საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიას სტუმრობდა. პრეზიდენტს ადგილობრივები დახვდნენ და გულისტკივილი გაუზიარეს. ანაკლიელების განცხადებით,ის რაც საკურორტო ზონაში გაკეთდა , პრეზიდენტისა და წინა ხელისუფლების დამსახურებაა
პრეზიდენტი ანაკლიაში დღეს ტურისტული სეზონისა და იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა, რომელთა განხორციელება წინა მთავრობის დროს დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პროექტების გაგრძელება, რადგან, ერთი მხრივ, აქ დასაქმებული მოსახლეობა არ დარჩეს უმუშევარი და მეორე მხრივ, კიდევ უფრო განვითარდეს ანაკლიის საკურორტო ზონა. სააკაშვილის განცხადებით, ანაკლიის მსგავსი კლიმატი საქართველოში მხოლოდ ორ ადგილზეა - გაგრასა და ბიჭვინთაში, ამიტომ ამ ადგილის განვითარება მნიშვნელოვანია კლიმატური პირობების გათვალისწინებითაც.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ანაკლიის სასტუმროებში ქართველ დამსვენებლებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც იმყოფებიან, რაც, მისი თქმით, მკაფიო პასუხია მათ ბრალდებაზე, ვინც ამ ობიექტების მშენებლობას ხელისუფლების ზეწოლად აფასებდა.
2013-08-11