ლიკა ბერიკაშვილი
საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაიბარეს. პრემიერმა პროექტ Eagle Hills-ის კრიტიკოსებს დამაჯერებელი, ციფრებზე დაფუძნებული პასუხი გასცა. მაშინ, როდესაც ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დაწერას „არაბული ანკლავების“ შესახებ მითებით ცდილობს, მთავრობის მეთაურმა დეტალურად ახსნა ის უპრეცედენტო ეკონომიკური სარგებელი, რასაც ქვეყანა 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციით მიიღებს.
კობახიძის მთავარი აქცენტები
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, სახელმწიფომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. მთავრობის პოზიცია მარტივ არითმეტიკას ეფუძნება: სახელმწიფო ფლობს კომპანიის წილის 33.3%-ს, რაც ნიშნავს, რომ მოგების მესამედი პირდაპირ ბიუჯეტში შევა.
„ნებისმიერ ფინანსისტს, ეკონომისტს შეგიძლიათ აჩვენოთ ეს ხელშეკრულება, შეაფასებინოთ, რა არის კომპანიის „აირარი“ (IRR) და დაგიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად რაციონალურად გადანაწილდა დივიდენდი ორ მხარეს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, ინვესტორის ამონაგები (IRR) არის 23%, რაც ოპტიმალურ 25%-იან ზღვართან ახლოსაა. ეს ნიშნავს, რომ გარიგება სამართლიანია, როგორც ინვესტორისთვის, ისე ქართული მხარისთვის. გარდა დივიდენდებისა (დაახლოებით, 2 მილიარდი), სახელმწიფო ყოველწლიურად, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის გადასახადებს მიიღებს.
ოპოზიციის „მითები“
საპარლამენტო ოპოზიცია, კერძოდ პარტია „ლელო“ და ირაკლი კუპრაძე, პროექტს „ეროვნული ინტერესების ღალატს“ უწოდებს. მათი მთავარი ბრალდებებია ტერიტორიების გასხვისება აუქციონის გარეშე, „არაბული ანკლავების“ შექმნა და ხელშეკრულების გასაიდუმლოება.
პრემიერ-მინისტრმა ეს ბრალდებები კომპეტენციის ნაკლებობად შეაფასა:
„ერთი ადამიანისგან არ მომისმენია პროექტის დეტალური, კომპეტენტური გარჩევა... ადრე იყო „რუსული კანონი“, ახლა არის „არაბული ქალაქი“, ორი სიტყვა შეუძლიათ ატრიალონ, მესამეზე უკვე ვერ გადადიან, ესაა ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია“.
პრემიერის არგუმენტები
მითი - Eagle Hills-ის პროექტი „არაბული ანკლავია“, ხოლო ქართული მიწები არაბებზე გასხვისდება.
რეალობა - პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო რჩება 33%-იანი წილის მფლობელად და იღებს გადაწყვეტილებებში მონაწილეობას საბჭოს მეშვეობით.
მითი - ინვესტორი მოგებას სრულად წაიღებს.
რეალობა - პრემიერის თქმით, ოპონენტებს უკვირთ, როგორ შეიძლება კომპანიამ ჩადოს 6.6 მილიარდი დოლარი და აქედან მისი იყოს მხოლოდ 1.5 მილიარდი. „სინამდვილეში, ეცოტავებათ ჩვენს ოპონენტებს ის მოგება, რომელსაც იღებს კომპანია Eagle Hills-ი ამ პროექტიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.
მითი - დავების შემთხვევაში, საქართველოს ინტერესები დაუცველია.
რეალობა - ნებისმიერ დავას განიხილავს ციურიხის არბიტრაჟი, ბრიტანული სამართლით, რაც საერთაშორისო სტანდარტია.
ინვესტიციის გლობალური კონტექსტი
სანამ ქართული ოპოზიცია ინვესტორის წარმომავლობაზე აპელირებს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები არაბული კაპიტალისთვის იბრძვიან. არაბთა გაერთიანებული საემიროები კანადაში, 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას დებს, საუდის არაბეთი კი აშშ-ში, ტრილიონ დოლარამდე ზრდის დაბანდებას. დონალდ ტრამპის თქმით, ეს ნიშნავს „ბევრ სამუშაო ადგილს“. ირაკლი კობახიძის პოლიტიკაც ამ პრაგმატულ ხაზს მიჰყვება - მოიზიდოს კაპიტალი, რომელიც დასავლეთშიც სასურველია.
დასასრულს, პრემიერმა ოპონენტებს ირონიულად, თუმცა კეთილგანწყობით მიმართა და სერბეთის მაგალითი შეახსენა, სადაც მსგავსი პროტესტი, საბოლოოდ, კრიტიკოსების მიერ ბინების შეძენით დასრულდა:
„პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ, საბაზრო ფასების შესაბამისად გააკეთონ“.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპარლამენტო გამოსვლას ეხმიანება. მისი შეფასებით, მთავრობის მეთაურმა Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებული „ტოქსიკური მითები“ დამაჯერებლად გააქარწყლა.
აბაშიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მცდელობა, „ფსევდოპატრიოტული ობსტრუქციით“ შეაფერხონ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი, უშედეგო აღმოჩნდება.
„Eagle Hills-ის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება საქართველოს სასიკეთოდ, ურეპუტაციო, მარგინალი „პარტიების“ ფსევდოპატრიოტული ობსტრუქციის მიუხედავად. ეროვნულ, ეკონომიკურ ინტერესებთან ბრძოლას, სამარცხვინო და მანიპულაციური პროპაგანდით ვერ ექნება წარმატება.
ადვილად იშიფრება ნებისმიერი, ვითომ დეკლარირებული პოლიტიკური პლატფორმის მქონე ესა თუ ის კანტორა - ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტი, რომელიც მოქმედებს უცხოელ არაკეთილმოსურნეთა სასარგებლოდ, მაღალი ალბათობით, სხვადასხვა სარგებლის სანაცვლოდ“, - ამბობს გია აბაშიძე.
აბაშიძე კრიტიკოსთა ქმედებებს - „ფსევდოპატრიოტულს“, ხოლო მათ ინტერესებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
„ანტიქართულ პოლიტიკურ ძალებს, რაც არ უნდა ნიღაბი მოირგონ, ერთი მიზანი აქვთ: სიღარიბით, არასტაბილურობით და დაპირისპირებით სურთ მიიღონ პოლიტიკური დივიდენდი. რეალობის დანახვა საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ნამდვილად არ უჭირს“, - აცხადებს აბაშიძე.
აბაშიძე დეტალურად განმარტავს, თუ რა ფინანსურ სარგებელს მიიღებს სახელმწიფო, რითაც პასუხობს „ბოროტ ზღაპრებს“. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ პროექტი არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს სახელმწიფოს, რადგან მას სრულად აფინანსებს ინვესტორი.
„მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, სახელმწიფომ მიიღო პროექტის 33%-იანი წილი. ეს ნიშნავს, რომ კაპიტალდამბანდებელი დებს 6.5 მილიარდ დოლარს, ხოლო შემოსავლის მესამედი პირდაპირ საქართველოს ხაზინაში ჩაირიცხება. ასევე საქართველოში მოქმედებს მკაცრი კანონმდებლობა ბინადრობის, საზღვრის კვეთისა და მოქალაქეობის შესახებ. უფრო მეტიც, 6.5 მილიარდი დოლარის ბიუჯეტი კონტრაქტის პირობებით, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე დაიხარჯება“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, პროექტის მიმდინარეობისას დასაქმდებიან მხოლოდ ადგილობრივი არქიტექტორები, დიზაინერები, მუშები, ხელოსნები და სხვა. ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო მასალები მხოლოდ და მხოლოდ ქართული ბიზნესებიდან იქნება შეძენილი.
„ეს პროექტი ლოგიკურად აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ ინფრასტრუქტურულ კურსს, რომელმაც „ყინულმჭრელის“ როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ნახეთ, ხორვატიის მაგალითი - იგივე კომპანიამ იქ 15 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ არანაირი „არაბიზაცია“ არ მომხდარა. ამ პროექტებმა ხორვატიის კურორტებს და ზოგადად, ამ ქვეყანას მსოფლიოში გაუთქვა სახელი, გახადა ის ტურისტული და საინვესტიციო მიმართულების მიზიდულობის ცენტრი, რამაც ხორვატიის რიგითი მოქალაქის შემოსავალი გაზარდა. ჩვენ ამ პროექტის შემდეგ ახალ ეკონომიკურ ეტაპზე გადავდივართ და ეს ფაქტებით მტკიცდება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
Нет комментариев