სხვა კრიმანჭული
ერთი სოფელია გურიაში, ზაფხულში რომ ცოცხლდება და ზამთარში ხსოვნაში რომ იძირება, გამოკეტილი სახლებით თუ ნასახლარებით, სოფლის ბოლოს ღელეთი, ახლა ნაგავსაყრელად რომ იქცა, ვისაც რა ეზედმეტა საკუთარ კარმიდამოში, ყველამ იქ რომ მიიტანა და დაყარა... ღელეს ენა რომ ჰქონდეს... თუმცა, ნაწვიმარზე ისე იცის ენის ამოდგმა, მტრისას... ერთი თუ ადიდდა, წამოიღებს იმ ნაგავს და კართან მიუტანს მის დამყრელს...
სოფლის განაპირას, გურიაში ცნობილი მოკრიმანჭულის, ალექსანდრე ბოლქვაძის ოდა სახლი იდგა, თვალებჩაღამებული, მოჭრიალე კოჭებით და კარგა ხნის გაუჭრიალებელი ჭიშკრით. ერთმა ღვთისნიერმა ნათესავმა მის ოჯახს შეატყობინა,თქვენს სახლკარს ყოველდღე ძარცვავენ და იქნებ, მიხედოთო. ჰოდა, ჩამოვიდა შვილიშვილი კარმიდამოს მისახედად. პანდემიის პიკზე, როცა დასაქმებულთა უმრავლესობა დისტანციურ სამუშაოზე გადაიყვანეს, ძლივს გამოუჩნდა აქ ჩამოსვლის დრო და საშუალება. ერთხანობა ეჭვის თვალით უყურებდნენ სოფლელები, -ეს აქ დიდხანს გამჩერებელი არ არის, ერთ-ორს წაიქეიფებს, ან კარგად დაბოლდება და კი გაუყვება მის გზასო, მაგრამ, ასე არ მოხდა. ჩამოვიდა, ერთი ორი დღე დაისვენა, მერე ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა, სახლში ამბის მთხრობელი ნივთიც არ დაეტოვებინათ, ყველაფერი წაღებული დახვდა. გული დაწყდა გიორგის, არ ეგონა მთლად ასეთი ვითარება თუ დახვდებოდა... მერე ხელები დაიკაპიწა, მუშა ხელიც იქირავა და დანგრეულის აღდგენას და ყველაფრის თავიდან შეძენას შეუდგა. სხვის ღობეზე თვალშესობილ მეზობლებს ხეხილის შვიდი ხე ძირში მოეჭრათ, მძიმე და უშნო კუნძები კი დაეტოვებინათ, მის გადასათრევად აბა, ვინ შეიწუხებდა თავს. წყენაზე მეტად გული ეტკინა გიორგის, ბაბუის და ომში დაღუპული ბიძის დარგული იყო ის ნერგები, ახლა ნაყოფიც რომ უნდა მოეცა და ეზოში საჩრდილობელიც. ამ საქმის გარჩევა არ დაუწყია, ან ვინ ეტყოდა სიმართლეს...ტრაქტორით სათითაოდ ამოყარა კუნძები, ძლივს დააპო და შეშად შეინახა.
ერთმა ადგილობრივმა ვასასიმ, ყველასი ყველაფერი რომ იცოდა, ჰკითხა ბიჭს, -ჩამოი, როის მიხვალო? - ამ ზამთარს აქ ვრჩებიო, -მიიღო პასუხად. ეს ამბავი ციმ-ციმ მოეფინა სოფელს. ამ ღრიჭოებიან სახლში, კედლებში მუშტი რომ ეტევა, როგორ უნდა იცხოვროს, ან რით უნდა გაათბოსო, -იკითხეს ხნოვანმა კაცებმა.ბიჭის დაზვერვა რომ მორჩა, თან ისიც რომ დაინახეს, ბაბუის ფუძეს რა საგულდაგულოდ უვლიდა, სათითაოდ დაიწყეს მასთან მოსაკითხით მისვლა, ზოგმა ჭაჭა მიუტანა, ზოგმა კურკანტელი, კორკიმელი და ამოლესილი ლობიო და ასე შედგა ორანახადი ოტკით თბილისელი ბიჭის ახლოს გაცნობა. ისიც გაიგეს, რომ უსაქმური არ იყო, ქალაქში საკმაოდ კარგი სამსახურიც ჰქონდა და ამ კოვიდობისას, დისტანციურად მუშაობდა.
ტრიფოლიატის ღობეს ბაბუამისის მეგობარი, ცალყურა გედევანა მოადგა. ცალყურას იმიტომ ეძახდნენ, რომ, ბავშვობაში ხიდან ჩამოვარდა და ერთ წაწვეტებულ ტოტზე დაეკიდა ყურით. მას შემდეგ, მოჭამა ჭირი ყურის ბიბილომ....ბიჭმა ეზოში შემოიპატიჟა, -კაი გამარჯობა შენი, აგი ყოლისფერი კაია, მარა, ამ ზამთარს რით აპირებ , გათბობას, ან ამ ღრიჭოებიან სახლს სული რაფერ უნდა ჩუუდგაო? - ჯერ სახლს დავათბუნებ, რაც ამოსალესია ამოვლესავ, სახურავზე კი მზის პანელებს დავამონტაჟებ და ცხელი წყალიც მექნება და შუქიც. არც გაზს გამოვიყენებ და არც ელექტროგამათბობელს, მერე ტყიდან ფიჩხს მოვიტან და ბუხარსაც დავანთებ და ღუმელსაც. -შენ, აბა გამოქვაბულში ცხოვრება გდომებია, ძამა, მაი პანელების მე აფერი ვიცი და ფიჩხის იმედად თუ ხარ, ძამია, თლად არ გეიფიჩხო, აქ იმფერი ნესტი იცის, ზამთარში ძვალსა და რბილში ატანს, გადმოი ხოლმე ჩემსას და შეშის ღუღუნა „ფეჩთან“ კაი ნარდი ვითამაშოთ, ბაბუაშენი კი იყო კაი მონარდე, ვნახოთ, შენ რამდენად იღბალა ხარ, შენ შენი ამბავი მითხარი, მე ჩემსას მოვყობი და აგი ზამთარიც წავა მის გზაზეო. გადმოვალ თქვენსას, აბა, რას ვიზამ, სიცილით დააყოლა - იმედია, კამათელს ჭიქით არ გამაგორებინებო... ჩაეცინა გედევანას, აგერ შენ და აგერ აგი ზამთარიო -თქვა და გაკვირვებული გადავიდა ეზოდან, თან საკუთარ თავს ებუტბუტებოდა - თუ არც გაზს გამოიყენებს და არც შეშას, რაფერ უნდა იცხოვროს, ნეტა, რას შობა იგი მზის პანელია თუ რაცხაო....
ბიჭმა ბაბუამისის ძველი „კოლხოზნიკი“ გამოიყვანა ფარდულიდან, ცოტა შეარემონტა, დიდი არაფერი სჭირდა, გასაკვირი ის იყო, სოფლის ქურდბაცაცებს დაუშლელი რომ დაეტოვებინათ. როგორც მოგვიანებით გაიგო, ამ მანქანას ადგილობრივი ავტორიტეტის შვილი გადაერჩინა სიკვდილს და მისი შიშით, ვინ მიეკარებოდა....
მოახტა ძველ კოლხოზნიკს გიორგი, სოფლელი ლოთიც გაიყოლა ორი ბოთლი არყის საფასურად და მიადგა ტყეს. გზამკვლევობა კი გასწია ლოთმა, მაგრამ, ფიჩხის შეგროვებაში დახმარებაზე ხელები გაასავსავა, მაგდონი რომ შემეძლოს, ცოლშვილს კი არ გავყინავდი ამ ზამთარშიო... ასე იყო თუ ისე, ერთი კოლხოზნიკი ფიჩხი კი შეაგროვა ბიჭმა, ჩამოიტანა და იმ ღამეს ავარდა ფუტი ამდენი ხნის მიტოვებული სახლიდან. მეორე დღეს ყველა ნაპრალი ამოავსო, გასალესი გალესა და ჩამტვრეულ ფანჯრებს მინები ჩაუსვა. ახსოვდა ბაბუ „ზალაში“ ძველისძველ ბუხარს როგორ ანთებდა, კარგად გამომწვარ ორ აგურს ზედ ერთ შეშას დაადებდა, ცოტა ნავთს მიასხმადა, წაუკიდებდა ცეცხლს და ღუღუნებდა ბუხარი დიდხანს. სითბოსაც კარგა ხანს ინარჩუნებდა და არც შეშის დანახარჯი ჰქონდა დიდი.
დილით მეზობლებმა ბუხრიდან ამოსული კვამლი რომ დაინახეს,- ა, გაცოცხლდა კერია და ცხონდა ბაბუაშენის სულიო -თქვეს და სამგზობას დალოცეს ბიჭი.
გიორგიმ მეგობარს სთხოვა დახმარება, მზის პანელების დამონტაჟება მინდა და შენი კომპანიიდან დამახმარე სპეციალისტებიო. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას მეზობლებმა ოდა სახლის სახურავზე დადგმული მზის პანელები იხილეს. სათითაოდ მოდიოდა ყველა მეზობელი მის სანახავად. აგი, რაია, ამით როგორ უნდა გაათბო სახლიო -ეკითხებოდნენ გიორგის. ისიც ყველაფერს უხსნიდა მეზობლებს მზის ენერგიის გამოყენების სიკეთეზე, რამდენ ვატიანი იყო ეს მზის ბატარეები, რამდენ პროცენტიანი ეფექტურობით და რა დანაზოგი გამოსდიოდა მის პატრონს. ერთი სიტყვით, მთელი შემეცნებით -საგანმანათლებლო ლექცია ჩაუტარა სოფელს, რას ნიშნავდა ენერგოეფექტურობა, რა შდეგების მომტანი იყო ადამიანისთვის ამდენი გაფრქვეული აირით დაბინძურებული გარემო და რას გვიქადდა გლობალური დათბობის საფრთხე! შედარებით შეძლებულმა მეზობლებმა -რასაც შენ ყობი, თუ ასეთი კაია, ჩვენც შევიძენთო... მარაქაში კარის მეზობელი მართაც გაერია. -თუ ამფერი სასწაულია აგი სახურავზე დადგმული „ფანჯრები“, შენს გაზრდას, ხელზე გადამარონიე მაგით გაცხელებული წყალიო. მართამ ექსპერიმენტის შედეგები მსწრაფლ და უმალ აცნობა სამეზობლოს.
მამიდა მართა გვერდზე ეზოში ცხოვრობდა, სახურავდაფერდილ სახლში, ოთხმოცს მიტანებული, მარტოხელა იყო, ძველი სილამაზის კვალი ახლაც ეტყობოდა სწორ ნაკვთებზე. შინაბერას დაძახება სწყინდა, საკუთარ თავს გაუთხოვარს უწოდებდა....ყველა მამიდა მართას ეძახდა, ყველას მამიდა იყო და იმიტომ! ბალახეულით წამლობაც იცოდა და მალამოს ტოლფასი შელოცვებიც. წყევლა არ უყვარდა....მიუხედავად ასაკისა, არაფერზე დაგზარდებოდა. ისეთი მზადება იცოდა, ლხინისა თუ ჭირის სუფრაზე მხოლოდ ის იყო თავქალი. სახლის წინ, ღობის პირას ედგა ჩეჩმა. ადრე გურიაში შეძლება- გაჭირვება სწორედ ჩეჩმაზე შებმული კარით იზომებოდა. თუ ჯვალო იყო ჩამოფარებული, ე.ი. ნამეტანი გაჭირვებული იყო მისი პატრონი, თუ ხის კარი ჰქონდა - წელში გამართულად ითვლებოდა. მამიდა მართას ჩეჩმაზე, რა თქმა უნდა, ტილო ეკიდა. გიორგიმ მისი სახლის გამონაცვალი კარი დაუკიდა და საშვილიშვილოდ მოინადირა მართას გული. ამ ღონისძიების შემდეგ, გიორგის კეცზე გამომცხვარი ხაჭაპურით რომ გაუმასპინძლდა, ბიჭს ერთი საიდუმლოც გაანდო. მისი ბაბუა ალექსანდრე ნაყვარება თურმე, მაგრამ ასე გაუმხელელ სიყვარულად დარჩა მის გულში.
-ნენა, აწი, საცაა მუა კალანდა და მე ვიცი და ჩემმა ქალობამ, იმფერ საკალანდო სუფრას გაგიწყობ, არე კაცს რომ არ ექნება ამ სოფელში, ამას კ არ უნდა გიჩიოდე, მარა, ნამეტანი გამიჭირდა აგი ორი კაპიკი პენსია და რასაც გეტყვი, თუ ყოლისფერს მომიტან, ფარჩის სუფრას გაგიშლიო.
ტაროსი რომ შეიცვალა და გამოვიდა ამინდი, ბიჭმა ღელეს მიაშურა. შეკრიბა სოფლის ყალთაბანდები, რა თქმა უნდა, კარგი დასალევის სანაცვლოდ, (აბა, სოფელში სმა და მოსაწევი იყო ერთადერთი გასართობი...) და ღელეში მოწყობილი ნაგავსაყრელი დაასუფთავა. ფირნიშიც თვითონ გააკეთა, ზედ წარწერით: ღელეში ნაგვის დაყრა აკრძალულია, ჯარიმა - მთელი ნაგვის მიტანა მისას, ვინც ამას იზამს!
საღამოს ბიჭს „ნაგვის ნადი“ სტუმრობდა, პალატიდან სიცილ-ხარხარი ისმოდა, შუაცეცხლზე კარდალაში ლობიო თუხთუხებდა, ღვინოც იყო, არაყიც და მისი მისაჭმელიც. ძამა, იმფერი სუფრა გაგვიხაზირე, აწი თუ რამეში დაგჭირდით, შენს გვერდში გვიგულეო, - მოკლედ, სოფლის ბიჭების გული მოგებული იყო...
ამასობაში კალანდაც მოახლოვდა. მართამ დანაპირები შეასრულა და გიორგის ისეთი სუფრა გაუწყო, ჩიტის რძეც რომ არ აკლდა. ალიოშას ბადიშისთვის დედისერთა ინდაურსაც წააგდებინა თავი და იმისგან გაკეთებული საცივი მიართვა ბიჭს. კამფეტებით და ჩურჩხელებით გაწყობილი ჩიჩილაკი ამაყად იდგა ბუხრის თავზე. გიორგიმ ლამის ნახევარი სოფელი დაპატიჟა. თორმეტის ნახევარზე უკვე სუფრას უსხდნენ სუფრის ნაირნაირობებით გაკვირვებული სტუმრები. თბილისში ომის, უშუქობა-უტრანსპორტობის დროს, გიორგი ერთი წელი ბებია-ბაბუის პატრონაჟის ქვეშ, ამ სოფლის სკოლაში გაამწესეს მშობლებმა. ჰოდა, იმ ერთ წელიწადს ერთ კლასში ნაჯდომი თანაკლასელებიც მოიწვია სტუმრად. კლასელებმა სოფლის ბოშა კატიეც მოიყვანეს, ბანტიანი გიტარით. კატიე სოფელში კალთამადლიანად ითვლებოდა, ორჯერ გათხოვილ-გამოთხოვილი. ეშხიანი კი იყო ოხერი, ხორბლისფერი კანით, წელამდე დაყრილი შავი თმით და საოცრად მეტყველი თვალებით. ისე უკრავდა და მღეროდა, “კალთის“ გარეშეც აუდუღებდა კაცს სისხლს... დადგა თუ არა თორმეტი საათი, ატყდა სოფელში ერთი ბათქაბუთქი. გიორგიმაც დააგრიალა ტახტში წლობით გაყურსული ბაბუის თოფი. პალატის კარზე კაკუნი გაისმა. გიორგიმ კარი გააღო და მეკვლედ მამიდა მართა იდგა, ცალ ხელში დიდი ხის გობით და ზედ დაწყობილი ტკბილეულით. მეორე ხელში ერთი კაკალი ეჭირა. შემოდგა მარჯვენა ფეხი და ისე დალოცა გიორგი, სტუმრები და ახალი წელი, მსგავსი, რომ არასდროს სმენოდა ბიჭს... მერე გიორგის მისცა ის ერთი კაკალი და უთხრა: - გატეხე, ნენა, აგი კაკალი, წმინდა ბასილას წესია ამფერი, თუ შით სავსე გული დაგხვდა, აგი წელიწადი ხვავიან-ბარაქიანი გექნება, თუ არა და, მე ნუ დამემდურები, ჩურჩუტ კაკალს მოსთხოვე პასუხიო! გატეხა გიორგიმ კაკალი და ისეთი სავსე გული აღმოჩნდა, როგორი გულითაც მართა იყო მეკვლედ მოსული... -მეც მაქვს შენთვის საჩუქარიო -უთხრა გიორგიმ. ერთადერთი რამ, რაც მოპარვას გადაურჩა ძველ „შიფონერკაში“ ყუთში ჩაწყობილი ლამაზი ქოშები იყო, არავინ რომ არ იცის, როდის და ვისთვის ნაყიდი... - არიქა, მართა, გონია ბედი გეხსნება ამ წელიწადს, ამაღამ კიბეზე ქოშის დატოვება არ დაგავიწყდესო, -ეხუმრებოდნენ ბიჭები. -ჩემი პრინცი უკვე კაი ხნის გასულია გაღმა, მარილზე და საიქიოში თუ გამატანენ ამ ქოშებს, ეგება, იქ მიპოვნოსო, - არ დარჩა ვალში მართაც....
ბაბუის გაშენებული უძველესი ჯიშის ვაზით ამაყობდა გიორგი. ჭურში კარგა ხნის დაბრძნებული საკმიელა დიდხანს ელოდა დამლევს და დამლოცავს. ბუხრის თავიდან ბაბუის სათვალე იმზირებოდა დაორთქლილი... ახალი წლის ღამეს საკმიელას სვამდნენ ბიჭები... ცალყურა გედევანამ დაიჟინა, აგერ ნახეთ ამეღამ თუ არ მოთოვოსო, ბიჭები დასცინოდნენ, ორი წელია თოვლი თვალით არ გვინახავს და მგონი, გედევანაც დათვრა და მისი მეტეო სადგურიცო... მართა მაგიდის გარშემო დაკუსკუსებდა, -დოუტოვეთ რაცხა ამ ბიჭს, თქვე ამოუპირავებო, აგი ყოლისფერი გათავებაზე კი არ არისო! ბიჭები სიცილით კვდებოდნენ, -აწი, რაღა გიჭირს, გიო, მართამ შენი მამიდობაც იკისრაო. იყო კეთილი სურვილები, ახალი წლის მილოცვა და წინაპართა ხსოვნის სადღეგრძლოები, რამდენიმე ჭიქის მერე, გულაჩვილებული გედევანა იცრემლებოდა, არ მთავრდებოდა ჭიქით ხელში ერთმანეთისთვის სიყვარულის მტკიცება და გურული მაკვარანცხი იუმორი. ამასობაში ბანტიან გიტარაზე დაუკრა კატიემ და ისეთი „ჩავალე“ შეუშვა ჯანში, ოთხმოცი წლის მართასაც კი აუტოკდა მხრები.
ორღობეში უკვე კარგად შეზარხოშებული კრიმანჭული მობანცალებდა. შორიდანვე მოესმა ბოშური სიმღერის ხმა. ჰაიტ, რას ქვია გურიაში კალანდას ბოშური სიმღერით ხვდებოდნენო...შემოაღო ჭიშკარი, პალატში შემოაბიჯა, ჯერ დაილოცა, მერე ბიჭებს შორის ჩაჯდა, აბა ამყევითო თქვა და ისეთი კრიმანჭული შემოსძახა, კიდევ ერთხელ რომ ცხონდა დიდი მოკრიმანჭულის, ალექსანდრე ბოლქვაძის სული...
გარეთ ხვავრიელად თოვდა, კი ახდა გედევანას წინასწარმეტყველება, აგერ თქვენ და აგერ მე, თუ ამეღამ არ მოთოვოსო... უცებ გადაათეთრა თოვლმა არე-მარე. ზამთარმა თოვლით მიულოცა სოფელს ახალი წელი. ყველა სახლის საკვამურიდან თეთრი კვამლი მიდიოდა ცისკენ და თან მიჰქონდა სახლის პატრონთა საახლწლო სურვილები...
კალანდა თენდებოდა გურიის ერთ პატარა სოფელში...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев