მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება, " მისი მრავალმილიონიანი ქონება ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. იაკობ გოგებაშვილმა თქვა, თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედით შეიმოსაო.
XIX საუკუნის ბოლოს სარაჯიშვილის ფირმა 50-მდე დასახელების სპირტიან სასმელს უშვებდა, ხოლო XX-ის დასაწყისში 60-მდე დასახელების სასმელი გამოდიოდა.
დავით სარაჯიშვილს არყისა და კონიაკის ქარხნები ჰქონდა ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ასევე კონიაკისა და ღვინის საწყობები ოდესაში, ვარშავაში, პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სამარასა და კიდევ ბევრ ქალაქში.
საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში დავითი ჩაება ახალგაზრდა ქართველთა მიერ შექმნილი ორგანიზაცია "უღლის" საქმიანობაში. ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე, ვასილ პეტრიაშვილი, გიორგი წერეთელი... მათი მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება და ეროვნული დამოუკიდებლობა. დავითს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი იყო სამამულო მრეწველობის წარმოება.
დავით სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო (მანამდე 9-10-საათიანი იყო), ასევე ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისათვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და რაც მთავარია, ანდერძში დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა. დავით სარაჯიშვილი დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესიების მშენებლობასა და თუ რესტავრაციაზე. დავითის ინიციატივითა და ასევე მისი სახსრებით აშენდა თბილისში ქაშუეთის ეკლესია, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინიდის, კალოუბნისა და კიდევ სხვა ეკლესიებს.
სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მრავალი სხვა. იგი ასევე ეხმარებოდა აკაკი შანიძეს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას...
ანდერძში, რომელიც უკვე მძიმე ავადმყოფმა როსტოვში დაწერა და ცოლსაც კი დაუმალა, 3 მილიონი მთლიანად საქართველოს დაუტოვა. ეს ეკატერინეს ძალიან ეწყინა, რად დამიმალა, მე ხომ არ დავუშლიდიო!
მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი თავადაც ქველმოქმედი იყო, ის დავითზე 12 წლით უმცროსი გახლდათ. ქმრის გარდაცვალებამ თავზარი დასცა. იაკობ ნიკოლაძეს ბრწყინვალე ესკიზი ჰქონდა შექმნილი - საფლავს ზემოდან არწივი დასცქეროდა. აკაკის მის დანახვაზე წამოუძახია: "ვნახე შენი ქანდაკება, აღარ უნდა ამას ქება!" მაგრამ ეკატერინემ არ მოისურვა ასეთი ქანდაკების დადგმა ქმრის საფლავზე - დათიკოს ამხელა ლოდს ვერ დავადებ გულზე, როცა მოვკვდები, მაშინ დაგვადეთ და მის სიმძიმეს ორივე გავინაწილებთო.
მათ შვილი არ ჰყავდათ. დავითი ძლიან ნანობდა ამას, თუმცა ცოლი ამშვიდებდა:
"რას მიქვია უშვილობა? განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩვენი შვილი არ არის?"
წყარო: კვირის პალიტრა — ხათუნა მანჯავიძე-თან ერთად მონიშნულები
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев