როცა თქვენ ტიბრის ნაპირებზე შიშისაგან ჰკანკალებდით, ჩვენ მცირე აზიაში ვებრძოდით მუსულმანებს, და ბაგრატიონების გაშლილი დროშები შეგვქონდა იერუსალიმში“.
გამომძიებელი წამოდგა.
„არც ჩვენ ვყოფილვართ ლაჩრები“.
„თქვენ ამ დროს თქვენი წმინდანების ძვლებით ვაჭრობდოთ“.
გამომძიებელი გაფითრდა.
„როგორ თუ ძვლებით“?
„მარტო რომმა გაჰყიდა აღმოსავლეთში ორასი ათასი წმინდანის ძვალი’’...
„ორასი ათასი’’?
გამომძიებელი გაჩუმდა.
„ჩვენ წელში გაგვწყვიტა ქრისტეს ჯვრის ზიდვა. ნახეთ საქართველოს აღმოსავლეთი და სამხრეთი-ნასახლარები და ტაძრების ნანგრევები დარჩა მხოლოდ! მიტომაც დიდხანს ვეღარ ვძლებ საქართველოში.
ჩვენ გეძახოდით, შველასა გთხოვდით... თქვენი პაპები და მეფეები ფარისევლური ეპისტოლეებით გვანუგეშებდნენ... ჩვენ წელში გაგვწყვიტეს... ხომ დაწერილია: ‘’და სეტყვა დიდი, ვითარცა ტალანტი, მოვიდა ზეცით კაცთა ზედა და ჰგმეს კაცთა ღმერთი წყლულებისგან მისგან სეტყვისა, რამეთუ დიდ იყო წყლულება იგი ფრიად. ეს არ გაგიგონიათ“?
გამომძიებელი თავს აქნევს:
„ასეთი რამ არ გამიგონია“.
„თქვენ, ევროპელები, კიდევ ბევრ რამეს გაიგონებთ ჩემგან’’.
გამომძიებელი სდუმს.
„ქრისტეს ჯვარს შეეწირა დიდი საქართველო; მე იმ საქართველოზე ოცნებამ მომიშხამა საწუთროება. ასე გამწარდა ჩემი ახალგაზრდობა. აღარ მწამს ამქვეყნად აღარც ღმერთი, აღარც ისტორიის სამართალი..."
''დიონისოს ღიმილი''
კონსტანტინე გამსახურდია
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев