გადამედე და გამირთულდი, როგორც სახადი,გრძნობებს სიცხიანს მოსდებია ალმური შენით,თურმე, რარიგად მიცხოვრია,ვიდრე გნახავდი,
ახლა, კი გული ამომიჯდა სხვაგვარი ქშენით.
როცა ახლოს ხარ, სიხარული თავს ვერ გატოლებს
ნატვრის სურვილი ფორიაქა სულში მიძვრება,
და ისე, როგორც ბავშვობაში შეყრილ ბატონებს,
ვერ გამაწბილებ, გავბრაზდები, არ შეიძლება.
მოგიხმობ, მინდა აგარიდო ხალხმრავალ ადგილს,
შენ აღმაფრენად გასაშლელი ჩემი ფრთები ხარ,
ხომ იცი ჩემო, სიყვარული სუყველგან დადის,
ვერსად გაგიშვებ, მე ვიცი რა გადამდები ხარ.
ხედავ რარიგად გამირთულდი, ვით სნეულება,
გულზე სიგიჟედ მომდებიხარ, როგორც სახადი,
გრძნობა, ამაზე უფრო დიდი არ მეგულება,
არადა, როგორ მშვიდად ვიყავ ვიდრე გნახავდი.