"არ ვიცი, როგორ აგიხსნა,
რატომ იკლავენ ადამიანები თავს,
მაგრამ ვიცი, როგორ უნდა მოვიკლა თავი.
როგორ მინდა, მხოლოდ შენზე ვფიქრობდე,
მაგრამ შენზე და მარტოობაზე ვფიქრობ.
არ ვიცი ცხოვრება როგორაა მოწყობილი,
ჩემი ცხოვრება მოუწყობელია.
ორი რამ ცოცხლობს ჩემში სულივით,
სიყვარული და სევდა,
ისინი ისე ჰგვანან ერთმანეთს,
როგორც ღია ჭრილობის მხარეები,
რომლის შეხორცებისაც მეშინია.
ღმერთმა იცის,
რამდენჯერ ჩამწყვეტია გული ადამიანების თვალწინ
და გამიგრძელებია გზა,
მაგრამ არცერთხელ,
არც ზურგიდან და არც მკერდის მხრიდან
არ დაუძახია,
არ გამომკიდებია
და არ დაუბრუნებია არავის ეს გული უკან.
დავდივარ ქუჩებში
და მხარზე,
ქურთუკივით მაქვს მოჭრილი ფრთები გადაკიდებული.
არ შემიძლია აგიხსნა,
რატომ იკლავენ ადამიანები
ძილს ვერაფრით მივეჩვიე.. ექიმებს ვერ ვაჯერებ, რომ თვალებში ყვავილების ბაღი მაქვს და თუ დიდხანს დავხუჭავ, მომიკვდებიან. ყვავილებიც მომიკვდებიან. ისედაც ხომ ყველა მიკვდება.. ნეშომპალების სუნს ვერ ვიტან, მაშინებს..
ისევ მაძალებენ, რომ მალევე ჩავაქრო ოთახში სინათლე, თორემ მწერებით აივსებაო.. ისედაც ვიწრო ფანჯრიდან, ძლივს აღწევს სამყარო.. აქ მწერებს რა უნდათ, აქ არავის ადგილი არაა. არც ჩემი, მაგრამ არ მიშვებენ.
პლასტელინისგან ტალღები გამოვძერწე და ლოგინთან მიწყვია. ველოდები როდის გაწვიმდება, რომ ტალღები აბობოქრდნენ და იქნებ წყალმა მაინც წამიღოს, იქნებ სუნთქვა შემეკრას და აღარ ინათოს.. მაგრამ არაფრით გაწვიმდა, რომ გათენდება ქაღალდისგან ღრუბლებს გამოვჭრი. როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ თუ ღრუბლები არ მ