მას დააბრალეს ყველა ცოდვები,
ლამის მან შექმნა ლოჟა მასონთა…
ის, რომ ახალი შექმნა ნოტები,
ვინღა ფიქრობდა, ვისღა ახსოვდა.
იქ მტრობა იყო გზად, თანაც ხიდად,
უნიჭო ბოღმას თან სდევდა სევდა.
ამ დროს მოცართი, შხამს სვამდა მშვიდად
და ღმერთთან ერთად რაღაცას წერდა…
ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა
და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს
სიჩუმე ხეთქავს ყური ბარაბანს,
მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს.
ტონით მონურით,
მონოტორულით,
მე მასწავლიდნენ–რა შემერგება...
ვუსმენდი ვთმობდი,–
თუმცა ვერ ვგრძნობდი...
ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შგნება.
ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით,
სასუფეველში ადგილს იბევებს.
გამოზუთხული ხშირი პირჯვარით
ცოდვა არ იკლებს,ცოდვა იბევრებს.
ფარისეველი ტაძარს აშენებს,
ოქროს ათეთრებს, ოქროს აშვიდებს.
ეს, არ მგონია, მეც დამამშვენებს,
ეს, არ მგონია, მეც დამამშვიდებს.
როცა ასაკი დამინთებს სანთელს,
უსასრულობა გახსნის დარაბას,
ნეტავ,ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს,
ღმერთს თუ ბარაბას?