IX საუკუნეში იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელი ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, - მას სხვა სახელი - ლომსია უნდა რქმოდა. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით კი, ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.
ქალაქი მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქაა ქალაქის ძველი ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს. ქალაქის ზოგი უბანი ამ ბორცვთა ფერდებზეა შეფენილი.
ახალციხე XIII – XIV საუკუნეთა მიჯნიდან მოყოლებული, ახალციხე სამცხის მთავართა (ჯაყელთა) საჯდომი და მთელი სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქი იყო. ახალციხის დაწინაურება იმ ხანებში დაიწყო, როცა საქართველოს მთლიანი სახელმწიფო უკვე რღვევას იწყებდა, მისი მეზობელი სახელმწიფოები კი ძლიერდებოდნენ. სამცხე-საათაბაგოს და კერძოდ, ახალციხის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა მომძლავრებულ თურქეთთან მეზობლობა. თავისი არსებობის მანძილზე ახალციხეს ბევრი ჭირ-ვარამი გამოუვლია, მას არა ერთხელ გაუძლია დამპყრობთა შემოსევისათვის, ბევრჯერ აოხრებულა კიდეც მათგან.
პირველად თემურ-ლენგი უტევს ახალციხეს (1393 წელს). 1486 წელს იაყუბ ყაენმა „...უბრძანა ლაშქარსა... რათა ჩაუდგეს სამცხეს... მათ იავარჰყვეს ქვეყანა სამცხისა და... მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქს ახალციხისა... გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი...“
მიუხედავად თავდასხმისა და რბევა-ოხრებისა, ახალციხეში, უეჭველია, მშენებლობა მაინც არ ჩამკვდარა. მშვიდობიანი პერიოდები მაინც საკმაოდ ხანგრძლივი იყო ხოლმე. ციხე-სიმაგრისა და ათაბაგთა სასახლის გარდა, აქ ეკლესიები და სავაჭრო დაწესებულებათა მოზრდილი შენობებიც იქნებოდა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს ძველი შენობები ერთიანად განადგურდა, ან ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. არ გადარჩენილა ადრინდელი საცხოვრებელი სახლებიც, გადარჩა მხოლოდ შედარებით გვიან აგებული, მაგრამ ძალიან ძველი ტიპის, საცხოვრებლები, ე. წ. დარბაზები.
1590 წელს ირან-ოსმალეთს შორის ზავი გაფორმდა. მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში, 1628 წლიდან კი ახალციხის ფაშად გამაჰმადიანებული ათაბეგები ინიშნებიან.
თურქები ახალციხეში უმთავრესად სათავდაცვო მშენებლობას აწარმოებდნენ. მათ უკვე 1586 თუ 1587 წელს შეაკეთეს ქალაქის სიმაგრე; საფიქრებელია, რომ შეშდეგშიაც აშენებდნენ ციხის ცალკეულ ნაწილებს. 1752 წელს ახალციხის ფაშამ, ჰაჯი ახმედმა, ციხეში ააგო მეჩეთი. https://www.youtube.com/watch?v=1s8MGA_2u5k
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев