*******************************************
თუმცა ცხოვრებამ გადამღალა ამაოებით,
მჯერა, თქვენსავით კალაპოტში მალე ჩავდგები,
მე ბედისწერამ მიმაჯაჭვა, მაგრამ დროებით
ვიცი, სულ მალე მეც თქვენსავით ფეხზე დავდგები.
არა, დაცინვა გევედრებით, არ გამაგონოთ,
არც შეცოდებით მითხრას ვინმემ სიტყვები მწველი,
მე ძლიერი ვარ, ჩუმი მზერით არ დამაღონოთ,
გამომიწოდეთ მეგობრობის ძლიერი ხელი.
არავინ იცის ბედისწერა სად მოეწევა,
არავინ იცის, ვის ქვიანი ელის აღმართი,
ყველაზე მეტად თქვენი თბილი მზერა მეწევა
და თქვენი ლოცვა გულიანი სიტყვით გამთბარი.
არაფერს ვითხოვ, მაგრძნობინეთ თვალებით სითბო,
მეც ხომ თქვენსავით სიცოცხლისთვის ბრძოლა მჭირდება,
თქვენი სიტყვებით გაყინულ გულს დრო და დრო ვითბობ,
თქვენს გვერდით სუნთქვა არასოდეს გამიჭირდება.
ნეტა ჩემ მკერდში გასმენინათ ფეთქვა გულისა,
ცხოვრების ბედმა დროებითი მომცა სასჯელი,
არ დავნებდები ჩამითრიოს ტანჯვამ სულისა,
ჩემს უკან, იცით ეტლიანი იცდის რამდენი?
იცდის მომავლის იმედით და ფიქრი ზღვას ერთვის,
იცდის, ხვალ იქნებ ძალა მისცეს უფლის განგებამ,
მეც იმ ათასში ის ერთ-ერთი გოგო ვარ ეტლით,
ვინც თქვენგან მხოლოდ სითბოს ითხოვს, გულს და გაგებას.
მარინა ყიფიანი
15.09.2015
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев