უფალმა უცვლელი კეთილი და მომღიმარი სახე მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
- იცოდით ნება ჩემი?
-ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ ვიცი, არ წამიკითხავს. *
- შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა.
- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.*
- შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! - მიუგო პირველმა.
მეორე ისევ სდუმდა.
- შენ?
- რა?
- მოგიკლავს ადამიანი?
- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი. *
- გითქვამს ტყუილი?
- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი... ბევრი.*
- გიმრუშია?
- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!
- დაგიგმია ღმერთი?
- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, აი, ის კი ხშირათ.
- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?
- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.
ყველა დადუმდა.
- რა გსურთ ახლა? - დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! - საჩქაროთ უპასუხა პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ?
- ნუ მათქმევინებ - განმრისხდები, უფალო!
- მოგენიჭოს! - ბრძანა გულთამხილავმა უცვლელმა, და სახე გაუნათდა.
მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.
- მე რაღა, უფალო? - შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.
მ . რ .
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев