გასულ კვირას, სამხედრო მზვერავის, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები, ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე დააკავეს. სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში დაკავებულები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ (სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ). ისინი ბრალდებას არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობისა და განზრახ უკანონო დაკავების (რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) მუხლებით დაიწყო. ამავე საქმეზე 2023 წლის 27 ივლისს სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირზე დაიწყო. როგორც თავის დროზე ამბობდნენ, ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის სპეციალური მედლით დაჯილდოებული სამხედრო მზვერავის მკვლელობის საქმეში შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძე და ე.წ. ელიტური სპეცრაზმის თანამშრომლები ფიგურირებდნენ. როინ შავაძის საქმე აქტუალური მისი მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, 2020 წლის 19 ნოემბერს გახდა, როცა 2012 წლის 3 მაისს როინ შავაძის ოჯახისა და მათი უფლებების დამცველი ადვოკატის გაგზავნილ საჩივარზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და სტრასბურგმა საქართველოს სახელმწიფოს ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.
როგორ მოკლეს როინ შავაძე
როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
როინ შავაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ქრონოლოგია ასეთია: 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. 16 აგვისტოს კუდ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაში მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა, და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე შეიგინა და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა. იმავე დღეს კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით ბათუმში კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ავტომანქანები აჭარისა და გურიის საზღვართან გააჩერეს, უგონო როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს და კალაშნიკოვების მრავალჯერადი გასროლით მოკლეს. პროკურატურის ცნობით, შავაძეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულზე 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. როგორც პროკურატურა აცხადებდა, შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, თითქოს მას დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და ეტაპირებისას სცადა გაქცევა, მანამდე კი სპეცდანიშნულების რაზმის წევრს წაართვა იარაღი და ესროლა დამკავებლებს.
როგორც ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობდა, "ოპერაციაში აჭარის კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მონაწილობდნენ, რომლებიც თბილისიდან მიღებული დავალებით მოქმედებდნენ. თემურ პატარიძე (აჭარის კუდ-ის უფროსი) შავაძის მკვლელობაში თავადაც მონაწილეობდა. პატარიძე ჩვენებაში ამბობს, შავაძე თბილისში მერაბიშვილის დავალებით გადაგვყავდა, მაგრამ ამის მიზეზი რა იყო, არ ვიციო. ქაქუთში შავაძის მკვლელობას ემთხვევა შემთხვევის ადგილზე მყოფი თემურ პატარიძის ტელეფონიდან დათა ახალაიას ტელეფონზე გაშვებული ზარი".
"დაკავებულებმა უნდა თქვან, ვინ გასცა რომას წამების ბრძანება"
ციცინო შავაძე, როინ შავაძის მეუღლე: - სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო საქმის გამოძიება და ორი პირი აიყვანეს. როგორ ფიქრობთ, კუდ-ის თანამშრომლები საკუთარი ნებით გადაწყვეტდნენ როინი ქუჩაში აეყვანათ, ეწამებინათ და მოეკლათ? როინის საქმეზე 8 კაცია აყვანილი, 2 იმალება (პატარიძე და არაბული წლებია გაქცეულები არიან) და ახლა 2 დაემატა. ამბობენ, ვიღაცებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და ამის საფუძველზე აიყვანეს ინაიშვილი და გვიანიძე. დაკავებულებმა უნდა თქვან, ვინ გასცა რომას წამების ბრძანება.
სტრასბურგში საქმე მოვიგეთ, რაც ჩემი ბრძოლისა და ადვოკატის შრომის შედეგია, არასდროს გავჩერებულვარ და სიკვდილის გარდა, ვერც ვერაფერი შემაჩერებს.
რომამ ომის დროს რაღაც ისეთი ნახა და გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა. რომას კარგად იცნობდნენ და იცოდნენ, არ გაჩერდებოდა, თვალს არ დახუჭავდა, ადგნენ და მოკლეს. კიდევ, მგონია, ის სხვების დასაშინებლად დასაჯეს - აი, ასეთ ვაჟკაცს, ომებში ნაომარს რა გავუკეთეთ, თქვენ ჭკუით იყავით, თორემ ამაზე უარესად მოგექცევითო. წამება და მოკვლა არ აკმარეს, რომას ჩირქიც მოსცხეს - მოკლულს ნარკოტიკი ჩაუდეს და ჯაშუშიც გამოიყვანეს. ყველა ჩართული იყო ამ საქმეში - დაწყებული პრეზიდენტით, მერაბიშვილ-ახალაიებით დამთავრებული. რომ არა ცენტრიდან ბრძანება, ასეთ სისაძაგლეს ვერ ჩაიდენდნენ. ამ საქმეში გიორგი ჩიქოვანის (მეტსახელად "მაიმუნა", რომელიც თეიმურაზ პატარიძის მარჯვენა ხელი და განყოფილების უფროსი გამომძიებელი იყო, საქართველო 2012 წლის არჩევნებამდე დატოვა) სახელიც ფიგურირებდა, ისიც გაქცეულია.
მეგობრები ამბობენ, რომ როინს აგვისტოს ომში ალყაში მოქცეული ხალხი გამოუყვანია, ორჯერ შებრუნებულა, პიკაპით ჯერ დაჭრილები, მეორედ კი მიცვალებულები გამოუყვანია. ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, გაგვწირესო. მზვერავი იყო და როცა წინა ხაზზე იბრძოდა, მაშინ ბიჭებთან უთქვამს, ყველანი შევიკრიბებით და დავილაპარაკებთ, თეთრი და შავი გამოჩნდება, ვერაფერი გამაჩერებსო. გენერლებმა და სხვა მაღალჩინოსნებმა ხომ მიატოვეს ჯარი, ვინ რომელ მხარეს გაქცეულიყო, არ იცოდა. ჭორად ის ვერსიაც მუსირებდა, რომელიღაც თანამდებობის პირმა როინს შეაგინა, ამან პასუხი დაუბრუნა და ეს გახდა მიზეზიო...
დავუშვათ, მოღალატე იყო, არ ერჩივნათ, ცოცხალი აეყვანათ და უფრო მეტ კვალზე გასულიყვნენ?! მისი აგენტობის ამბავი ისევ იმ ხალხმა დაიჯერა, ვისგანაც შეკვეთა იყო მოსული. ისიც თქვეს, ნარკოტიკები ჰქონდა ჯიბეშიო. ჩხრეკა რატომ არ ჩატარდა, იქნებ ნარკოტიკებით ვაჭრობდა, სახლი გაჩხრიკეს და რამე ნახეს? ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გაკვეთის დროს ადამიანი სუფთა იყო. 20-25 დღით ადრე როინს ამერიკელებმა მისცეს სიგელი მამაცობისთვის, მერე პენტაგონმა მოითხოვა, ჯაშუშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები გაეგზავნათ აქედან, მაგრამ რას გაუგზავნიდნენ?
როინს საქართველო უზომოდ უყვარდა, ოჯახის მოყვარული და მორწმუნე ქრისტიანი იყო. ის მკვდარიც ასი თავით სჯობია ჩემს გამამწარებლებს...
ერთი დეტალი მინდა გავიხსენო: იმხანად ქუთაისში მსახურობდა. მთხოვა, ქუთაისში ჩავსულიყავი და მისთვის მიწა წამეღო. ძალიან ლამაზი ყვავილი ვიპოვე, მინდა ქოთანში ჩავრგო, არ მინდა გამიფუჭდეს და ჩვენი ეზოს მიწა წამომიღეო. მეც ჩავუტანე. თურმე ერაყში მიდიოდა და თან მიწა მიჰქონდა. ის მიწა წაიღო და უკან ჩამოიტანა. როინი ახლა 52 წლის იქნებოდა... ივლისი ორივეს დაბადების, ჩვენი ჯვრისწერისა და ქორწინების თვეა. მოდის ზაფხული და ჩემი ჯოჯოხეთი იწყება. ყოველ დღე ღმერთს იმას ვეხვეწები, ყველა დაისაჯოს - ვინც წამების და მოკვლის ბრძანება გასცა, ვინც დავალება შეასრულა, ვისაც რამის თქმა ან გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა. იმედია, ასეც იქნება.
Комментарии 2