არასოდეს!
მთვარე დიდმუცელა, სავსე მომწონს,
კაცი კეთილი და გულით მწველი,
ჩვილი მიხარია ძუძუს რომ სწოვს,
დედის მკერდზე რომ აქვს ცალი ხელი.
სხვათა გასაჭირი ამტკენია,
თვით ვარ უსარგებლო და უძლური,
მშიერ–უსახლკარო რამდენია,
გული დარდით რომ აქვთ დახუნძლული.
ღარიბს ხმელი პური დასტკბობია,
რადგან მცირე აქვს და სანატრელი,
მდიდარს გულ–მუცელი დასტყობია,
ქვეყნად არ ადარდებს არაფერი.
მთვარე ორსულივით მიდი–მოდის,
დილას დაბადებს და დაისვენებს,
მიწაც დაწყნარდება, მაგრამ როდის?
ცოდვას წარსულად რომ გაიხსენებს.
ჭირში გაიწრთობა სული კაცთა,
ლხინი სახადია, კვალს არ სტოვებს,
სხვისი ტკივილი თუ კვნესად დაგცდა,
ღმერთი არასოდეს მიგატოვებს.
მთვარე დიდმუცელა, სავსე მომწონს,
კაცს კი რწმენა–მადლი უნდა ჰქონდეს,
ჩვილი, ძალას მაძლევს ძუძუს რომ სწოვს,
გადავშენდებითო? –არასოდეს!
/ნანა მეფარიშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 7