***********************************
ცივ ეკრანიდან მოფერება ვისწავლე ხალხის,
ემიგრაციამ მე სხვა შანსი არ დამიტოვა,
ბედი ყოველ დღე წასაქცევად ცხელ ტყვიას მახლის,
მაგრამ უფალმა სულში რწმენა შემომიტოვა.
ცივ ეკრანიდან დატირება ვისწავლე დედის,
ტაძრის კედლებში უმალ ვპოვე თავშესაფარი,
დანთებულ სანთლებს საქართველოს ვავედრე ბედი,
მწამს გადარჩენის, ღვთისმშობლისა ვართ წილნაყარი.
ცივ ეკრანიდან დარიგება ვისწავლე შვილის,
ასე, შორიდან მის გზა-კვალის ვიქეც ლამპარად,
ხან სასთუმალთან ანგელოზი ვიყავი ძილის,
ხან უნებლიედ დარჩენილა ბედისამარა.
ცივ ეკრანიდან გავეცანი უცნობ შვილიშვილს,
პირველ ნაბიჯებს ვავედრებდი ზეცაში უფალს,
მოვფერებივარ მონატრებით მრავალჯერ სხვის შვილს,
თვალს ვარიდებდი, ცრემლებიანს, დარდიანს, მწუხარს.
ცივ ეკრანიდან ვერ ვისწავლე ახდენა ნატვრის,
ვერ გადავცურე ნაპირამდე სევდის მორევი,
რამდენჯერ თავზე დამათენდა, ვერავინ დათვლის,
მხოლოდ უმთვარო ღამე გახდა ჩემი მომრევი.
ღამეს ვაბარებ დღემ რაც ცრემლი შემომატოვა,
კუთხეში ვმალავ სახეს ახსნილ ღიმილის ნიღაბს,
ემიგრაციამ მე სხვა შანსი არ დამიტოვა,
სხვისი ქვეყნიდან სამშობლოსკენ ცრემლებით მზირალს.
მარინა ყიფიანი
06.09.2020
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 7