2025, 28 ოქტომბერი,
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას და სხვადასხვა თემაზე საუბრისას ერთი მნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა: "პასუხი იქნება ძლიერი, რომ არ ვთქვათ, გამაოგნებელი".
პუტინმა ასე უპასუხა კითხვას, თუ რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მაინც გადასცემს "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსან რაკეტებს კიევს, ხოლო უკრაინელები მათ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.
ტრამპი რომ "ტომაჰავკების" თემით "ჟონგლიორობს" და მათ გადაცემას არ აპირებს (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე), ეს რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პუტინმა ძალზე მტკივნეულად აღიქვა იმის ჰიპოთეზური შესაძლებლობაც კი, რომ ამერიკული "ტომაჰავკებით" ზელენსკი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში რაიმეს დამუქრებოდა. თავისი განცხადებით, "პასუხი იქნება ძლიერი, რომ არ ვთქვათ, გამაოგნებელი", პუტინმა თითქოს გააფრთხილა ტრამპიცა და ზელენსკიც, რომ არ გაბედონ "ტომაჰავკებით" რუსეთზე დამუქრება, მაგრამ მაინც, რა შეიძლება იყოს პუტინის ძლიერი და მით უმეტეს, "გამაოგნებელი" პასუხი, თუკი უკრაინამ მაინც მიიღო ამერიკული "ტომაჰავკები" და ისინი რუსეთისკენ გაუშვა?
პუტინის მეტ-ნაკლებად "გამაოგნებელი პასუხები" მსოფლიოს უახლეს ისტორიას ახსოვს და მათი ჩამონათვალი შეიძლება ჩეჩნეთის მეორე ომით დავიწყოთ.
1999 წლის სექტემბერში რუსეთმა ჩეჩნეთში მეორე ომი დაიწყო, რასაც წინ უძღოდა "მოსამზადებელი სამუშაოები" _ საცხოვრებელი სახლების აფეთქებები რუსულ ქალაქებში, რომელთა უკან, დიდი ალბათობით, რუსული სპეცსამსახურები იდგნენ საინფორმაციო და იდეოლოგიური ფონის შესაქმნელად, რომ "სახლების ამფეთქებელ ჩეჩენ ტერორისტებს" საპასუხო "გამაოგნებელი" პასუხი უნდა მიეღოთ, რასაც დაემატა შამილ ბასაევის რაზმების შეჭრა ჩეჩნეთიდან მეზობელ დაღესტანში, რამაც ისევ "რუსულ წისქვილზე" დაასახა წყალი იმის გასამართლებლად, რომ ჩეჩნეთში მეორე ომი დაწყებულიყო. მართალია, მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ელცინი იყო, მაგრამ "ალკოჰოლის ტყვეობაში" მოქცეული ვეღარ მართავდა ამ უზარმაზარ ქვეყანას და კრემლის "რუხმა კარდინალებმა" 1999 წლის აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრად მოიყვანეს პუტინი, რომელიც მანამდე ეფ-ეს-ბეს დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო იმავე, 1999 წლის 31 დეკემბერს კი ელცინმა პუტინს რუსეთის პრეზიდენტობა "გადაულოცა".
ჩეჩნეთის მეორე ომის წამოწყებით პუტინის პირველი "გამაოგნებელი პასუხი" არც ისე მოულოდნელი გახლდათ, რადგან ის პროგნოზირებადი იყო _ რუსეთი არ შეეგუებოდა 1996 წელს ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხებას.
სამაგიეროდ, მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი მართლაც "გააოგნა" 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის მეზობელ საქართველოში შემოჭრამ, რადგან ეს უკვე აღარ იყო რუსეთის ფედერაციის საზღვრებში წარმოებული ნახევრად ანტიპარტიზანული ომი ჩეჩნების დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების ჩასახშობად. ეს უკვე გახლდათ 21-ე საუკუნის პირველი ომი პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც ერთი ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალები, დაესხნენ თავს სხვა ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიას და მოახდინეს მისი ნაწილის ოკუპაცია. საგულისხმოა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრას საქართველოში რამდენიმე თვით ადრე წინ უძღოდა პუტინის ორი გაფრთხილება "გამაოგნებელი პასუხების" შესახებ, თუკი დასავლეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და საქართველოსა და უკრაინას ბუქარესტის სამიტზე ნატოში გაწევრებას შეჰპირდებოდა.
ჩვენდა სამწუხაროდ, პუტინმა ორივე მუქარა აასრულა და ისიც საქართველოს ხარჯზე _ ნატოში ჩვენი გაწევრების ფუჭი დაპირების საპასუხოდ რუსეთის არმია საქართველოში შემოიჭრა, ხოლო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
რიგით მეორე "გაოგნება" პუტინმა მსოფლიოს 2014 წლის გაზაფხულზე მოაწყო "მწვანე კაცუნების" გამოყენებით, როდესაც ჯერ უკრაინის ყირიმის უსისხლო ოკუპაცია-ანექსია მოახდინა, ხოლო შემდეგ კი დონბასის სისხლიანი ოკუპაცია წამოიწყო ადგილობრივი პრორუსი შეიარაღებული სეპარატისტების ხელით.
მესამე და ყველაზე დიდი "გაოგნების" მომსწრე კი მსოფლიო 2022 წლის 24 თებერვალს გახდა _ პუტინის არმია შეიჭრა მეზობელი უკრაინის ტერიტორიაზე და მას შემდეგ მეოთხე წელია უკრაინის თანდათანობით ოკუპაციას აგრძელებს.
როგორი შეიძლება იყოს და ვის და როდის შეიძლება დაემუქროს პუტინის მორიგი "გამაოგნებელი პასუხი"?
კრემლის "გამაოგნებელი" მოქმედების საბაბი მარტო ამერიკული "ტომაჰავკების" უკრაინისთვის გადაცემა როდი შეიძლება გახდეს. ასეთივე საბაბად გამოდგება უკრაინული არმიის შესაძლო წარმატებული კონტრშეტევების დაწყება თუ მორიგი მნიშვნელოვანი რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის უკრაინული კამიკაძე-დრონებით აგიზგიზებაც.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ამ ფართომასშტაბიან და გახანგრძლივებულ ომში გამოიყენა და იყენებს საბრძოლო დაზიანების ყველა არსებულ საშუალებას ტაქტიკურ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეზე.
შეიარაღების ერთადერთი სახეობა, რომელიც კრემლს ჯერ კიდევ არ გამოუყენებია უკრაინის წინააღმდეგ, არის ბირთვული იარაღი და როდესაც პუტინი აცხადებს, რომ უკრაინიდან რუსეთის მიმართულებით ამერიკული "ტომაჰავკების" გაშვების შემთხვევაში მისი პასუხი "გამაოგნებელი" იქნება, ძლაუნებურად ჩნდება განცდა, რომ რუსული "გამაოგნებელი პასუხი" სწორედ ბირთვული გახდება, მათ შორის ტაქტიკური დანიშნულების მცირე სიმძლავრის ბირთვული მუხტის ან მუხტების გამოყენების სახით.
თუმცა მაინც რჩება იმედი, რომ რუსეთის ბირთვული შეიარაღება პუტინისთვის ჯერ მაინც მხოლოდ "ბირთვული შანტაჟის" საშუალებაა და ის ვერ გაბედავს მის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე.
სამაგიეროდ, არსებობს სხვა ქმედებებიც, რაც შეიძლება აღვიქვათ როგორც პუტინის ახალი "გამაოგნებელი პასუხი" და მათ შორის მიმართული არა უკრაინისკენ (რომლის ქალაქების მოსახლეობას, სამწუხაროდ, ვეღარ გააკვირვებ რუსული "გერანებისა" თუ "ისკანდერების" ახალი მოდიფიკაციების აფეთქებებით მათ სახლებთან), არამედ იქით, სადაც ჯერ კიდევ არ გაუგონიათ საჰაერო განგაშის ხმა და აფეთქებების ტალღებს არ ჩაულეწავთ მათი სახლების ფანჯრების მინები. ვგულისხმობთ რუსეთის მოსაზღვრე ბალტიისპირეთის სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას _ ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას. ის გარემოება, რომ ბალტიისპირეთის ეს სამივე ქვეყანა ორ ათეულ წელზე მეტია ჩრდილოატალანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრია, ბევრს ვერაფერს ცვლის, რადგან ფაქტი არაა, რომ ნატო დაუყოვნებლივ აამოქმედებს კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმს მე-5 პუნქტის თანახმად, თუკი რუსული ტანკები გადალახავენ მისი წევრი ქვეყნების საზღვრებს.
შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ეჭვი, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიანი და გამომფიტავი ომის ჭაობში მეოთხე წელია ჩაფლულ რუსეთს აღარ დარჩა იმის რესურსი, რომ მოსაზღვრე ნატოს წევრი ესტონეთისა ან ლატვიის საზღვარზე შეიჭრას, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.
გასულ წელს პუტინმა აღადგინა ლენინგრადის სამხედრო ოლქი, რომელსაც სახმელეთო შენაერთების გარდა, ოპერატიულად დაექვემდებარა რუსეთის ჩრდილოეთი ფლოტიც. აღდგენილ ლენინგრადის სამხედრო ოლქში შედის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის მხარეებში, ასევე კარელიაში, კომში, ნენთა ავტონომიურ ოკრუგში, არხანგელსკის, ვოლოგოდსკის, კალინინგრადის, მურმანსკის, ნოვგოროდისა და ფსკოვის მხარეებში დისლოცირებული სამხედრო შენაერთები და დანაყოფები თავიანთი ინფრასტრუქტურით. მათი ნაწილი ესაზღვრება ნატოს ახალ წევრებს _ ფინეთსა და შვედეთს, ნაწილი კი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას სიახლოვესაა დისლოცირებული.
ლენინგრადის სამხედრო ოლქში სტრუქტურულად გაერთიანებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-6 გვარდიული საერთო-საჯარისო არმია (თავად ეს არმია შედგება 68-ე და 69-ე მოტომსროლელი დივიზიებისგან, მე-9 საარტილერიო, 29-ე სარაკეტო და მე-5 საზენიტო-სარაკეტო ბრიგადებისგან), მე-11 საარმიო კორპუსი (განთავსებულია კალინინგრადის ოლქში და შედგება მე-18 მოტომსროლელი დივიზიისა და მე-7 ცალკეული მოტომსროლელი პოლკისგან) და 44-ე საარმიო კორპუსი (მის შემადგენლობაშია 72-ე და 128-ე მოტომსროლელი დივიზიები, 30-ე მოტომსროლელი პოლკი და საზენიტო ბრიგადა).
გამომდინარე იქიდან, რომ ერთი რუსული მოტომსროლელი დივიზიის პირადი შემადგენლობის საშტატო რაოდენობა დაახლოებით 12 ათას კაცს აღწევს, ხოლო მოტომსროლელი ბრიგადისა კი 3-4 ათასს და მათ შეიარაღებაშია ასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმავალი და ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, გამოდის, ლენინგრადის სამხედრო ოლქში შემავალ ოთხ არმიასა და საარმიო კორპუსს თავისი დივიზიებითა და ბრიგადებით თეორიულად შეუძლიათ 70-80 ათასი მებრძოლის მობილიზება. ეს მაშინ, როცა ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის არმიების შექუჩების შემთხვევაშიც კი მათი რეგულარული ძალები მხოლოდ 30 ათასამდე კაცს თუ მოითვლის (ეს ციფრი არ მოიცავს ტერიტორიული თავდაცვის ძალებსა და რეზერვისტებს).
რა თქმა უნდა, ეს მონაცემები მიახლოებითია, რადგან ლენინგრადის სამხედრო ოლქში შემავალი რუსული დანაყოფების დიდი ნაწილი ახლა უკრაინის ფრონტზე იბრძვის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში რუსეთს აქვს იმის სარეზერვო შესაძლებლობები, რომ ნატოს ქვეყნებთან უშუალოდ მოსაზღვრე ლენინგრადის სამხედრო ოლქი საომარი მდგომარეობის შტატებით რეზერვისტებით სასწრაფოდ დააკომპლექტოს.
წარმოვიდგინოთ სცენარი, როდესაც რაიმე საბაბის გამოყენებით რუსული ტანკები შეიჭრებიან ესტონეთის საზვრისპირა რაიონში, გაჩერდებიან, აღარ ავითარებენ შეტევას, სანგრებს თხრიან და თავდაცვით პოზიციებს აწყობენ, რა შეუძლია დაუპირისპიროს ამას ესტონეთმა? მარტომ ბევრი ვერაფერი, რადგან ესტონეთი, ისევე როგორც ლატვია და ლიეტუვა, მთლიანად ნატოს იმედზე არიან, მაგრამ თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რას მოიმოქმედებს პუტინის ამ მორიგი "გამაოგნებელი" მოქმედების საწინააღმდეგოდ?
ამერიკული "აბრამსები" დაიძვრებიან ესტონეთიდან რუსული ტანკების გასაყრელად თუ ფრანგული "რაფალები" დაბომბავენ რუსი სამხედროების პოზიციებს? ან ბრიტანული წყალქვეშა ნავები ჩაძირავენ რუსულ სამხედრო ხომალდებს ბალტიის ზღვაში?
დიდად საეჭვოა, რადგან დასავლეთს ყველანაირად სურს შეიარაღებული დაპირისპირების აცილება რუსეთთან იმის შიშით, რომ ეს მართლაც არ გადაიზარდოს მესამე, ამჯერად ბირთვულ მსოფლიო ომში. ეს კი ძალიან კარგად მოეხსენებათ კრემლში, სადაც მიაჩნიათ, რომ ევროპა და მით უმეტეს, ტრამპის ამერიკა, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვასთვის რუსეთთან ბირთვულ ომს არ დაიწყებს. ამიტომაც პუტინს შეუძლია ჯერ კიდევ ბევრჯერ "გააოგნოს" მთელი მსოფლიო ბირთვული იარაღის პირდაპირი გამოყენების გარეშეც. იმისთვის, რომ კრემლს მართლაც გაუჩნდეს უდიდესი პრობლემები და ვეღარ იფიქროს სხვა ქვეყნებში შეჭრასა და მათ დაპყრობაზე, საჭიროა უმკაცრესი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების არა მარტო დაწესება რუსეთისთვის, არამედ მათი ზედმიწევნით და მკაცრად შესრულება, რაც არ ხდება და რუსეთის სპეცსამსახურებს უტოვებს ბევრ "ხვრელს", რომ შეფარულად გააგრძელონ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი მოცულობით გაყიდვა და მიღებული ვალუტით იმ თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიების ყიდვა, რომლებიც შემდეგ რუსული შეიარაღების გასაუმჯობესებლად და მასობრივად დასამზადებლად გამოიყენება.
ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1