ბევრ მონაწილეს არ ვასხამთ ხოტბას, მაგრამ ასეთ შემთხვევებში კონკურსანტებს არაადეკვატური რეაქციები არ აქვთ. ჟიურის წევრები იმისთვის ვართ, რომ შენიშვნაც მივცეთ. მალიბუმ რა უნდა თქვას, რომელმაც იბრძოლა და თავისი შეცდომები გამოასწორა?! შეფასებებისადმი ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, ჟიურის კი არა, თავად კონკურსანტს ავნებს.
- არაადეკვატურ რეაქციაში რას გულისხმობთ?
- „ვერ მიტანს ტიპი“ - ეს ცირასგან ძალიან ცუდი გამოთქმა იყო. როგორ შეიძლება, კონკურსანტს ვერ ვიტანდე? შეიძლება ორი სკამის კონკურსზე მისი შესრულება არ მომეწონა, მაგრამ, თუ მისი მომდევნო გამოსვლა მომეწონება, ერთი წამითაც არ დავიხევ უკან, რომ ეს ვაღიარო.
- ორი სკამის ტურის შემდეგ ცირასთან არ გისაუბრიათ?
- არა. ჩვენ ერთმანეთს, ჟიურის სხვა წევრებთან და კონკურსანტებთან ერთად, რეპეტიციებზე ვხვდებით, თუმცა არაფერზე გვისაუბრია.
- დაბოლოს, 4 სკამის კონკურსის დღეს ძალიან გაბრაზებული ჩანდით, ნამტირალევიც იყავით. შთაბეჭდილება დატოვეთ, რომ პროექტში დათო ფორჩხიძის გამოჩენა არ გესიამოვნათ. ამის შესახებ რამდენიმე შეკითხვაც დაგისვით და გაბრაზებულმა მიპასუხეთ. რატომ?
- ჩემი ტირილის მიზეზი დათო ფორჩხიძე არ ყოფილა. იმ დღეს, როცა one side - ში 4 სკამის კონკურსის საყურებლად შევიკრიბეთ, 2 სკამის ტურის ჩაწერა იყო. კონკურსანტების გაშვების გამო ვიყავი ანერვიულებული. დათო ფორჩხიძე არაფერ შუაში იყო. დღესაც რომ ვუყურე ორი სკამის კონკურსს, ისევ არ მესიამოვნა, რაც გავაკეთე. ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება მომიწია.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев