- "ეს რომ წავიკითხე, გავოგნდი და ყვირილი აღმომხდა"
2025, 22 ოქტომბერი,
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია თურქეთში, ქალაქ არტანუჯში, დიდი აშოტ კურაპალატის სამარხის აღმოჩენის შესახებ კვლავ აქტუალურია. საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებით, სამარხში არტეფაქტების არარსებობის გამო აღმოჩენის საბოლოო დასტური კვლავ კვლევებს მოითხოვს. თუმცა, სავარაუდოდ, აღმოჩენა ისტორიაში თურქული არქეოლოგიის დასკვნებით შევა.
აღსანიშნავია, რომ არტანუჯის გათხრების ხელმძღვანელი, ქართული წარმოშობის თურქი არქეოლოგი ოსმან აითექინი სწორედ საქართველოს მემატიანეს ეყრდნობა, რომლის გადმოცემითაც, აშოტ კურაპალატი სწორედ არტანუჯში, პეტრე-პავლეს ეკლესიაშია დაკრძალული: არტანუჯიდან, ტაო-კლარჯეთის ოდესღაც ძლიერი კლდოვანი ქალაქიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება, რასაც დასაბამი სწორედ აშოტ კურაპალატმა მისცა, მასთან ერთად კი გრიგოლ ხანძთელმა. ამ ორი ადამიანის მცდელობით შეიქმნა სწორედ დიდი საქართველო, რომელთანაც მიახლოება ოცნებად გვაქვს, თუმცა ვერ მიგვიღწევია. სავარაუდო საფლავის აღმოჩენამ კი ჯერჯერობით ორი ფაქტი გამოამზეურა: პირველი - აშოტ კურაპალატი სულიერ ძლიერებასთან ერთად ფიზიკურადაც მაღალი და ძლიერი უნდა ყოფილიყო: აღმოჩენილი სამარხი სიგრძით 2 მეტრი და სიგანით 1.8 მ-ია. ვინაიდან ქრისტიანული კულტურა მხოლოდ მოკრძალებულად დაკრძალვას ითვალისწინებდა, ცხადია, სამარხიც ფართობის მიმატების გარეშეა გაჭრილი; მეორე - როგორც ყველაფერს, ამ აღმოჩენასაც პატრონობა სჭირდება, რათა სადავოდ არ იქცეს, მით უმეტეს, სომხურ მედიაში უკვე გაჩნდა გვერდი აშოტ კურაპალატის სომხური მიკუთვნებულობის შესახებ: "თურქეთის მთებში არქეოლოგთა გუნდმა აღმოაჩინა საფლავი, რომელიც, როგორც ირწმუნებიან, ეკუთვნის აშოტI კურაპალატს. ის ასევე ცნობილია როგორც აშოტ დიდი, რომელიც სომხური წარმოშობის ბაგრატუნის დინასტიიდან იყო. საფლავი აღმოჩნდა წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვემოთ, რომელიც გევერნიკის ციხესიმაგრეში მდებარეობს. სამარხი, სავარაუდოდ, 1 200 წლისაა. მეფე აშოტ დიდმა საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა რამდენიმე სამთავროს გაერთიანებით და კახეთის სამეფოს საფუძვლის ჩაყრით".
ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველ მეცნიერებში, რომელთაც სომხური მედიაინფორმაცია მტკიცედ გააპროტესტეს. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ისტორიკოს გაიოზ მამალაძეს დავუკავშირდით:
- ყოველი ინფორმაცია გამოქვეყნების წუთიდანვე ისტორიად იქცევა, რომელსაც უკვე აქვს დატვირთვა და ძალა - ეს არის უტყუარობა. მსგავს ინფორმაციას ამიტომაც უნდა ვუპასუხოთ. ეს არა მხოლოდ საერთაშორისო ადგილის დამკვიდრებას, არამედ მომავალი თაობის დაცვასაც ნიშნავს გაყალბებული ისტორიის ანდერძისაგან. ყველამ კარგად იცის, რომ მომავალი არ არსებობს ისტორიის გარეშე.
რაც შეეხება თავად ინფორმაციას, რომელზეც ვსაუბრობთ, ისიც "შემოსრიალებულია" იმ განზრახვით, რომ მომავალში დაიწყოს მსჯელობა, ქართველია თუ არა აშოტ კურაპალატი; კაცი, რომელმაც საქართველოს გაერთიანება დაიწყო და ბოლომდე ზექართულად აზროვნებდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ აშოტ კურაპალატი იყო სომხური წარმოშობის არისტოკრატების, ბაგრატუნების შთამომავალი. ამ დროს, თუ ბიბლიურ ისტორიას გავყვებით, თავად ბაგრატუნებიც კი არ ითვლებიან სომხებად. ამ ისტორიით ბაგრატიონებიცა და ბაგრატუნებიც ბიბლიურად დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან, ხოლო მეცნიერულად ბაგრატიონები წარმოშობით ისტორიული საქართველოდან არიან და ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე სამი საუკუნით ადრე მართავდნენ სამხრეთ საქართველოს ნაწილს.
რაც შეეხება აშოტ დიდს, ბაგრატიონთაგან მართლაც ისეთი გამორჩეული იყო, როგორზეც ხალხში ამბობენ ხოლმე, ღვთისგან გამორჩეულიაო. როდესაც ის ქართლის ერისმთავარი გახდა (არჩევითი თანამდებობა, რომელზეც სომხური წარმომავლობის ადამიანს ვერ აირჩევდნენ), ქართლში იმდენად მყარად იყვნენ არაბები გაბატონებული, რომ მათი არათუ მოშორება, შებრძოლებაც შეუძლებელი გახდა. თუმცა აშოტმა, მამაცმა, თავგანწირულმა და ჭკვიანმა ადამიანმა არაბების განდევნა მაინც ჩაიფიქრა. საიდუმლოდ შეკრიბა ქართული ჯარი და აჯანყება მოაწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, იმხანად მისმა ჯანყმა ნაყოფი ვერ გამოიღო და აშოტი იძულებული შეიქნა ქართლიდან ტაო-კლარჯეთში გაქცეულიყო. მან ამ გზაზე რა ბრძოლაც გადაიტანა, მტერს რომ შვილებიანად ვერ ამოეხოცა, ამას მემატიანე, ალბათ, ვერ აღწერს, მაგრამ ფაქტია,
აშოტმა აჯობა სიკვდილს, გამაგრდა ტაო-კლარჯეთში და აღარ გაჩერდა: იქიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება და 826 წელს ისევ წამოვიდა თბილისისკენ არაბების განსადევნად. თუმცა გზაში ღალატი დაეწია, დოლისყანის ეკლესიაში, პირდაპირ საკურთხეველში მოკლეს. შემდეგ აქედან წაიღეს მისი ცხედარი და არტანუჯში დაკრძალეს.
- ღალატი რომ არ ვიცოდეთ, საქართველოს ძლიერებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ცნობილია, რომ აშოტ კურაპალატმა ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას შესწირა უდიდესი სიყვარულიც.
- დიახ, ასე იყო. ეს ამბავიც არ დარჩებოდა ისტორიას, რომ არა გიორგი მერჩულე, რომელმაც მართლაც სულისშემძვრელად აღწერა ეს მომენტი "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში". გრიგოლ ხანძთელი არის ის ადამიანი, რომლიდანაც დიდი საქართველოს მშენებლობა ასევე დაიწყო, რომელმაც სიცოცხლის თითოეული წუთი ქვეყანას შესწირა, იმიტომაც მისცა, ალბათ, უფლება თავს, რომ აშოტ კურაპალატისთვის სიყვარული აეკრძალა, სასახლეში მიყვანილი ქალი წაერთმია და მონასტრისთვის ჩაებარებინა. რატომ? იმიტომ, რომ აშოტს უკვე ჰყავდა ცოლ-შვილი და ქრისტიანული მორალი არ აძლევდა უფლებას, სხვაც შეჰყვარებოდა, თანაც იმდენად თავდავიწყებით, რომ ეს ვინმე "სიძვის დიაცი" სასახლეშიც კი მიიყვანა. უფრო მეტიც, გრიგოლ ხანძთელი აშოტის დაუკითხავად მივიდა სასახლეში, "სიძვის დიაცი" სასახლიდან გამოიყვანა და მონასტერში გადამალა, თან აშოტს მორალიც წაუკითხა, - ღვთისა და ქვეყნის დაწესებული წესი არ უნდა დაარღვიო, რადგან ქვეყანა შენ შემოგყურებს, შენგან აიღებენ მაგალითს და სულიერად გადაგვარდებიანო. ეს ისეთი ტკივილი იყო ამხელა კაცისთვის, ქვეყნის ამხელა მაშენებლისთვის, რომ გამწარებულმა წამოიძახა: "ნეტარ მას კაცსა, ვინც აღარა ცოცხალ არსო", - ეს ლირიკული გადახვევისთვის მოვყევი, ხოლო ფაქტისთვის, როგორც ვთქვი, აშოტ კურაპალატს სომხურ წარმოშობასთან მართლაც არაფერი აკავშირებდა. ის იყო ქართველი, ქართული სახელმწიფოს მეფე, ქართული სულიერების მატარებელი და მოკვდა საქართველოსთვის.
- მიუხედავად იმისა, რომ თურქული არქეოლოგია აღმოჩენილ სამარხს უეჭველად აშოტისად მიიჩნევს, იქ არანაირი დასტური არ აღმოჩნდა ამის დასამტკიცებლად, არც ძვალი, არც სხვა არტეფაქტი. თუმცა, როგორც ვიცით, ასევე ცარიელია სხვა ბაგრატიონ მეფეთა საფლავებიც. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- სამწუხაროდ, დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რადგან არ არსებობს სარწმუნო ისტორიული წყაროები. ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. მაგალითად, ეგვიპტის ფარაონების ისტორიაში არის მტკიცებულებები, რომ მათი უმეტესობა სხვაგან გადაასვენეს სამარხების გაძარცვის თუ შეურაცხყოფის შიშით.
ჩვენც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველ მეფეთა სამარხებთანაც ასეთი ამბავია დაკავშირებული. არსებობს ლეგენდები, რომ კვალის არევის მიზნით მათ სხვაგან კრძალავდნენ იმ ადგილებიდან, რომელსაც ხალხს ეუბნებოდნენ. თუმცა, როგორც გითხარით, რეალობა არის მხოლოდ არტეფაქტები ან მყარ წერილობით წყაროებში, რაც ამჟამად არ გაგვაჩნია. სანაცვლოდ, შეიძლება ვინმემ შექმნას ყალბი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ხვალ ფაქტად იქცეს. ამიტომაც არის აუცილებელი არგუმენტირებული პასუხის გაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალურ სივრცეში, განსაკუთრებით კი ვიკიპედიაში, მსგავსი ინფორმაცია ძალზე ხშირია და არა მხოლოდ მეგობარ სომხებთან კავშირში. შემიძლია მოგიყვეთ სხვა ფაქტზეც, რისი მოწმეც თავად ვარ და რბილად რომ ვთქვა, გაოცებული დავრჩენილვარ. მაგალითად,
ერევანში საერთაშორისო კონფერენციაზე გახლდათ ჩემი ლექტორი, ქართული ლიტერატურის ცნობილი ისტორიკოსი ლევან მენაბდე. კონფერენციაზე გამომსვლელთა თემებს, ცხადია, თავიდანვე გაეცნო. ჰოდა, დასაწყისში წაიკითხა ასეთი სათაური: "შუშანიკის წამების, როგორც სომხური წერილობითი ძეგლის შესახებ" და…კაცი გაგიჟდა! ისეთი ამბავი ატეხა, რომ კონფერენციიდან თემა ამოიღეს და მხარდასაჭერად კონფერენციაზე სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტი დემირჭიანიც მოვიდა.
რამდენიმე წლის წინ ოშკში გახლდით, გამაოგნებელი რამ ვიხილე საინფორმაციო დაფაზე. კერძოდ, დაფაზე გახლდათ წარწერები ოშკის მიკუთვნებულობის შესახებ სამ ენაზე: ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. რა თქმა უნდა, ჩავიკითხე ქართული წარწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ტაძარი 1025 წელს მოახატვინა პატრიკიუსმა ჯოჯიკმა (ბიზანტიის იმპერატორთან დაახლოებულმა ქართველმა დიდებულმა). ამის შემდეგ უნებურად შევუდექი ინგლისური წარწერის კითხვასაც და ჩემდა გასაკვირად, ყვირილი აღმომხდა: კერძოდ, ინგლისურ წარწერაში სიტყვასიტყვით იყო ნათქვამი, რომ ტაძარი მოახატვინა პატრიარქმა გაგიკმა.
- სომხეთის პატრიარქმა?! ვის უნდა მოენდომებინა ქართული ინფორმაციის ასე შეცვლა ოშკის დაფაზე?
- თურქეთთან შეთანხმებით, ისტორიული საქართველოს ყველა ტაძარში მსგავსი წარწერები საქართველოდან იგზავნება და შემდეგ ითარგმნება სხვა ენებზე. ცხადია, საქართველოდან არ მიუთითებდნენ, ოშკი პატრიარქმა გაგიკმა მოახატვინაო. ასე რომ, წარწერა დაფის დადგმისას, ინგლისურენოვანი წარწერის დაყენებისას შეიცვალა. ამის გამო მაშინ დიდი ხმაური ავტეხეთ. ძალიან იყოჩაღა მაშინდელი კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა, რათა წარწერა შეცვლილიყო და ოშკში რეალური ინფორმაცია დადებულიყო.
- არც ისეთი ძნელია, ყველა ინფორმაციას, რომელიც რეალობას გვირღვევს, ასე მომზადებულად და ერთობლივად შევხვდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე იშვიათად ხდება.
- რა მოგახსენოთ. მსგავსი შეგრძნებები გენეტიკურად იმდენად მტკივნეულია, რომ ვერც წარმომიდგენია, ამას წინ არ აღუდგე. ამას სჭირდება ენერგია და ძალა, რომელიც შესაძლოა ამ მომენტში არა გვაქვს, მაგრამ მაინც ჩვენი მოსაკრებია და ამას ჩვენს ნაცვლად სხვა ვერავინ გააკეთებს.
ავტორი: ეთერ ერაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2