__________________________________________________________________
ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძიდან 30 კმ-ის მოცილებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდეში ნაკვეთი XII ს-ის ქალაქი-მონასტერი ვარძია მდებარეობს, რომელსაც კლდის არქიტექტურის არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ისტორიაში, გამორჩეული ადგილი ეთმობა. ვარძიის აგება დაკავშირებულია წმ. თამარ მეფის მამის – მეფე გიორგი III-ისა და თავად თამარის სახელთან. კომპლექსი გამოკვეთილია კლდის 500 მ-იან გრძივ ზოლში 13 იარუსად. მასში 600-ზე მეტი ქვაბულია განთავსებული. კომპლექსი უზრუნველყოფილი იყო წყალგაყვანილობის სისტემით და სასმელი წყლით. აქ განსხვავებული დანიშნულების ოთახებიც გვხვდება: ე.წ. “აფთიაქი”, “თამარის დარბაზი”, “სალხინო”, “სატრაპეზო” “საჯინიბო” და სხვა. ვარძიის მთავარ ნაგებობას ღვთისმშობლის მიძინების დარბაზული ეკლესია წარმოადგენს. მისი XII_XIII ს-ეების მიჯნის მშვენიერი მხატვრობა რელიგიურ სიუჟეტების გვერდით მოცემულია თამარ მეფისა და მისი მამის, გიორგი მეფის პორტრეტებსაც მოიცავს. ვარძიის ძველადვე დაზიანებულ კომპლექსში მხოლოდ ორი მიწისზედა ნაგებობა იყო: ორსართულიანი სამრეკლო, რომლისგან დღეს მხოლოდ პირველი სართულია დარჩენილი, და მთავარი ეკლესიის სტოა-კარიბჭე (ორივე – XIII ს.). მნიშვნელოვანია ანანაურის დასახლება, რომლის კლდეში ნაკვეთ X ს-ის ეკლესიაშიც XIII და XIV საუკუნეების შესანიშნავი კედლის მხატვრობაა შემორჩენილი. ამჟამად ვარძიაში მამათა მონასტევარია.
იდგა, ვით კლდეში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს - მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული,
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.
ათასი კიბით, ათასი ხვრელით
ჟღერდა, მღეროდა სიცოცხლე ქვიდან
და შემართული ოსტატის ხელი
მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა.
ჰკვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა,
ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით
და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად
ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები.
იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით -
ქალაქი კლდეში გამოქვაბული
და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს
ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული.
ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი
ჰყვაოდა მართლა გასაოცრადა...
აქ ფეხშიშველი იდგა თამარი
და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა.
თვით ემხობოდა დამამხობელი,
ვინც საქართველოს ორმოს უთხრიდა,
და გამარჯვების მახარობელი
აქეთ მოჰქროდა ოთხივ კუთხიდან.
იდგა, ვით ცაში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს - მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.
გრიგოლ აბაშიძე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев