დამაგვიანდა...
===================
დამაგვიანდა, შენში ახლა სხვა მზე ანათებს,
სულ სხვა გიამებს ღამეებით გათანგულ ხედვას.
სად აგცდი ნეტავ, მიზეზი თუ შედეგს ამართლებს,
დღეს უიმედო მოლოდინით ნატვრებსაც ვბედავ.
დამაგვიანდა, ალბათ ძალზედ ნელა ვიარე...
რად ვერ გიგრძენი ჩამიარე როდესაც გვერდით!
შენთან კი არა, სიცოცხლესთან დავაგვიანე,
არადა, იცი, ყველა ბარათს მე შენთვის ვწერდი.
მერე ცხოვრებამ მიმაყენა სადღაც კუთხეში,
დაგვიანებულ მოსწავლეებს სჯიდნენ როგორაც,
და ჩამიტარა გაკვეთილი ისე უხეში,
ცრემლმორეულმა ვერ შევძელი ლექსად მოყოლაც.
დამაგვიანდა, შევალიე ამ ლოდინს წლები,
მოღალულ ფიქრებს გავუხუნე ყველა მიზანი.
იმ ცხოვრებაში დავიჯერებ, ჩემთან იქნები
თუკი ლოდინით გათანგულმა, ისევ გიცანი.