"ერთ დიდ პიროვნებას ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არისო. ის დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნება არისო, როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის არის მართალი და ყველა მტყუანი, როცა სიმართლეს ხედავს მხოლოდ თავის თავში, თავის მოქმედებაში და აზროვნებაში. საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება. აი ეს ქმნის გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისებაა, როცა ადამიანს შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს. უდიდესი დადებითი თვისებაა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს, რომ ის არ იყო სწორი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ შენში არ არის ჭეშმარიტება"