თავი 1
მეგონა, ცხოვრებაში ყველა გაჭირვება და უბედურება მქონდა ნანახი და გამოვლილი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ძალიან მკაცრი მშობლები მყავდნენ და ერთ ნაბიჯსაც კი არ მადგმევინებდნენ ზედმეტად და მათ დაუკითხავად. სკოლაში კლასელები შატალოზე, ექსკურსიაზე ან საქეიფოდ რომ მიდიოდნენ, მე სახლში ვიჯექი და ჩემს უბედობას და უიღბლობას მწარედ ვტიროდი. ცხონებული ბებიაჩემი მაიმედებდა, გათხოვდები და შეიცვლება შენი ცხოვრებაო... მართლაც რომ შეიცვალა, მაგრამ უარესობისკენ. სკოლა რომ დავამთავრე, სასწავლებლად არ გამიშვეს. როგორ შეიძლებოდა მარტოს მევლო ქალაქის ქუჩებში? პირველივე მთხოვნელი, ვინც კი მომადგა კარზე, სიხარულით დავთანხმდი და გავთხოვდი, რადგან ჩემი დედამთილი სწავლის გავრძელებას დამპირდა. მაგრამ "ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო". მამაჩემზე მკაცრი და პლიუს ეჭვიანიც კი გამოდგა ჩემი ქმარი. მოკლე კაბა არ უნდა მცმოდა, არც ზედმეტად ამოღებული, შარვალი ან შორტები ხომ საერთოდ არ შეიძლებოდა. დედამთილი კი ავყია და აფერისტი იყო. აი, ზუსტად ისეთი: "მე ქორწილში წავეთრევი შენ ვენახში წაბრძანდიო". მთელი დღე რომ თავდაყირა ვეკიდე ოჯახის საქმეებით, მაინც არაფერი ჩანდა, "მთელი დღე სახლში ზიხარ და აბა რა გაგიკეთებიაო". სამეზობლოდ მე არ მიშვებდნენ გარეთ, ოჯახის ქალს როგორ შეიძლებოდა გარე-გარე მევლო? სწავლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. ჩემი დედამთილი კი იხარე, მეზობლიდან მეზობლებში დადიოდა. არც კი ამბობდა სად მიდიოდა. რომ მეგონა სახლში იყო, აღმოჩნდებოდა თურმე მეზობლებში ირთობდა ჭორაობით თავს. ჩაცმაზე მას შეზღუდვები არ ქონდა, ორმოცდაათი წლის ქალი შარვლითაც დადიოდა, ზედმეტად მოღიავებული გულისპირით და მოკლე კაბებითაც კი. ცოტა მამამთილი იყო ცოდო-მადლიანი, მაგრამ მასაც ჩემი ავი დედამთილი აშინებდა. მოკლეთ, ბავშვობის წლები სანატრებელი გამიხდა. ჩემი გათამამებულ-გატუტუცებული ქმარი კი ხშირად სვამდა და ეჭვიანობის სცენებსაც მიწყობდა. იმას ცერზე რატო გახედე, ამას რისთვის გაუღიმე, იმას რატო გამოელაპარაკე და ასე შემდეგ. ერთი-ორჯერ ხელითაც კი შემეხო. ამის გამო ოჯახის დანგრევა და უკან დაბრუნებაც განვიზრახე, მაგრამ მშობლებმა, განათხოვარ ქალს სახლში როგორ შემოგიშვებთო? ერთხელ, თვითმკვლელობაც კი ვცადე, მაგრამ სიკვდილით სიმშვიდე არ მეწერა და ამიტომ არ გამიმართლა. მერე კი, გავაცნობიერე, რომ თვითმკვლელობა ყველაზე მძიმე ცოდვა იყო და მოვინანიე. ამ ყველაფერს კი ისიც დაერთო, რომ შვილი არ გვიჩნდებოდა. ჩემს აფერისტ და ავყია დედამთილს ეს დიდად არ მოუხვედრებია გულზე. თავიდან კი მიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მისი ვაჟიკოს ბრალი იყო ყველაფერი და მიტომაც იყო ასე მშვიდად. გადავწყვიტე შევგუებოდი ბედს, ჩემზე უარეს დღეში ხომ სხვებიც იყვნენ და მაშ ისინი როგორ ეგუებოდნენ ამ ყველაფერს?
ერთი წლის ცოლ-ქმარნი არ ვიყავით, რომ ჩემმა ქმარმა არასრულწლოვანი გოგო შეაცდინა და ციხეში უკრეს თავი. მე ისედაც სახლიდან გარეთ არ გავდიოდი და ამ ამბის შემდეგ ხომ საერთოდ სირცხვილით ვეღარ ვყოფდი თავს. ჩემი დედამთილი კი, იცოცხლე, არც წანწალს იკლებდა, არც ქეიფსა და დროსტარებას. ვინც კი ვაჟიკოზე, ანუ ჩემს ქმარზე, ცუდს ეტყოდა, მაშინვე მწარედ ჩამოწყევლიდა დიდიან-პატარიანად. დარწმუნებული იყო, რომ თავისი შვილი მოძალადე არ იყო. თხუთმეტი წლის ბავშვი იყო დამნაშავე, რომელმაც თავგზა აურია მის ნალოლიავებელ შვილს, შეაცდინა ამხელა კაცი და მერე კი, მშობლების რომ შეეშინდა, ამას გადმოაბრალა ყველაფერი. მოკლეთ, ქალბატონ ნელის ყველა აქებდა პირში და ერიდებოდა. ისეთი ავი და ცოფიანი იყო, მტრისას. ჩემი მულიც ძმას ამართლებდა ყოველთვის და იმას ნერვიულობდა, რომ ცხრა წელი უსამართლოდ მიუსაჯეს თურმე.
ადვოკატებთან სირბილს დიდი თანხა სჭირდებოდა, ამიტომ ნელ-ნელა ჯერ საქონელი გაყიდეს, მერე ცარიელი ადგილები. ბოლოს ვენახებიც და გაგვიჭირდა კიდეც. ჩემი მამამთილი დღიურ მუშად დადიოდა, არანაირ საქმეს არ თაკილობდა, მაგრამ ოჯახს მაინც არ გვყოფნიდა ჭამა-სმაში და კომუნალურებში. ჩემმა დედამთილმა თავის ნათლულს მიაკითხა, რომელსაც ჰექტრობით ვენახები ქონდა გაშენებული და მუშას ამუშავებდა. მიხამ ძალიან კარგად იცოდა ქალბატონი ნელის სიზარმაცის ამბები, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა, მითუმეტეს რომ ვაჟიკო ციხეში იყო და კარგადაც გვიჭირდა. ამიტომ დასთანხმდა და ბრიგადაში ჩასვა ჩემი დედამთილი. ძალიან კი გამიკვირდა, სახლში არაფერს აკეთებდა და გარეთ რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არაფერი მითქვია. დილით რომ წავიდოდა ვენახებში სამუშაოდ, იქიდან ცოცხალ-მკვდარი მოდიოდა. გაიშოტებოდა კრუსუნით და მთელი ღამე მის სასთუმალთან მიწევდა ღამის გათენება. რამდენჯერმე შევთავაზე, მე ვივლი შენ ასე ცუდად რომ ხარ-მეთქი და მოჩვენებითი სიბრაზით გაიგიჟა თავი, სანამ მე ცოცხალი ვარ შენ გარეთ გაგიშვებ სამუშაოდო? თუმცა, ცოცხალი კიდევ დიდხანს იყო, მაგრამ სადღაც ერთ კვირაში შემომაპარა, ცუდად ვარ და ეს ერთი დღე ჩემს მაგივრად წადიო. იმ ერთ დღეს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ბოლოს მის მაგივრად მე ჩავჯექი ბრიგადაში. შუა ზაფხულში ხუთ საათზე გავდიოდი სახლიდან და პირველ საათზე დაღლილ-დაქანცული ვბრუნდებოდი. ნახევარი საათით ვისვენებდი მხოლოდ და ახლა ოჯახის საქმეს ვეჭიდებოდი ახალი შემართებით და ენერგიით. ჭურჭელსაც კი არ რეცხავდა ქალბატონი, ცუდად ვარო. არც სადილ-ვახშამზე ზრუნავდა. მოკლეთ, კონკიას ზღაპარში მეგონა თავი.
ადამიანი ყველაფერს ეგუებაო და მეც შევეგუე ჩემს უღიმღამო ყოველდღიურ რუტინას. ბრიგადაში ქალები თავიდან ამრეზით მიყურებდნენ. ვაჟიკოს ცოლი და ნელის რძალი ვიყავი და არც ვამტყუნებდი არავის. ჩემს გვერდით დადგომა არავის უნდოდა თავიდან, მაგრამ მერე და მერე, როცა ახლოს გამიცნეს და მიხვდნენ, რომ არც ჭორიკანა ვიყავი, არც ზარმაცი, არც ბოროტი და რაც ყველაზე მთავარია, სხვებს ვეხმარებოდი, ცოტა პატივისცემაც კი დავიმსახურე მათი მხრიდან. ყველაზე მეტად კი შოკა დამიახლოვდა, მიხას უფროსი შვილის ნათლია. ისე მივეჩვიეთ ერთმანეთს, უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით.
თავიდან მეც მიჭირდა ბრიგადის ქალებთან ურთიერთობა. მახსოვს, კეთროვანივით მერიდებოდა ყველა. შესვენებაზე წასახემსებლად რომ სხდებოდნენ, არც კი ფიქრობდნენ იმას, რომ მეც მათთან ერთად უნდა დავმჯდარიყავი. გარიყული ბავშვივით მიწევდა მოშორებით ჯდომა. ყველა ყველას ყველაფერს რომ სთავაზობდა, მე ვითომ იქ არც კი ვიყავი. ჩემი სიღარიბის სუფრა: მოხარშული კარტოფილი და კვერცხი მე სავსებით მაკმაყოფილებდა, მაგრამ სხვების დასაცინი იყო ყოველთვის, ამდენს შრომობს და თავისთვის საჭმლის ყიდვა ენანებაო. მართლაც რომ ასე იყო. რასაც ვშრომობდი და ვშოულობდი, ჩემი დედამთილის ექიმის, გამოკვლევების და წამლების ფული იყო. სიცოცხლე კიდევ დიდხანს მინდაო. ჩემთვის ვერაფრის ყიდვას ვერ ვახერხებდი. რისთვის ვიკლავდი თავს? სახლიდან გამოვდიოდი, როგორც ციხესიმაგრიდან და გულს ვაყოლებდი შრომას. მართალია, თითქმის ერთი თვე გამიჭირდა ქალებთან ურთიერთობა რომ ამეწყო, მაგრამ სახლში ჯდომას მაინც ეს მერჩივნა. შემოდგომით კი, ჩემმა დედამთილმა მოისურვა უკვე რთველში სიარული. შედარებით ადვილი საქმე იყო და მე ისევ სახლში გამოვიკეტე. ერთი კვირის მერე კი, მიხამ მეც გამიყვანა ისევ, მუშახელი არ ყოფნოდა, მითუმეტეს ჩემი საქმის ხარისხი რომ იცოდა, ჩემი ხელიდან გაშვება არ უნდოდა. ჩემს დედამთილს კი არ ესიამოვნა მეც რომ გავედი ისევ, მაგრამ მეტი გზა არ ქონდა, ან ორივეს უნდა გვევლო, ან მარტო მე, იმიტომ რომ ჩემს ნახევარ საქმესაც კი ვერ აკეთებდა. როგორც შევატყე, გასართობად უფრო დადიოდა. მიხას მაცივრები ქონდა და ყურძენს სამაცივრედ ვკრეფდით, ვარჩევდით და ყუთებში ვაწყობდით. თავის ქებად არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მე ვმუშაობდი.
იმ დღეს, როცა პირველად გავედი რთველში, დილიდან მოღრუბლული ამინდი იყო და გრილოდა. ხალისით შევუდექით ყურძნის კრეფას ქალები. ჩემი დედამთილი ჯერ თავისნაირ ავყია და ჭორიკანა დოდოსთან დადგა. ყველაზე ბოლოში ეგენი რომ დარჩნენ მერე ჭკუა იხმარეს, დოდო შოკასთან დადგა, ჩემი დედამთილი კი ჩემთან. მოკლეთ,ასე "შეხმატკბილებულად" ვშრომობდით. ჩემი დედამთილი მალ-მალე ვიღაც ორსგანს კითხულობდა. როგორც შემდეგში გავიგე, ეს ორსგანი სვანი იყო, მიხას ახალი მეგობარი, რომელსაც მარანი ქონდა, მიხასგან ყურძენს ყიდულობდა და ღვინოს ასხავდა "რქაწითელს" და "ალადასტურს". ხო და ამ კაცს "ჩაბრატებია" ჩემი დედამთილი ამ რთვლობის პერიოდში და მიტომაც კითხულობდა ასე ძალიან.
შესვენებაზე მიხა მაღაზიაში გავიდა, ცივ წვენებს და ნაყინს მოგიტანთო. მუშის პატივისცემა ყოველთვის იცოდა ჩვენმა უფროსმა. მაგიდა და სკამებიც ქონდა კაკლის ჩრდილში მოწყობილი და კომფორტულად და სიამოვნებით შემოვუსხედით მაგიდას. შოკას ქურაც კი ქონდა წამოღებული და რომ წავიხემსეთ, ყავის მოდუღება მე მხვდა წილად. პროტესტის გრძნობის გარეშე მოვადუღე ყავა და ის იყო მაგიდას მივუჯექი, რომ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ინსტიქტურად შევხედე, წვერმოშვებული შავგვრემანი მამაკაცი იყო, ასე დაახლოებით ოცდათხუთმეტ წლამდე. ისეთი შავი თვალები და გოროზი გამოხედვა ქონდა, ცოტა არ იყოს დავიბენი.
_უი, ჩემი ბიჭიც მოსულა._აღტაცებით წამოიყვირა ჩემმა დედამთილმა.
შავგვრემანმა უცნობმა ახლა ჩემს დედამთილს მიხედა და ნაძალადევად გაუღიმა. მივხვდი, ეს ქალბატონი არ უსვენებდა და ისიც იძულებული იყო პატივისცემით და ზრდილობით მოპყრობოდა.
_კატო, ჯიგარო, ჩვენთვის არ იქნება ყავა?_მიხამ ღიმილით, მაგრამ მაინც მორიდებით მკითხა.
_კი, ახლავე._წამოვდექი კიდეც, მაგრამ უცნობმა შემაჩერა.
_იყოს, ჯერ თქვენ მიირთვით და მერე მოგვიდუღე.
_არ გინდა, იყოს, მერე მოგვიდუღე._მიხამაც შემაჩერა.
_არაუშავს, მე მაინც გაციებას ველოდები, ცხელ ყავას ვერ ვსვამ._ვუთხარი მიხას და მისთვის და მისი მეგობრისთვის ყავის მოდუღებას შევუდექი.
_დღეს რატო გვიღალატე ოქრი, რატო დაიგვიანე?_ჩემმა დედამთილმა თავის გვერდით დაუთმო ადგილი ორსგანს.
_საქმეები მქონდა. ახლა ხომ აქ ვარ? სამაგიეროდ ორმაგად ვიმუშავებ._შევატყე, რომ ისევ ნაძალადევად გაუღიმა.
სანამ ყავას ვადუღებდი, კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა. ულაზათო ნამდვილად არ მეთქმოდა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან ყოველთვის ვგრძნობდი მათ კმაყოფილ მზერას, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. რატომღაც ძალიან მაბნევდა მისი დაჟინებული ორბისებური მზერა.
********************
მე რომ ყავა მოვადუღე, შოკამ ფინჯნები მოამზადა. დავასხი და კიდევ კარგი მან მიუტანა მიხას და მის ძმაკაცს სვანს, თორემ დარწმუნებული ვიყავი, დავაქცევდი.
_რა გემრიელი ყავაა. მალადეც კატო, ოქროს ხელები გქონია._ღიმილით შემაქო მიხამ და უარესად დამაბნია.
ოჯახის წევრები არასდროს მაქებდნენ რაც არ უნდა გამეკეთებინა და უჩვეულო იყო ჩემთვის ეს შექება. ორსგანმაც მოსვა თუ არა, კმაყოფილმა შემომხედა. თქმით არაფერი უთქვია, მაგრამ შევატყე, რომ მოეწონა.
_ბიჯო, მიხა, შენს ვენახში რამდენი თრიები არიან იცი?_თაზომ, ერთ-ერთმა მუშამ უთხრა მიხას._წეღან შენი ნათლია შეაშინეს. ქალს გული გაეპარა ლამის.
_მართლა ნათლი?_ღიმილით მიუბრუნდა მიხა ჩემს დედამთილს.
_თრია და ჭირი მაგას, გული ნასკებში წამივიდა. ვაზზე ქონია მოწნული ბუდე, შვილებიც იქ ყოლია და თავს არ ანებებდა. ასეთი რამ ამ ხნის ქალი ვარ და არ მინახია...
_საოცარი სანახავი კი იყო._გავბედე და ხმა ამოვიღე,_ციყვივით ფუმფულა კუდი ქონდა. რა საყვარელი იყო.
_ციყვისებრთა ოჯახიდან არის მღრღნელების გვარიდან. მართლა ლამაზია._სვანმა ისევ გადმომხედა ორბისებური მზერით.
_ბუდე გავუქექე და ჩავიჭყიტე, ოთხი შვილი ყავდა. წრუწუნებს გვანდნენ და მათსავით წრიპინებდნენ._გაეცინა შოკას.
_ვენახს არ გაგიფუჭებენ?_ დაინტერესდა დოდო.
_მღრღნელია და მაშ რა იზავს?_ისე გაუკვირდა ჩემს დედამთილს, თითქოს მართლა დიდი მცოდნე ყოფილიყოს.
_ყურძენს არ შეჭამენ და კაკალი და თხილი კიდე ჭამონ რამდენიც უნდათ._მიხას გულღიად გაეცინა.
ორსგანის ჯიბეში ტელეფონი რომ აწკრიალდა, ყველა გაისუსა. მან კი, დახედა თუ არა ნომერს, წამოდგა და დაგვტოვა. ცოტა მოშორებით რომ გავიდა, მერე გაეპასუხა. გაუცნობიერებლად გავაყოლე თვალი. საშუალოზე ოდნავ მაღალი, განიერი მხარ-ბეჭის პატრონი იყო. შავი თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი. წვერი ქონდა მოშვებული, ალბათ ვინმეს გლოვობდა, თორემ ასე მოდაზე ნამდვილად არ ექნებოდა.
_ბიჯო, მიხა, სახლში ალადასტურის ხეივანი მაქვს ჩამოსაკრეფი, ასე შვიდას-რვაასი კილო გამოვა და შენს ძმაკაცს არ უნდა? იქნებ გამაყიდინო._თაზომ მორიდებით შეაპარა უფროსს.
_ვეტყვი ძმაო და თუ ენდომება, აიღებს._თითქოს დააიმედა მიხამ.
_ქაჯანას ელოდებით ქალებო?_ენაკვიმატმა ბრიგადირმა შემოგვცინა სუფრასთან მსხდარ ქალებს._შესვენების დრო რომ ამოიწურა არ იცით?
_უი, ქაა, ეს შესვენება რა თვალსა და ხელს შუა გაგვეპარება ხოლმე?_შეიცხადა ჩემმა დედამთილმა._აბა, საქმეზე რომ ვდგავართ, მაშინ გაიქცეს ასე მალე.
_თუ დაიღალე ქალბატონო ნელი, შეგიძლია ერთი-ორი დღით დაისვენო._მთელი სერიოზულობით უთხრა ვახომ, ანუ ჩვენმა ბრიგადირმა.
_ხო, მაშ, მეტი საქმე არ მაქვს, ეგ გალაპარაკო, ბებერია და აღარ შეუძლიაო._აწიწმატდა ჩემი დედამთილი._ზოგიერთებს მაინც ვჯობივარ.
_მე საწყენად არ მითქვია ქალო._ეწყინა ვახოს ჩემი დედამთილის რეპლიკა._მარტო შენ კი არა, ყველას გასაგონად ვიძახი, ვისაც უნდა ერთი დღით დაისვენოს, კონტრაქტზე კი არ გაქვთ ხელი მოწერილი? ოღონდ, ისე კი არ ქნათ, ყველას ერთ დღისით მოგინდეთ დასვენება...
_ჯერ არ დავღლილვართ შვილო და როცა დავიღლებით, მაშინ კი მართლა დავისვენებთ._ბრიგადაში ყველაზე ხნიერმა ქალმა ლალიმ ღიმილით უთხრა ვახოს.
მივხვდი, რომ ჩემი დედამთილი უეჭველი იფეთქებდა და ამიტომ სიტუაციის განსამუხტავად წამოვდექი და სუფრის ალაგებას შევუდექი. შოკამაც მე მომბაძა. მას სხვა ქალებიც აჰყვნენ და სახელდახელოდ ავალაგეთ სუფრა. ჩემი დედამთილი ადგილიდან არ დატოკებულა, რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ვახოს ოჯახს დიდიან-პატარიანად გემოზე წყევლიდა. ჩალის ქუდები რომ მოვირგეთ და ვედროებით ვენახს მივაშურეთ, ქალბატონი ნელი ისევ დაბრტყელებული იჯდა. ახლა რომ რამე მეთქვა, ჯავრს ჩემზე იყრიდა, ამიტომ პირუჩუმრად ავუარე გვერდი და ყურძნის საკრეფად შევედი. მე და შოკა ისევ ერთად მოვხვდით. ორი სარის გული გვქონდა გამოკრეფილი, რომ ამრეზილი ჩემი დედამთილიც შემოგვემატა. სულ მალე კი ორსგანიც მოვიდა და სავსე ვედროები გაიტანა.
_ნეტა, რა თავს იკლავს ეს ბიჭი, ასე რომ მუშაობს? იმდენი შემოსავალი ქონია იმ მარნიდან, რომ უნდა იჯდეს და ფეხი-ფეხზე გადადებული მარაოს ინიავებდეს._ორსგანი წავიდა თუ არა, მოშორებით მდგარმა დოდომ წაჭორა.
_ძმაკაცს ეხმარება დოდო. თან, გლეხი კაცის შრომას ეცნობა და მის მკლავ-მარჯვენას აფასებს. აბა, ზოგიერთები არიან, არაფრად რომ არ აგდებენ მუშებს?_თქვა თაზომ, სავსე ვედროებს მანაც წამოავლო ხელი და ღიღინით წაიღო.
_ისე ღიღინებ, გეგონება შენი ცხვარი მოუდიოდეთ მთიდან._გაეცინა ვახოს.
_შენ წარმოიდგინე და მართლაც მყავს მთაში ათი სული ცხვარი მიბარებული.
_უყურე შენ?_მართლა გაუკვირდა ვახოს._არა და, რომ შეხედოს კაცმა, იტყვის, ნაცარში ტილს ვერ გამოარჩევსო...
გამეღიმა ბრიგადირის ოხუნჯობაზე. მოულოდნელად ისევ ვიგრძენი დაჟინებული მზერა და ისევ ორსგანი იყო, ცარიელი ვედროებით ბრუნდებოდა უკან. რომ მოგვიახლოვდა, ფრთხილად დააწყო და იკითხა:
_შოკა და კატო რომლები ხართ, მიხამ ყურძენი ჩააწყონ ყუთებშიო.
_მარტო ესენიო შვილო, სხვა არავინ სჭირდება?_თავი წამოყო ჩემმა დედამთილმა.
_არ ვიცი დეიდა, რაც დამაბარა ის გადმოგეცით._ნაძალადევი ღიმილი გაუკრთა ისევ ორსგანს.
_მოდი, ბარემ ეს ვედროც გავაყოლოთ._ცალ მხარეს შოკამ და მეორე მხარეს მე წავავლე ვედროს ხელი და ყურძნის ჩასაწყობად გავედით.
_არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად თქვენ ალაგებთ._მოგვიბოდიშასავით მიხამ._ეკლესიას მინდა შევწირო ათი ყუთი და არ მინდა რომ შევრცხვე.
_არ შეგარცხვენთ უფროსო._შოკამ დააიმედა.
_რომ ვიცი არ შემარცხვენთ, იმიტომაც დაგიბარეთ თქვენ._მიხამ მანქანიდან პლასტმასის სეტკა ყუთები გადმოგვიწყო და ქაღალდები ჩაგვიფინა.
მაშინვე მოვკალათდით მე და შოკა კაკლის ჩრდილში და ყურძნის რჩევა-ჩაწყობა დავიწყეთ.
არ ვიცი, რატო მიმზერდა ეს ბიჭი ასე დაჟინებით, მაგრამ რამდენჯერაც გამოვიდა და სავსე ვედროები გამოიტანა, იმდენჯერ დამაბნია მისმა ორბისებურმა მზერამ. ლამაზი თვალები კი ქონდა, შავი და მომნუსხველი.
_დაისვენე ძმაო. მუშები სამყოფები არიან და გამოზიდავენ. ნახე, კაკლის ჩრდილში რა ნიავი მოდის? აქ, ერთი ჰამაკიც უნდა ჩამოვკიდო და ვინებივრო შიგ._გაღიმებულმა მიხამ ლამის ძალით ჩამოსვა მეგობარი სკამზე და თვითონაც გვერდით მიუჯდა._ამ საღამოს რას აკეთებ? გადმოიარე, დავლიოთ.
_დილით ნაკიფარში მივდივარ და არ მინდა პახმელია ვიყო.
_სვანეთში აპირებ წასვლას? მერე, როდის დაბრუნდები?
_არ ვიცი. შევეცდები რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. დალევაც მერე იყოს._გულწრფელად და გულღიად გაუღიმა ორსგანმა.
შავი წვერ-ულვაშის ფონზე ისე თეთრად გაიელვეს მისმა კბილებმა, თვალი მომჭრა. ზედმეტად თეთრიც კი მეჩვენა მისი ჩაწიკწიკწბული ლამაზი კბილები. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, შემრცხვა და ვიგრძენი, როგორ გავწითლდი.
_თაზოს ალადასტური ქონია ხეივანზე ჩამოსაკრეფი, ნახევარ ტონაზე მეტი გამოვაო და გაყიდვა უნდა...
_რომ დავბრუნდები, ვნახავ და თუ მომეწონა, ავიღებ. ორ-სამ დღეში უფრო ჩატკბება კიდეც. მაგრამ... თუ ეჩქარება, გაყიდოს, მე ნუ დამელოდება.
_ვეტყვი და რას გადაწყვეტს, გაგაგებინებ... ასე მოულოდნელად რატო გადაწყვიტე წასვლა, ხომ მშვიდობაა?
_ხო, ჩემი დიშვილის დაბადების დღეა, თექვსმეტი წლის ხდება. უნდა, რომ მის გვერდით ვიყო.
_ეტყობა, რომ ბიძა ძალიან უყვარს...
_მეც ძალიან მიყვარს. მის გამო ქვეყანას შევძრავ._თითქოს რაღაც ნაღველი ვიგრძენი მის ხმაში.
არც შევმცდარვარ. მალულად რომ ავხედე, თითქოს ტკივილით გაჰყურებდა სივრცეს. ერთხანს დაჟინებით შევყურებდი. ბოლოს, რომ იგრძნო, რაღაცნაირი ტკივილიანი და სევდანარევი მზერით გადმომხედა. აშკარად რაღაც აწუხებდა. ალბათ, რამე სჭირდა მის დიშვილს.
თაზომ სავსე ვედროები რომ გამოიტანა და მე და შოკას გადასარჩევად დაგვიდგა, ორსგანს მიუბრუნდა.
_დედობილი გკითხულობს, რა მოუვიდაო.
ორსგანი ხმისამოუღებლად წამოდგა, ცარიელი ვედროები აიღო და მომეჩვენა, რომ ვენახში არეული ნაბიჯებით შევიდა. შორიდანვე გავიგონე ჩემი დედამთილის მხიარული კისკისი. ასეთი მხიარული ნეტა სახლში იყოს, ან ამის ნახევარი. სულ მუდმ თავპირი ჩამოსტირის და დაცხვირული დადის. გარეთ კი, იცოცხლე, ისეთი მხიარული და ლაღია, შეგშურდება კაცს.
სამუშაო საათების დასრულებამდე მშვენივრად ვიმუშავეთ. მერე კი თვითონ მიხამ დაგვარიგა სახლებში. ჩემი დედამთილი მაშინვე დაწვა, ცუდად ვარ და ცოტას წავუძინებ, იქნებ გამოვიდე მდგომარეობიდანო. მე, როგორც ყოველთვის ერთი ფინჯანი ყავა მოვიდუღე, სავარძელში მოვიკეცე. თან ფეისბუქში შევძვერი. გემრიელად მივირთმევდი სურნელოვან და მაცოცხლებელ სითხეს და თან ცხელ-ცხელ ამბებს ვგებულობდი.
ნახევარი საათი სულ მეყო დასასვენებლად. მერე, ყურსასმენები მოვირგე და ენერგიული სიმღერების ფონზე საქმეს შევუდექი. პირველ რიგში სამზარეულოს მივაშურე: ვახშამი მოვამზადე და ჭურჭელი დავრეცხე. მერე ოთახები დავალაგე. საღამოს კრუხ-წიწილა და საქონელი დავაბინავე. ჩემი მამამთილი ნახირიდან რომ დაბრუნდა, იმას მივხედე. დაღლილ-დაქანცულ კაცს წყალი შევუთბე ფეხების დასაბანად. ზურგჩანთა ამოვულაგე.
_ხვალაც ხომ არ მიხვალ, საგზალი გაგიმზადო?_მოწიწებით ვკითხე.
_არა შვილო, ხვალ და ზეგ დავისვენებ და მერე ისევ ერთი კვირა მიწევს სიარული. ნელი სად არის?
_დაწვა უკვე, ცუდად ვარო._ვუთხარი და ფეხების ნაბანი წყალი ეზოში გავიტანე გადასაღვრელად.
მერე სახვალიოდ ჩვენთვის გავამზადე საგზალი. რაც ქალბატონმა დაიწყო სიარული, ჩემი კვების რაციონიც შეიცვალა: ყველი, კიტრი-პამიდორი, ძეხვი, შემწვარი ვარია ან ვიჩინა მაღაზიაში ნაყიდი და არაჟანი. ქალი ამდენს შრომობს და აღარც ჭამოს? ენერგია მაშ რითი უნდა აინაზღაუროს?
ის იყო დავწექი, რომ გაწვიმდა კიდეც. ბრიგადირმა დამირეკა, წვიმა თუ გადაიღებს ცოტა მოგვიანებით გავალთ სამუშაოდ და იცოდეთო. კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. ვერა და ვერ დავიძინწ და ისევ ავდექი. ღია ფანჯარას გადავეყუდე პერანგისამარა და წვიმის სასიამოვნო შხაპუნს ვუგდებდი ყურს. რატომღაც იმ ბიჭზე დავიწყე ფიქრი, ორსგანს რომ ეძახდნენ.
დატოვეთ კლასი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3