08.08.-ში ფოთში ვიყავი. დაახლოებით ეს დრო იყო როცა ფოთი შეზანზარდა, მშობლებთან და 2 დასთან "ბაში-აჩუკს" ვუყურებდი მახსოვს, ველოდებოდით საინფორმაციო ჩართვას რომ ახალი ინფორმაცია გაგვეგო. შეზანზარებიდან რამდენიმე წამში დენის წასვლას პანიკა მოჰყვა სამეზობლოში. ბავშვები ცხარე ცრემლებით ტიროდნენ, თვითონ დასამშვიდებელი დედები შვილებს აწყნარებდნენ. იმ ღამით არავის დაუძინია, ცას კი რუსული თვითმრფინავები უვლიდნენ წრეს. არანაირი ცნობა არ გვქონდა რა მოხდა, მხოლოდ ის გავიგეთ რომ პორტი დაბომბეს. მეორე დილით კი საშინელი ამბავი გავიგეთ, 30 წლის მეზობელი ბიჭი შეეწირა ამ ბომბს, შეეწირა კიდევ რბილი ნათქვამია. ( ბომბს შეეწირა ჩემი სკოლელი ბიჭი რომელმაც იმ წელს დაამთავრა სკოლა და ჯარში წაიყვანეს. დილით დიდი ხნის დუმილის შემდეგ მამამ რამდენიმე სიტყვა ამოუშვა პირიდან დედას მიმართულებით, "ბავშვები სადმე უნდა გავუშვათ!", დედა თანახმა იყო და მე ჩემს დებს გადავხედე რომლებიც მკვახე უარზე იყვნენ რამაც ძალიან გამახარა, "ბავშვები" გავჯიუტდით! ვერსადაც ვერ გაგვიშვეს მშობლებმა! აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ მეორედ დევნილობა არ გვინდოდა, საკუთარ მიწა-წყალზე!
არც მაშინ და არც ახლა დიდად არ მაინტერესებს ვინ დაიწყო ომი, ჩვენ თუ რუსებმა. რაც ამ ომს ეხება ყველაფერში რუსეთს ვადანაშაულებ და თან ძალიან მკაცრად. 6 წელი გავიდა მას შემდეგ და ეს დღე სულ მახსოვს, სულ. ვუყურებ პოლიტიკოსებს და "ექსპერტებს" ჰალსტუხებში, და სულ როცა ეს დღე ახლოვდება იმას მსჯელობენ ვინ დაიწყო ომი, როგორ უნდა ემოქმედა მაშინ მიშას და ასე შემდეგ, დასცინიან ომის დროს ჰალსტუხს ჭამდაო, მე კიდევ დიდი ეჭვი მაქვს რომ სხვა მის ადგილას საკუთარ სასქესო ორგანოსაც მოიჭამდა. როცა ადამიანი მთავრობას შეიყვარებს მისი საქმე წასულია, გინდ ძველის და გინდაც მოქმედის, უნდა იყო სამართლიანი, არ უნდა გაგიჭირდეს ფეხი აუწყო რეალობას. მე ვფიქრობ რომ რეალობას ვუწყობ ფეხს და მიშა ამ ომში საქართველოს გადარჩენას ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც. მიშას არა იმ ჯარისკაცებს, იმ გმირებს გამოუვიდათ ვინც ომში თავი შესწირა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ კი მხოლოდ ვტლიკინებთ, ვტლიკინებთ, ვტლიკინებთ...უსასრულოდ ვტლიკინებთ! ამ ტლიკინითაც ჩრდილს ვაყენებთ გმირებს, ვინმეს შეურაწყოფისთვის სულაც არაა გინება, შეიძლება ეს ჩვენდა უნებურად გავაკეთოთ, თუნდაც ჩვენი ტლიკინით! ამიტომ ჰალსტუხიანო ბიძიებო, ჯიპიანო სამღვდელოებავ გააკეთეთ საქმე და ილაპარაკეთ ნაკლები.
ფოტოზე ორი ძმაა და ეს ფოტო შემთხვევით არ შემირჩევია, ერთი გორში ბომბს შეეწირა, მეორე ძმამ კი ეს ქვეყანა დაახლოებით 1 წლის წინ დატოვა და ძმის სანახავად წავიდა. ამის მიზეზი კი უყურადღებობა იყო, მთავრობების მხრიდან, მძიმე გაჭირვებაში დაიღუპა!
დიდება გმირებს!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3