❤ . `✞´ ცხოვრობდა ერთი კაცი. ცხოვრობდა, ცხოვრობდა და შემდგომ, როგორც ხდება ხოლმე, გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ სხეული აღარ ქონდა, მხოლოდ სულიღა დარჩენილიყო - გამჭვირვალე სული, რომელშიც ყველაფერი ჩანდა. დაღონდა კაცი. სხეულის გარეშე რაღაც არასასიამოვნო და უხერხული გახდა მისი არსებობა. მის გამჭვირვალე სულში ფერად-ფერადი თევზებივით დაცურავდნენ ფიქრები - მისივე ფიქრები, მის მიერ ოდესღაც ნაფიქრალი. ყველა მისი მოგონება კი სულის ფსკერზე ელაგა - მიდი და შეათვალიერე, თუ გინდა. იმ მოგონებებს შორის იყო ზოგი სასიამოვნო, ზოგი კი - უსიამოვნო. იყო ისეთებიც, რომელთა დანახვაც კაცს შიშის ზარს სცემდა. გადაწყვიტა გამოებერტყა ეს ცუდი მოგონებები თავისი სულიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მაშინ ლამაზი მოგონებები ზემოდან დაალაგა, ცუდები კი ქვემოთ ჩატენა და გაუდგა თავისი დანიშნულების გზას. ღმერთმა თვალი შეავლო კაცს და არაფერი უთქვამს. კაცმა იფიქრა, ალბათ, სიჩქარეში ვერ შენიშნა ჩემი ცუდი მოგონებებიო და გახარებული სამოთხისკენ გაეშურა, რადგან ღმერთს სამოთხის კარი არ მიუხურავს მისთვის. გავიდა დრო. ძნელი სათქმელია რა დრო გავიდა, რადგან იქ დრო სხვაგვარად მიედინებოდა, არა ისე, როგორც დედამიწაზე. კაცი ღმერთთან დაბრუნდა. - რატომ დაბრუნდი? - ჰკითხა ღმერთმა - მე ხომ არ დამიხურავს შენთვის სამოთხის კარი ? - უფალო, - უპასუხა კაცმა, - ძალიან ცუდად ვარ შენს სამოთხეში. ნაბიჯის გადადგმისაც კი მეშინია - კარგი იმდენად ცოტაა ჩემს სულში, რომ ვერ ფარავს იმ ცუდს, რომელსაც ვატარებ. ჩემს სიცუდეს ყველა ხედავს. მეშინია. - რა გსურს ჩემგან? - ჰკითხა სამყაროს შემომქმედმა. - შენ ყოვლის შემძლე და მოწყალე ხარ, უფალო, - უპასუხა კაცმა. - ჩემი სულის ყველა კუნჭული იხილე, მაგრამ არ შეგიჩერებივარ, როცა ჩემი ცოდვების დაფარვას ვცდილობდი. მოიღე მოწყალება, მომაშორე ყოველივე ცუდი, რაც ჩემშია. - სულ სხვა თხოვნას ველოდი შენგან, - უთხრა ღმერთმა, - მაგრამ შეგისრულებ, რასაც მთხოვ. მოაშორა ღმერთმა კაცის სულს ყველაფერი, რისიც მას სცხვენოდა: დაავიწყა მოგნებები ღალატსა და გაუტანლობაზე, სიმხდალეზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, სიხარბესა და სიზარმაცეზე. მაგრამ კაცს სიძულვილთან ერთად სიყვარულიც დაავიწყდა. წარუმატებლობებთან ერთად კი წარმატებებიც წაიშალა მისი მეხსიერებიდან. იდგა ღმერთის წინაშე სული - სრულიად გამოცარიელებული. მაგრამ ღმერთი მოწყალე იყო და ისევ დაუბრუნა სულს ყველაფერი, რაც მას ავსებდა. მაშინ ხელახლა კითხა კაცმა: - მითხარი, უფალო, როგორ მოვიქცე? თუკი კეთილი და ბოროტი ასე გადაჯაჭვულნი ყოფილან ჩემში, სად წავიდე? ნუთუ ჯოჯოხეთში? - სამოთხეში დაბრუნდი, - უპასუხა ღმერთმა. კაცი დაბრუნდა სამოთხეში, მაგრამ გავიდა დრო და კვლავ მივიდა ღმერთთან. - შემომქმედო! - უთხრა კაცმა. - შენს სამოთხეში ცუდად ვარ.ყოვლის შემძლეო და მოწყალეო, შემიბრალე, მაპატიე ჩემი ცოდვები. - კარგი, გაპატიებ! - უპასუხა უფალმა. ღმერთმა აპატია კაცს მისი ცოდვები და კაცი დაბრუნდა სამოთხეში. მაგრამ გავიდა ხანი და ის კვლავ მივიდა ღმერთთან. - ახლა რაღას მთხოვ? - ჰკითხა ღმერთმა. - შემომქმედო! ცუდად ვარ შენს სამოთხეში. ყოვლის შემძლე ხარ და მრავალმოწყალე. შენ ჩემი ცოდვები მაპატიე, მაგრამ მე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. გთხოვ, დამეხმარე. - ველოდი ამ თხოვნას, - უპასუხა ღმერთმა. - მაგრამ ეს ის ქვაა, რომელიც შენ თვითონ უნდა ასწიო.. სიყვარული პატიებით იწყება. ვაპატიოთ საკუთარ თავებს და შემდგომ უკვე შევძლებთ სხვების პატიებასაც.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев