გა-40 სავაჭრო დასახელება ქართულად: გა-40
გა-40 სავაჭრო დასახელება ინგლისურად: GA-40
გა-40 ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტინეოპლასტური სამკურნალო საშუალება
გა-40 ჯენერიული დასახელება comb. drug
გა-40 მწარმოებელი: შპს ”ალექსის”, შპს ”ეუბიოტიკები”
გა-40 მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გა-40 გამოშვების ფორმა ქართულად: ლიოფილიზირებული ფხვნილი ინექციისათვის 1 მგ პენიცილინის ფლაკონში
გა-40 გამოშვების ფორმა ლათინურად: Liophilized powder for injection 1mg N5
გა-40 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: შეფუთვაში 5 ფლაკონი;
1 ფლაკონში:
მცენარეული პეპტიდების კომპლექსი – 1 მგ
(პეპტიდების ქრომატოგრაფიულად გასუფთავებული სტანდარტიზებული კომბინაცია);
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი – 45 მგ, კალიუმის დიჰიდროფოსფატი – 13.5 მგ, pH 7.4.
გამხსნელი: საინექციო წყალი – 5 მლ.
გა-40 ფარმაკოლოგიური თვისებები: წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდების თანახმად, სამკურნალო პრეპარატი გა-40 ხასიათდება პირდაპირი ანტისიმსივნური და არაპირდაპირი, იმუნიტეტით განპირობებული ციტოტოქსიკური მოქმედებით სიმსივნური წარმონაქმნის უჯრედებზე.
გა-40 ანტიკანცეროგენული აქტივობის მოქმედების მექანიზმი: წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდების შედეგების თანახმად, გა-40 გამოირჩევა სელექტიური მოქმედებით. იგი მოქმედებს სიმსივნურ უჯრედებზე და არ გააჩნია უარყოფითი მოქმედება ორგანიზმის ნორმალურ უჯრედებზე. გა-40 ურთიერთქმედებს სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე განლაგებულ ტრანსმემბრანულ DR–სიკვდილის რეცეპტორებთან, რითაც იწყება სასიგნალო ინფორმაციის გადატანა სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურების რთული პროცესის შესახებ, ანუ აპოპტოზი (უჯრედების პროგრამირებული სიკვდილი), რომელსაც ხშირად მოიხსენებენ როგორც სუიციდს.
გა-40 ახდენს p53, p21 ფუნქციების ნორმალიზაციას და სიმსივნის გლუტათიონური სისტემის ბლოკირებას.
გა-40 იწვევს იმუნიტეტის ანტისიმსივნური სისტემების აქტივაციას. გა-40 ურთიერთქმედებს იმუნიტეტის მონონუკლეარული (მონოციტები, მაკროფაგები) უჯრედების ზედაპირზე განლაგებულ სპეციფიკურ ტრანსმემბრანულ რეცეპტორებთან, რის შედეგადაც ხდება მემბრანული ფოსფატიდილსერინის სტრუქტურული ცვლილება და სრულიად ახალი კლასის Ca –დამოუკიდებელი პროტეინკინაზის - Ca (PKC ε), Ca –დამოკიდებელი პროტეინკინაზების +Ca (PKC α,ү) და თიროზინული პროტეინკინაზების (TPK) გააქტიურება. აღნიშნული პროტეინკინაზული გზა იწვევს არააქტიური ტრანკრიფციული ფაქტორის (I-kB) აქტიურ ფორმაში გადაყვანას (NF-kB). ტრანკრიფციული ფაქტორის აქტიური ფორმა ახდენს სპეციფიკური გენების ექსპრესიას და სხვადასხვა ტიპის ციტოკინების, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-α), ү-ინტერფერონის (INF-ү)) სინთეზს. გა-40-ის მოქმედების აღნიშნული მექანიზმი ასევე საფუძვლად უდევს იმუნიტეტის იმ უჯრედების აქტივაციას, რომლებსაც გააჩნიათ სიმსივნური უჯრედების განადგურების უნარი: ბუნებრივი მკვლელი უჯრედები (NK–უჯრედები), T-ციტოტოკსიკური უჯრედები, მაკროფაგები და ნეიტროფილები.
გა-40-ის ანტისიმსივნური მოქმედება განპირობებულია ასევე მისი ანტიანგიოგენეზური თვისებით, რომელსაც განაპირობებს სიმსივნური უჯრედების მიერ სისხლძარღვების ენდოთელური უჯრედების ზრდის ფაქტორის (VEGF) პროდუცირების ინჰიბირება. გა-40 ანტიანგიოგენეზური მოქმედების მექანიზმით აჩერებს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას ანუ ნეოვასკულარიზაციას ავთვისებიან წარმონაქმნებში, მეტასტაზებში და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მეტასტაზების გავრცელებას ორგანიზმში სისხლძარღვთა ცირკულატორული სისტემით.
გა-40-ს გააჩნია გამოკვეთილი ანტიოქსიდანტური და ციტოპროტექტორული თვისებები, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ონკოავადმყოფების ტრადიციული მეთოდებით და პროფილაქტიკური მკურნალობის პერიოდში. იგი იწვევს უჯრედშიდა წყალბადის ზეჟანგის შემცველობის მნიშვნელოვან შემცირებას. მნიშვნელოვნად ამცირებს სეროტონინის, რძის მჟავას , პიროყურძნის მჟავას, შარდის მჟავას, ქსანტინის და წყალბადის ზეჟანგის შემცველობას. ზრდის ღვიძლში ჟანგბადის, ცილების, შეუცვლელი ამინომჟავების და ატფ-ის შემცველობას.
გა-40 წარმოადგენს იმუნომოდულატორს და მიეკუთვნება იმუნოკორექტორების ანუ იმუნოსარეაბილიტაციო ტიპის პრეპარატების კლასს. გა-40 აღადგენს იმუნიტეტის T და B უჯრედული სისტემების მაჩვენებლებს. გა-40-ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად არ ხდება მის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნა, სისხლში აღინიშნება T-საერთო, T-აქტიური, T-ჰელპერების, T-ციტოტოქსიკური, T-სუპრესორების, ბუნებრივი მკვლელი უჯრედების (NK-უჯრედები), ლეიკოციტების, მაკროფაგების, თრომბოციტების, ეოზინოფილების, ბაზოფილების, ჩხირბირთვიანების, სეგმენტბირთვიანების, მონოციტების დარღვეული რაოდენობრივი მაჩვენებლების ნორმალიზაცია; აღადგენს სისხლში იმუნოგლობულინების შემცველობის მაჩვენებლებს; ამცირებს ერითროციტების დალექვის სიჩქარეს;
გა-40 აღადგენს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით დარღვეულ სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებს. კერძოდ, აღინიშნება საერთო ცილის, ალბუმინების, გლობულინების, მარკერული ფერმენტების–ალანინ-ამინოტრანსფერაზას (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST), გლუტამინე-ტრანსპეპტიდაზას, ტუტე ფოსფატაზას, აგრეთვე შარდოვანას, კრეატინინის, საერთო ბილირუბინის, თავისუფალი და დაკავშირებული ბილირუბინის, გლუკოზის შემცველობის მაჩვენებლების ნორმალიზაცია.
გა-40-ით მკურნალობისას შეინიშნება კანცეროემბრიონული ანტიგენის (CEA), a-ფეტოპროტეინის (AFP), პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (PSA) და სიმსივნის სხვა სპეციფიკური მარკერების მაჩვენებლების დადებითი დინამიკა. პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს აგრეთვე სისხლში ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმისა და სხვა იონების შემცველობაზე.
გა-40 ფარმაკოკინეტიკა: გა-40-ის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა ცოცხალ ორგანიზმებში არ ხერხდება მისი სისხლში მცირე კონცენტრაციის გამო.
გა-40 ჩვენებები: ავთვისებიანი წარმონაქმნების მკურნალობის მიზნით:
- გა-40-ით მონოთერაპიული მკურნალობა რეკომენდებულია – სიმსივნის განვითარების ადრეულ სტადიებზე.
- გა-40-ით მკურნალობა რეკომენდებულია ქირურგიულ ჩარევამდე. ცნობილია, რომ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის მომენტიდან 70% შემთხვევაში ფარული მეტასტაზები უკვე გავრცელებულია ორგანიზმში, თუმცა მათ განვითარებას თრგუნავს ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერა. ამავე დროს ონკოავადმყოფებში იმუნური სისტემის ანტისისიმსივნური რგოლები, სისმსივნური წარმონაქმნის ზემოქმედების შედეგად, როგორც წესი, დაქვეითებულია ან პრაქტიკულად უმოქმედოა. გა-40-ით მკურნალობა ქირურგიულ ჩარევამდე უზრუნველყოფს იმუნური სისტემის მაჩვენებლების ნორმალიზაციას და არსებული ფარული მეტასტაზების გაწოვას, შესაბამისად ორგანიზმში არსებული ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერის ლოკალიზაციას.
- გა-40 მკურნალობა რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ოპერაციის შედეგად მიღებული სტრესი, განსაკუთრებით პირველი 7 დღის პერიოდში, როგორც წესი იწვევს იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას, რაც ზრდის ინფექციებისა და ახალი მეტასტაზების განვითარების რისკს. გა-40-ის გამოყენება ქირურგიული ჩარევის შემდგომ აღადგენს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ახალი მეტასტაზებისა და ინფექციების გავრცელების თავიდან აცილებას და განაპირობებს პოსტოპერაციული აღდგენითი პროცესების დაჩქარებას.
- გა-40 გამოყენება რეკომენდირებულია სხივურ და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში (თერაპიის წინ, პარალელურად და მის შემდგომ პერიოდში). ქიმიო- და სხივური თერაპიის ტოქსიკური მოქმედება ონკოავადმყოფების ორგანიზმზე ხშირ შემთხვევებში იწვევს მძიმე გართულებებს და მკურნალობის იძულებით გადავადებასა და ზოგჯერ შეწყვეტასაც კი. პრობლემას წარმოადგენს ასევე ქიმიოპრეპარატების მიმართ ავთვისებიანი უჯრედების საწყისი და მკურნალობის ფონზე განვითარებული რეზისტენტულობა, რის გამოც სიმსივნური უჯრედები მდგრადი ხდებიან სამკურნალო პრეპარატების მიმართ. ქიმიო- და სხივური თერაპიის გამოყენება იწვევს მუტაციებს ნორმალურ უჯრედებში და შესაბამისად ორგანიზმში იზრდება რისკი ახალი ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნისა. გა-40-ის გამოყენება კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს ქიმიო და სხივური თერაპიის ტოქსიკურ გავლენას ორგანიზმზე და შესაბამისად იძლევა მომდევნო კურსების ჩატარების საშუალებას, ზრდის სიმსივნის ქიმიო- და სხივური მეთოდებით მკურნალობის ეფექტურობას და იცავს ორგანიზმს ახალი სიმსივნური წარმონაქმნის განვითარებისაგან.
- ლეიკოზების დროს: მწვავე მიელომონობლასტური და მეგაკარიობლასტური ლეიკოზები, ცალკე და კომპლექსური მკურნალობისას დამხმარე თერაპიის სახით. გა-40-ით ამ ტიპის დაავადების მკურნალობისას შეინიშნება სიმსივნური უჯრედების ნორმალურ უჯრედებად გარდაქმნა და აღინიშნება სისხლის ფორმიანი ელემენტების ფორმირების ჰემოპოეზური პროცესების გაუმჯობესება.
- გა-40-ით მკურნალობა მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს აძლევს, ისეთ შორს წასული სიმსივნით დაავადებულ პაციენტებსაც კი, რომლებმაც ამოწურეს ყველა სტანდარტული მკურნალობის მეთოდები. გა-40 აკავებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, ხელს უწყობს სიმსივნის რეგრესიას და მეტასტაზების გაწოვას, ამცირებს ტკივილებს, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
- კეთილთვისებიანი და სხვა წარმონაქმნების დროს: მასტიტები, ფიბრომა, მიომა, ადენომა, ცისტოზები და სხვ.
- ალერგიული დაავადებებისას: ბრონქიალური ასთმა და სხვა.
- ინფექციურ – ანთებითი დაავადებების დროს: ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ვირუსული (A, B, C)და ალკოჰოლით გამოწვეული ჰეპატიტები, ციროზი, ტრიქომონადა, პროსტატიტი, ტუბერკულოზი და სხვა.
- პროფილაქტიკური არატოქსიკური მკურნალობის მიზნით: სიმსივნური დაავადებების მიმართ გენეტიკური მიდრეკილებისას, რომელიც მჭიდრო კავშირშია გარემოს არახელსაყრელ ფაქტორებთან. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მიუხედავად წლოვანებისა, ყოველდღიურად ასობით გადაგვარებული ანუ კიბოს უჯრედი წარმოიქმნება. მას ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა გააჩნია დაზღვეულია, მის ორგანიზმში გადაგვარებული უჯრედებიდან არ მოხდება სიმსივნის განვითარება. ამას უზრუნველყოფს იმუნიტეტის ანტისიმსივნური სისტემები, რომელთა საშუალებითაც ხდება გადაგვარებული უჯრედების მომენტალური ამოცნობა და განადგურება. დარღვეული ან შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ორგანიზმში კი სიმსივნის განვითარების რისკი მაქსიმალურია. პროფილაქტიკის მიზნით მიზანშეწონილია მკურნალობის კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ, განსაკუთრებით 40-50 წლის ასაკის ზევით, რაც ამცირებს ონკოლოგიური და არასპეციფიკური დაავადებების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და სხვა ინფექციური დაავადებების მიმართ.
გა-40 ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად აუმჯობესებს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების სტრუქტურულ-ფუნქციურ მაჩვენებლებს. ეს უზრუნველყოფს არა მარტო ძირითადი დაავადების მონოთერაპიული მკურნალობის ეფექტურობას და უსაფრთხოებას, არამედ კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან ან სხვა ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას განსაზღვრავს მკურნალობის მაღალ ეფექტურობას და გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებას.
გა-40 დოზირების რეჟიმი: ინსტრუქციაში თქვენ გაეცნობით როგორ მოამზადოთ და მიიღოთ გა-40. გთხოვთ, ინსტრუქცია წაიკითხოთ ყურადღებით და შემდეგ მოამზადოთ გა-40–ის საინექციო ხსნარი, შეარჩიოთ დოზა და გაიკეთოთ ინექცია. ექიმი ნიშნავს გა-40-ის შესაბამის დოზას პაციენტის წონიდან გამომდინარე. გა-40-ის ერთი ინექციის დოზაა 2 მკგ/კგ სხეულის წონაზე (0.01 მლ/კგ). გა-40 შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთქვეშ, სადაც არის კანქვეშა ცხიმი. სასურველია ინექციები გაკეთდეს დუნდულო კუნთზე მოკლე ნემსით (ინსულინის შპრიცით) სხეულის 100 კგ წონაზე ქვევით და 2 გრ შპრიცით სხეულის 100 კგ წონაზე ზევით. მკურნალობის ერთი კურსი შეადგენს 21 ინექციას. მკურნალობა გრძელდება სიმსივნური ან სხვა დაავადების სრულ რეგრესიამდე. ყველა შემთხვევაში იგი შედგება სულ მცირე 7 კურსისაგან, მათ შორის პაუზებით 10-14 დღე. პროფილაქტიკის მიზნით მკურნალობის კურსი მეორდება 2-4 თვის შუალედით.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9
tu gqoniat vinmes shexeba aleqsidzis am preparattan , gamogvexmauret tu sheidzleba..
მგონი მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს .რაც შეეხება პრეპატის ავტორს..არ ვიცნობ , მაგრამ თავს ვუხრი როგორც პროფესიონალს პრობლემის ზუტად დანახვის და მასთან შებრძოლების მეთოდებთან დაკავშირებით..
სიმსივნის მიზეზები უკვე 1958 წელს დაადგინა warburgma, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა, მაგრამ დღემდე ეს ოფიციალური მედიცინისათვის უცნობია..