(13)
27-05-2013, 10:11. ავტორი: lullaby ***
ათ დღიანი წამების შემდეგ კი როგორც იქნა საავადმყოფოდან გამწერეს, მაგრამ თან რამდენიმე დღიანი წოლითი რეჟიმი და წამლების მრავალფეროვანი სია გამომაყოლეს.
სახლში დაბრუნება თავიდან დაბადებას ჰგავდა. ჩემს ოთახში შესვლისას პირველად ის გამახსენდა, როგორ ვნატრობდი სიზმარში ტყეში სიარულისას ჩემს ფუმფულა საწოლს და რადგან წოლაც აუცილებეი იყო, არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივაშურე მას. დედას ვთხოვე რამე გემრიელი მოემზადებინა ჩემთვის. ჩემმა მონდომებამ ნანა გაამხიარულა. მანამდე კი საწოლზე მიწოლილი ექიმის ნასწავლ ფეხის ვარჯიშებს ვაკეთებდი. ტკივილი თანდათან ნელდებოდა და ჩალურჯებებიც ფერმკრთალდებოდა. სახეზე დამჩნეული ნაკაწრების ზომაც თანდათან მცირდებოდა. ერთადერთი ის ძლიერი გრძნობა იყო, რომელსაც ვერც ზომას ვუცვლიდი, ვერც წონას და ვერც სიძლიერეს. არა-და სინამდვილეში ის არც უნდა არსებულიყო ჩემში, რადგან არ არსებობდა ის ადამიანი, რომელიც მე მიყვარდა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ამასთან არა მარტო შეგუება, არამედ ფიქრიც კი.
მეორე დღეს, საღამოს თეონას და გვანცას ვთხოვე ჩემთან მოსვლა. რადგან ისინიც ჩემსავით უსაქმურნი იყვნენ და თანაც კომის შემდეგ ამის ინიციატივა თავად გამოვიჩინე, ერთ საათში ჩემს ოთახში გაჩნდნენ. მთელი დღე ვემზადებოდი იმისთვის, რომ მათთვის ჩემი სიზმარი უნდა მომეყოლა, რადგან უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. სიზმრის თითოეული დეტალის გახსენებაც კი მახრჩობდა და სულს მიმძიმებდა. ყველაფერი უნდა ამომეღო გულიდან. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამდნენ ისინი ყველაფერს, რასაც ვეტყოდი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ყურადღებით მომისმენდდნენ.
- როგორ ხარ დაჟეჟილო? - მკითხა თეონამ და ჩემს საწოლზე ფეხმორთხმით დაჯდა.
- უკეთ ვარ თეო, მადლობ. - გავუღიმე მას.
- ტელეფონში საკმაოდ აღელვებული ხმა გქონდა. რამე მოხდა? - თვალები მოჭუტა გვანცამ.
- გოგოებო. - წამოვიწიე მე და საწოლის საზურგეს მივეყუდე. - რაღაც მინდა, რომ მოგიყვეთ.
- მერე რა სახე გაქვს? ასეთი სერიოზული რა არის?
- იცით… ერთი შეხედვით სულაც არაა სერიოზული., მაგრამ…. მოკლედ, გააჩნია თქვენ როგორ გაიგებთ და აღიქვამთ. საქმე ჩემს სიზმარს ეხება. - ფრთხილად ვთქვი ბოლო სიტყვები.
გვანცას სახეზე მაშინვე კითხვა - “რა?” გამოესახა, თეონამ ტუჩები აპრუწა.
- არა, არა გოგოებო, მისმინეთ: სიზმარი კომაში ყოფნისას ვნახე და ძალიან, ძალიან ცხადი იყო. მე არ გთხოვთ მის ან დაჯერებას, ან არდაჯერებას. უბრალოდ მინდა, რომ მოგიყვეთ, რადგან გამუდმებით მასზე ვფიქრობ. გარდა ამისა, მასთან დაკავშირებით დიდი, სერიოზული და ამავდროულად სულელური პრობლემა მაქვს. აბა, მომისმენთ? - მათ შორის დავიწყე თვალების ცეცება. რამდენიმე წამში კი გვანცამ მითხრა:
- მიდი, დაიწყე.
***
მეც დავიწყე და ჩემი ლაპარაკი დიდხანს გაგრძელდა. პირველ რიგში რეალური ამბავი მოვუყევი მათ და ავუხსენი ვინ იყო და რა უნდოდა იმ წყეულ ბოშა ქალს, რომელთან მოსაუბრეც გოგოებმა მნახეს ვიდეოჩანაწერში. ვუთხარი, რომ ხუთი დღე გამუდმებით თვალებში მეჩხირებოდა, და ჩემს შორიახლოს იყო. ორჯერ ვცადე მასთან დალაპარაკება და ორჯერვე რაღაცამ შემიშალა ხელი. მესამედ კი მანამ ველაპარაკე, სანამ მანქანას შევუვარდებოდი. ისიც მოვუყევი გოგონებს, რა მიწინასწარმეტყველა ბოშამ ჩემი ბედის შესახებ. არც ჩემთვის გაურკვეველი ფრაზა დამვიწყებია: “ ფენიქსი რის ფენიქსია, თუ არ განახლდა მისი არსებობა?”
ამის შემდეგ დაიწყო კომა და ჩემი სიზმარი, რომელიც მეგონა, რომ რეალურად ხდებოდა. მოვუყევი ჩემს მეგობრებს როგორ გავიცანი გეგა და რაზე ვსაუბრობდით მანამ, სანამ ბანკში მიმიყვანდა. შემდეგ რა მოხდა ბანკში და როგორ აღმოვჩნდით მე, თედო, თეო, გვანცა, გეგა და კიდევ ერთი ბიჭი მძევლებში. როგორ უთავაზა თეონამ მუშტი ერთ-ერთ ბანდიტს ტომრების თავზე ჩამოცმისას, როგორ გათიშეს გვანცა ნიშადურით და როგორ მოკლეს მძევალი ბიჭი.
შემდეგ იმ ერთი კვირის შესახებ მოვყევი, მეტყევეს სახლში რომ გავატარეთ, არც “უროს” ამბავი დამვიწყებია. ამას მოსდევდა მომდევნო ხუთი დღე სხვა სახლში. იქ მესამე სართულზე ვიყავით, ერთადერთი ფანჯარა გისოსით იყო დალუქული და გაქცევის შანსი არ გვქონდა. თუმცა, როცა გვანცამ ჯიბეში შემთხვევით ქლიბი იპოვა, წუთიერი იმედი მოგვეცა, წუთიერი, რადგან იმდენად მაღლა ვიყავით რომ ჩახტომა შეუძლებელი იყო. სწორედ მაშინ, წყობიდანგამოსული გვანცა ერთ-ერთ მძარცველს - ჯარჯის ეკამათა, რომელსაც საკმაოდ სერიუზული მიზეზი ჰქონდა იმისთვის რომ ბანკის ძარცვაში მიეღო მონაწილეობა. გოგოებს მისი ამბავიც მოვუყევი. ისიც ვუთხარი, რომ სწორედ ჯარჯი დაგვეხმარა გაპარვაში. მოგვაწოდა იდეა, ტანსაცმელი გაგვეხადა, ერთამნეთზე გადაგვება და ისე ჩავსულიყავით მესამე სართულიდან და ასეც მოვიქეცით.
მძარცველებს და სიკვდილს მშვიდობით დავაღწიეთ თავი. სამაგიეროდ ტყე არ გვაძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას. ყოველ ღამე მგლების ყმუილით შეშინებულებს ხეზე მიბმულებს გვეძინა მორიგეობით. ვუამბე სისუსტისგან და შიმშილისგან გული რომ ამერია, მეორე დღეს კი რამის გველმა რომ მიკბინა. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, შემდეგ მგლები დაგვესხნენ თავს, მაგრამ თედომ და გეგამ ცეცხლით დააფრთხეს. გოგოებს ისიც მოვუყევი სად და რა სიტუაციაში დაგვადგა თავს მგლის პატარა ხროვა.
თეონას რეაქციამ გამამხიარულა, მაშინ, როცა ვუთხარი, როგორ იტკინა ფეხი ფანჯრიდან ჩამოსვლისას, როგორ წაუვიდა ტყეში გული სისუსტისგან და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორ ეხმარებოდა გოგოს თედო. არ დამიზოგავს თეონას ნერვები და მოვუყევი, როგორ გამოუტყდა მას სიყვარულში ჩემი ძმა საჯაროდ და როგორ შერიგდნენ ისინი.
თხრობის დასასრულს ვუთხარი მათ, თუ როგორ მხარში მედგა გეგა ყოველ წუთას, რამდენი რამ გააკეთა ჩვენთვის, როგორ მაძლევდა იმედს, რომ ტყიდან აუცილებლად გამიყვანდა, როგორი თბილი და ყურადღებიანი იყო და როგორ შემიყვარდა ის. და მაშინ, როდესაც ტყეს თავი დავაღწიეთ და სოფელი ვიპოვეთ, კომიდან გამოვედი და მივხვდი, რომ ის სამი კვირა, რომელიც ჩემთვის ძალიან საშიში, დაძაბული და ამავდროულად ძვირფასი იყო, თურმე ჩემი ქვეცნობიერის ნაყოფი ყოფილა და მეტი არაფერი.
- საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვს მეგი. - გაიოცა გვანცამ. - მიდი სცადე და შენი სიზმრის მიხედვით რაიმე ნოველა დაწერე.
- ნუ სულელობ. - გამეცინა მე.
- მოიცა, - შეაჩერა თეონამ გვანცა, როცა ის კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა. - ეს ყველაფერი გავიგეთ. იმასაც მივხვდი, რომ თურმე სიზმრებში სასწაულებიც ხდება. - თავისი და თედოს შერიგება იგულისხმა მან. - მაგრამ მითხარი, რას გულისხმობდი როცა ამბობდი სიზმართან დაკავშირებით პრობლემა მაქვსო?
- იმას, რომ… გოგოებო იმას ვგულისხმობდი, რომ მე ის გეგა, ის არარეალური ბიჭი ისევ მიყავრს. კომის მერეც, გესმით?
- მეგი! - წამოიყვირა შეცბუნებულმა გვანცამ. - რა სისუსლელს ამბობ?!
- ნწ, მაგარ სარში ხარ მეგობარო! - თავი გაიქნია თეონამ.
- ამას როგორმე უნდა ვუშველოთ. - თეონას გადახედა გვანცამ. - კარგ ფსიქოლოგს ვიცნობ.
- ხომ არ გადაირიე ფსიქოლოგი არ მჭირდება, თავს თავადაც გავაკონტროლებ. უბრალოდ დრო მჭირდება, ძალიან დიდი დრო.
- მეგი, იმედია ხვდები და გულს არ გატკენ იმით, რასაც ახლა გეტყვი: შენ არარსებულ ადამიანზე ხარ შეყვარებული. - გვერდით მომიჯდა თეონა.
- ვიცი, ვხვდები, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში პირველად თავს ვერ ვმართავ. ერთის მხრივ ვიცი, ეს სრული იდიოტიზმია, მეორეს მხრივ კი სულელივით, უგონოდ ვარ შეყვარებული.
- აი თურმე რა გჭირდა მთელი ეს დღეები. - მომეხვია გვანცა და თავი მხარზე ჩამომადო.
- სულ გეგას ნახვა და მასთან საუბარი მინდა და ეს სურვილი დღითი დღე იმდენად ძლიერდება, რომ მალე ალბათ ჭკუიდან შემშლის.
- ყურადღების სხვა რამეზე გადატანა გჭირდება მეგი. - შემომხედა თეონამ. მის თვალებში დახმარების სურვილი ამოვიკითხე და მესიამოვნა, მაგრამ ახლა ჩემს “მშიერს” არაფერი შეეძლო.
- სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, არ შემიძლია. - ჩავილაპარაკე მე და ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლები სასწრაფოდ მოვიწმინდე.
- ეს ხომ სიგიჟეა მეგი! - წამოიძახა გვანცამ.
- კარგი რა! იმაზე მეტი სიგიჟე რა უნდა იყოს შენნაირ “ძერსკს” რომ ბანდიტი მოეწონება?! - გავუღიმე მას.
- რაა? მეე? ბანდიტი?! იმ სასაცილო სახელის პატრომს გულისხმობ? რა ერქვა? ჯარჯი, ჰაჰ! - შეიცხადა მან.
- გინდა რაღაც გაჩვენო და შენი სიტყვები უკან წაგაღებინო? - ვკითხე გამომცდელად.
- ჩემს სიტყვებს უკან არასოდეს წავიღებ!
- ნიძლავს ჩამოვდივარ, რომ არასოდეს უწოდებ ჩემს წითელ თმას საშინელს. გაწყობს? - ოდნავ ხასიათზე მომიყვანა გვანცას სიმაყემ.
- სრულიად. - მიპასუხა დარწმუნებულმა.
- კარგი. - ვთქვი მე, საწოლიდან გადავიწიე, საქაღალდიდან, რომელიც იქვე ტუმბოზე იდო ფურცელი გამოვაძვრინე, გვანცას გავუწოდე და ავუთხარი: - კარგად დააკვირდი, დაფიქრდი და ისე მიპასუხე. ასეთი ბიჭი რეალურად რომ შეგხვედროდა, მოგეწონებოდა?
- ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა მეგი! - მიპასუხა რამდენიმე წამის შემდეგ. გამეცინა.
- ჩათვალე რომ ნიძლავი წააგე. - ვუთხარი.
- რაა? რატომ?
- იმიტომ, რომ ეგ ბიჭი, მანდ რომ ხატია - ჯარჯია, სწორედ ის, ვისზეც ვსაუბრობდით.
- გაგიჟდი? ეს საიდან მოიტანე?
- მე დავხატე, ოღონდ არ მკითხოთ როგორ. უბრალოდ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ხატვა შემძლებია. - ხელი ჩავიქნიე მე. - ასე, რომ ჩემო გვანცა, ამიერიდან შენთვის ჩემი წითელი თმა ყველაზე ლამაზია დედამიწის ზურგზე თმათა შორის.
- შენით ვამაყობ მეგობარო! - ჩაიკისკისა თეონამ, მაგრამ ალბათ თავისი და თედოს ჩემი სიზმრისეული ამბავი გაახსენდა და კვლავ ალმაცერად გამომხედა.
- კიდევ ეს მინდა გაჩვენოთ. - ვთქვი და გოგოებს გეგას პორტრეტი გავუწოდე.
- ეს ისაა? მკითხა გაოფებულმა გვანცამ
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- დასანანია, რომ რეალურად არ არსებობს, კარგი წყვილი იქნებოდით.
- დასანანია, რომ ამას ჯარჯიზე არ ამბობ, კარგი წყვილი იქნებოდით. - ვუთხარი მე და თვალი ჩავუკარი. შემდეგ თეონას მივუბრუნდი და სრულიად მოულოდნელად ვაჯახე. - სხვათა შორის ჩემს ძმას მართლა მოსწონხარ და მე ამის დამამტკიცებელი საბუთი მაქვს.
თედო სახლში არ იყო და თეონას ვთხოვე ჩემი ძმის ოთახიდან მისი ლეპტოპი გამოეტანა. კომპიუტერი მუხლებზე დავიდე და დავიწყე გადამალული სურათის ძებნა. დაახლოებით ნახევარი საათი მაინც ვეძებდი. შემდეგ ვიფიქრე, ალბათ სურათი უჩინარ საქარალდეში აქვს მეთქი და გადამოწმება დავიწყე საქაღალდეების ფორმატის შეცვლით. არც შევმცდარვარ. ნეტავ სად ისწავლა ამის გაკეთებათქო ვთქვი და საქაღალდე გავხსენი, სწორედ იქ დამხვდა “დამამტკიცებელი საბუთი”.
ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დარწმუნებული ვიყავი, თეონა არც არაფერს ეტყოდა თედოს, არც არაფერს შეიმჩნევდა. ამასთან, ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მეგობარი ამ ფაქტზე სერიოზულად დაფიქრდებოდა. მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. ახლა მთავარი იყო თედოს მონდომება და თეონას გადაწყვეტილება. გამიხარდებოდა, ამ მხრივ მაინც თუ ახდებოდა ჩემი სიზმარი.
***
დედა თავს მევლებოდა. მსიამოვნებდა მისი ყურადღება და უარს არაფერზე ვეუბნებოდი. ისე მექცეოდა, თითქოს მართლაც მძევლობიდან ვიყავი ახალი განთავისუფლებული დიდი ხნის შემდეგ. თუმცა ალბათ მშობლისთვის შვილისავარიაში მოყოლა და მძევლობა, ერთი მეორეზე უარესი გადასატანი იქნებოდა.
დილით, სანამ თედო სამსახურში წავიდოდა, ჩემს ოთახში შევიპატიჟე. საწოლზე გვერდით ჩამოვისვი და პირდაპირ ვკითხე:
- როდემდე აპირდბ ჩუმად ყოფნას?
- რაზე ამბობ მეგი? - გაუკვირდა მას.
- კარგად იცი რაზეც. გგონია არ ვიცი, რომ ლეპტოპში თეოს სურათს მალავ უჩინარ საქაღალდეში?
ჩემმა ძმამ გაბრაზებულმა გამომხედა.
- თედო, პატარა აღარ ხარ. რატომ მიმალავ? ეს ბავშვური საქციელი იქამდე მიგიყვანს, რომ შენი მახინჯი - როგორც თეოს ეძახი, მართლაც იპოვის სხვა მისნაირ მახინჯს და ხომ იცი შემდეგ უკვე სინანულით ვეღარაფერს გააწყობ.
თედო ცოტა ხნით ჩუმად იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დამნებდა. შემდეგ კი მითხრა:
- ვიცი მეგი, ვიცი, მაგრამ მეშინია… ხო, მეშინია არ დამცინოს, მე ხომ ვიცი მისი ხასიათი.
ამოვიოხრე. მართალს ამბობდა. მე კი ჩემს ძმას კარგად ვიცნობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ იყო.
- სწორედ ამიტომ მინდა გირჩიო: ძალიან მკაცრად და სერიოზულად მიუდექი გესმის? ნება არ მისცე, რომ ხმა ამოიღოს, მანამ სანამ შენს სათქმელს არ ეტყვი. დამიჯერე, ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა.
- ვითომ?
- დარწმუნებული ვარ. თეო სულელი არაა, მით უმეტეს უგულო და უგრძნობი, როგორც ამას გვაჩვენებს. შენს სიტყვებზე იფიქრებს. აი რას გადაწყვეტს, ეს უკვე სხვა საქმეა. მპირდები, რომ დაელაპარაკები? - გავუღიმე მას.
თედომ თავი დამიქნია.
- მაგრამ უნდა მოვემზადო. ხომ იცი შენი მეგობარი საკმაოდ რთული შემთხვევაა… - ცალყბად ჩაიცინა მან. მეც გამეცინა, მაგრამ მაშინვე გავაწყვეტინე.
- არა, არა! ფსიქოლოგიურად და სულიერად მომზადებები სისულელეა. არც შეპარვები და სიტყვის გადაკვრები ივარგებს. გინდა გითხრა ყველაზე შედეგიანი რა იქნება?
- რა? - გაკვირვებულმა შემომხედა თედომ.
- არ არსებობს თქვენმა შეხვედრამ ჩხუბით რომ არ ჩაიაროს. ხო-და თუ ამ ჩხუბის დროს მოულოდნელად ყველაფერს ეტყვი, მენდე, ეს ყველაზე ეფექტური იქნება. - თვალი ჩავუკარი თედოს. მე ეს ერთხელ უკვე ნანახი მქონდა და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხერხი რეალურადაც გაჭრიდა.
- რაღაც არ მგონია. - ხელი ჩაიქნია თედომ.
- შენ ხომ დამპირდი, რომ სცდიდი?
- და პირობას აუცილებლად შევასრულებ, მაგრამ…
- თედო, ნიძლავს ჩამოვდივარ, რომ იმედები არ გაგიცრუვდება.
- ოჰო! თანახმა ვარ.
და კიდევ ერთი მსხვერპლი ვიპოვე. ვიმედოვნებდი, რომ თედოსთვისაც საუკეთესო და შესანიშნავი გახდებოდა ჩემი თმის ფერი.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (13)
***
მას შემდეგ სამი დღე გავიდა.
თეო-თედოსგან არაფერი ისმოდა და მეც ხმას არ ვიღებდი. დახმარებაზე უარს არ ვეტყოდი არც ერთს, მაგრამ ჩემით აღარაფერს გავაკეთებდი.
ჩემი სილურჯეები ნელ-ნელა ფერს იცვლიდნენ და ამჯერად უკვე ყვითლდებოდნენ. სახეზე ნაკაწრებიც უმნიშვნელოდ მაჩნდა. აღარც დედა მსაყვედურობდა ხანდახან თუ გავიდოდი სამზარეულოში ან სააბაზანოში. წოლა მოსაბეზრებელი იყო, მაგრამ უმეტეს დროს მაინც საწოლში ვატარებდი და წამლებით ვიჭყიპებოდი.
ვცდილობდი ჩემს მთავარ პრობლემაზე აღარ მეფიქრა, მაგრამ ხშირად არ გამომდიოდა. ხან ინტერნეტში დავძვრებოდი, ხან ჟურნალებს ვათვალიერებდი, ხან ტელევიზორს ვუყურებდი, მაგრამ ყველგან გამოძვრებოდა რაღაც ფაქტი, რაღაც სურათი, სიტყვა ან მოქმედება, რომელიც ჩემს სიზმარს მახსენებდა.
ერთ დღეს თეონამ “ჯინსების თაობა” მომიტანა, წაიკითხე, დროს გაიყვანო, მაგრამ უკან გავატანე. ეს წიგნი ორჯერ მქონდა წაკითხული და კარგად ვიცოდი, რომ მის მთავარ პერსონაჟს გეგა ერქვა.
საათობით ვუყურებდი ჩემს შექმნილ პორტრეტს. ერთ წუთს რომ მისი ცქერით ვტკბებოდი, მეორე წუთს ბოშას ვწყევლიდი. ის რომ არა ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი, არ მეყვარებოდა არარეალური ადამიანი. ჩემივე შექმნილი სურათის წყალობით მდგომარეობა გავირთულე. გამუდმებით მისკენ გამირბოდა ხელიც და გონებაც. როცა ვუყურებდი და ვაანალიზებდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს, ვგრძნობდი, რომ რაღაც ძვირფასი და სიცოცხლით სავსე დავკარგე. მის მოძებვნაზე ფიქრი კი სრული უაზრობა იყო. ამ დროს თავს ძალავ ვატანდი რომ არ მეტირა, მაგრამ უხმო ცრემლები მაინც მისველებდნენ ღაწვებს. მე ეს მაგიჟებდა, ვბრაზდებოდი, სურათს უჯრაში ვაგდებდი და ყურადღება სხვა რამეზე გადამქონდა. ხო, შემეძლო სურათი უჯრის ნაცვლად სანაგვე ურნაში ჩამეგდო, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? გეგას სახეს ჩემი მეხსირებიდანაც ხომ ვერ ამოვშლიდი?
დღე და ღამე კი იმდენად გამაღიზიანებლად სცვლიდნენ ერთმანეთს, რომ ცოტაც და ისტერიკა დამეწყებოდა. იმდენად ვგრძნობდი მის აუჩქარებლობას, რომ მეგონა საათის ისრები დროს ჩემს სხეულზე ითვლიდნენ. არ ვიცი რატომ მემართებოდა ეს, მე ხომ არაფერს და არავის ველოდი. ოთახში გამოკეტილი გამუდმებით ჩემს გეგაზე ვფიქრობდი.
ეს პრობლემა მოუგვარებლად მეჩვენებოდა და მალე ალბათ გვანცას მართლაც გამოვართმევდი იმ ფსიქოლოგის ტელეფონის ნომერს, რომელსაც ადრე ის მთავაზობდა.
***
დღის თორმეტი საათი ხდებოდა, ნანა თავისი ოთახიდან გასასვლელად ჩაცმული რომ გამოვიდა, თედოც მზად იყო. დედა თბილისთან ახლოს სოფელში მიდიოდა თავისი შორეული ნათესავის გასვენებაში და თედოს მანქანით უნდა წაეყვანა.
- მეგი, მითხარი, მართლა შეძლებ მარტო დარჩენას? - ჯერ ისევ ყოყმანობდა ნანა.
- შევძლებ დეე, შევძლებ. ხომ იცი, თუ რამე დამჭირდება ან მოვიწყენ გვანცას და თეონას დავურეკავ. ანდაც სამუდამოდ ხომ არ მიდიხართ? საღამოს უკვე აქ იქნებით. - დავამშვიდე მე.
- კარგი. საჭმელი მაცივარშია, წამლები ტუმბოზე, ხომ იცი რომელბიც უნდა დალიო? ბევრი არ იარო მეგი, კარგი? თავს ნუ დაიტვირთავ. გირჩევნია მართლაც დაურეკო შენს მეგობრებს…
დედას ტთავს ვუქნევდი და ყველაფერზე ვეთანხმებოდი, რომ დამშვიდებული წასულიყო, თან თედოს თვალით ვანიშნებდი “წადით, თუ მიდიხართთქო” და უამრავი რჩევა-დარიგების სემდეგ, როგორც იქნა წავიდნენ.
საწოლში რამდენიმე წუთი დავყავი, მაგრამ როგორც ყოველთვის მალე მომბეზრდა და წამოვდექი. უჯრიდან გეგას სურათი ამოვიღე და ჯერ კიდევ ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით ფანჯარასთან მივედი. ნახატი რაფაზე დავდე და დავაცქერდი. პირველ შეხედვაზე ყოველთვის მეღიმებოდა. იმდენად კარგად მქონდა დახატული, რომ მეგონა ბიჭი ფურცლიდან მართლაც მიცქერდა და ყოველ წამს ველოდი, რომ ან წამწამებს დაახამხამებდა, ან ტუჩებს გაამოძრავებდა.
ნახატს თვალი მოვაშორე და “გამოფენის” შესასვლელს შევხედე. სახე მომექუფრა.
ბოშა…
ნუთუ ყველაფერში ის მოცლილი, მატყუარა, ლამაზი ქალი იყო დამნაშავე? ნეტავ ახლა კვლავ რომ შემხვედროდა, ან სადმე დამენახა რას გავაკეთებდი? არლბათ არაფერს. რა აზრი ჰქონდა მასთან ჩხუბს იმაზე, რაც უკვე აღარ გამოსწორდებოდა?! დროს უკან ვერ დააბრუნებდა და მეხსიერებას ის ვერ წამიშლიდა. არაფერი გამართლებულა მისი ნათქვამიდან გარდა იმისა, რომ გაქრა და ალბათ აღარასოდეს გამოჩნდებოდა. მძულდა, მძულდა, საშინლად მძულდა ის ქალიც და მთელი ბოშათა მოდგმაც. არა-და სიზმარში მადლობაც კი გადავუხადე, რომ შემაყოვნა და გეგას შემახვედრა. ჰაჰ, მე იდიოტი!
არა, ახლა უნდა დავმშვიდებულიყავი. ფიქრებს ავყევი, ნერვები მოვიშალე და სხეული რამის მიცახცახებდა.
- მორჩა, დაიჯერე მეგი, რომ გეგა არ არსებობს, გაიგე? არ არსებობს! - შევუძახე ჩემს თავს.
აჯობებდა მართლაც დამერეკა ჩემი გიჟებისთვის და მოსვლა მეთხოვა.
მობილური ავიღე და უკვე გვანცასთან ვაპირებდი დარეკვას, რომ კარზე ზარი მომესმა. გამეცინა. ალბათ ისინი იყვნენ. იცოდნენ, რომ დღეს სახლში მარტო უნდა ვყოფილიყავი. გეგას სურათი უჯრაში ჩავდე და ახალი ფეხადგმულივით ფრთხილად გავუყევი გზას კარისკენ. ზარმა კიდევ ორჯერ მოასწრო დარეკვა, სანამ მე მივედი.
- ახლავე! - დავიძახე, სათვალთვალოში არ გამიხედავს, საკეტი გადავწიე და კარი გამოვაღე.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (13)
ზღურბლს იქით მდაგრის ნაცნობი მწვანე თვალები მხიარულად მიღიმოდნენ, მაგრამ ამჯერად ეს სიზმარი არ იყო.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев