******კვირაში შვიდი დღეა; ეს შვიდი დღე ღმერთმა ჩვენთან გაიყო ისე, რომ თავისთვის ბევრი არ აიღო და არც ჩვენ მოგვცა ცოტა. თანაბრად კი არ გაყო, არამედ შენ ექვსი დღე დაგითმო, თვითონ ერთი დაიტოვა. შენ კი ამ დღესაც არ გსურს თავი შეიკავო ამსოფლიური საზრუნავისაგან. მკრეხელურად იქცევი, რადგან ეს დღე საღვთო წერილის მოსასმენად არის კურთხეული და დადგინებული, ხოლო შენ მას ცხოვრებისეულ საქმეებისათვის იყენებ! აღარაფერს ვამბობ მთელი დღის შესახებ. ამ დღეს ისე მოიქეცი, როგორც მოიქცა სახარებისეული ქვრივი მოწყალების გაღების დროს: მან ორი გროში გაიღო და უდიდესი წყალობა მიიღო ღვთისაგან. ასევე შენც, ღმერთს ორი საათი მაინც დაუთმე დღეგრძელობას შეიძენ. ხოლო თუ ესოდენ მცირე მსხვერპლის გაღებაც არ გინდა და მაინც მიწიერ საზრუნავს მისცემიხარ, მაშინ მრავალი წლის ნაშრომიც წყალში ჩაგეყრება. უფალი განრისხდება და გაგიქარწყლებს მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვებულ სიმდიდრეს, თუკი მას უგულებელს-ვყოფთ. „მიიხილეთ მრავალთა ზედა და იქმნეს მცირედნი და შეხმულ იქმნეს სახიდმი და მივჰბერე მათ, ამისთვის იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მათ წილ, რომელ სახლი ჩემი არს ოხერ, ხოლო თქუენ სდევთ თითოეული სახლისადმი თვისისა“ (ანგია 1, 9) - ასე დაემუქრა ღმერთი იუდეველებს, როდესაც მათ ტაძარზე ზრუნვა შეწყვიტეს. თუ წელიწადში მხოლოდ ერთი-ორჯერ მოდიხართ ჩვენთან, მაშინ რის შესწავლას მოასწრებთ? რაზე გესაუბროთ - სულზე, სხეულზე, უკვდავებაზე, ცათა სასუფეველზე, საშინელ სამსჯავროზე, გეენიაზე, ღვთის მრავალმოწყალებაზე, სინანულზე, ნათლობაზე, ცოდვათა შენდობაზე, შეწყალებაზე, ზეციერსა და მიწიერ არსებებზე, ადამიანურ ბუნებაზე, ანგელოზებზე, დემონთა სივერაგეზე, ეშმაკის მანქანებაზე, ზნეობაზე, დოგმატებზე, მართალ სარწმუნოებაზე და უწმინდურ მწვალებლობებზე? ქრისტიანმა ყოველივე ეს და უფრო მეტიც უნდა იცოდეს და შეეძლოს ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ხოლო თქვენ აქედან მცირედიც კი არ გეცოდინებათ, თუ წელიწადში ერთხელ, გავლით ან ჩვეულებისამებრ დღესასწაულის გამო შეიკრიბებით და არა კეთილგონიერი განწყობით. თქვენ არა თუ უბრალო ხელოვნების შესწავლა გსურთ, არამედ ყველა მეცნიერებათა შორის უმნიშვნელოვანესისა - თუ როგორ შეიძლება სათნო ვეყოთ ღმერთს და ზეციური მადლი მოვიპოვოთ. ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ეს ასე იოლია და ამის მიღწევა მხოლოდ ერთი ან ორი მოსვლით შეიძლება? ეს ხომ უგუნურებაა! თავად მაცხოვარი ბრძანებს, რომ ეს მეცნიერება უდიდეს ყურადღებას მოითხოვს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათე 11, 29). ასევე გვაუწყებს წინასწარმეტყველი: „მოვედით შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწაო თქვენ“ (ფს. 33, 12). და კიდევ: „მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“ (ფს. 45, 10). როგორც ხედავთ, ამ სიბრძნის მოსაპოვებლად მრავალი მეცადინეობაა საჭირო. -
წმიდა იოანე ოქროპირი
ეკლესიაში სიარულის შესახებ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 24