პოსტმოდერნი რომ ისტორიის
ფილოსოფიაში „შავი ხვრელია“,
ეს ყველაზე რელიეფურად ჟან
ბოდრიარის ფილოსოფიაში
მჟღავნდება. ბოდრიარის
ფილოსოფია „შთანთქავს“ თავის
წინამორბედ ისტორიის
ფილოსოფიის ყველა
პარადიგმატულ მოდელს:
სპირალური ბრუნვისას,
ისტორიის დასასრულისას თუ
უსასრულო, სწორხაზობრივი
განვითარებისას. ფრანგი ავტორი
თითქოს საკუთარ თავში
ერთდროულად აერთიანებსო
არნოლდ ტოინბის, ფრენსის
ფუკუიამას და განმანათლებელ
იოჰან ჰერდერს, მაგრამ სანამ
მათ „შთანთქავდეს“ და
გააქრობდეს, მათ
დეფორმირებას ახდენს და სახეს
უცვლის მათ.
ჟან ბოდრიართან ისტორიის გზის
სპირალი ისტორიის
ტურბულენტურ ბზრიალად
მოდიფიცირდება, ისტორიის გზის
დასასრული - ისტორიის სივრცის
რეტროსპექტულ გამრუდებად ან
ჰიპერრეალურ სამყაროში
ისტორიის გაქრობად, ხოლო
ისტორიის გზის დაუსრულებელი
განვითარება ისტორიული
ფარსების დაუსრულებელ
პროცესად გარდაიქმნება.
„თანამედროვეობის, ტექნიკური
განვითარების და ყველა, აქამდე
არსებული ლინეარული
სტრუქტურის გაზრდილი სიჩქარე
ქმნის ტურბულენტურობას და
საგანთა წრიულ დაბრუნებას,
რომელიც იმას ცხადყოფს, რომ
დღეს აღარაფერია შეუქცევადი”,
- წერს ჟან ბოდრიარი ესეში
„ათასწლეულების ჩრდილში, ანუ
2000 წლის შეჩერება”. როდესაც
ისტორია გადადის
“ტურბულენტურ ბზრიალში”, იგი
განვლილი ეპოქების
„შესრუტვის”, „შეწოვის” გზით
წარსულიდან პერიოდულად
აბრუნებს ყველაფერს.
“ყველაფერი, რაზეც ჩვენ
ვფიქრობდით, რომ უკვე დიდი
ხნის მკვდარია, დასრულებულია,
დამარხულია უნივერსალური
პროგრესის აუწერელი სიმძიმის
ქვეშ, ბრუნდება. ეს გვაგონებს
Jurassic Park - ის ბოლო სცენას,
როდესაც კლონირებული
დინოზავრები უეცრად
გამოჩნდებიან მუზეუმში, სადაც
მათი გაქვავებული წინაპრებია
გამოუფენიათ. ისინი
ანადგურებენ ყველაფერს, სანამ
თვითონ მათ გაანადგურებდნენ.
ეს რამდენადმე ემსგავსება
ადამიანის დღევანდელ
სიტუაციას. ჩვენც ჩავებით ჩვენს
ორეულებთან და ჩვენს
გაქვავებულ ფორმებთან
ბრძოლაში“ (გვ. 4), - აგრძელებს
ბოდრიარი. იგივე აზრი აქვს
გამოხატული ფრანგ ავტორს
ფრაგმენტში, სადაც ისტორიის
„ტურბულენტური ძრავის
ბზრიალის” წვა-აფეთქებაზე
გვესაუბრება: “ახალი
პერსპექტივებისაკენ მოძრაობის
მაგიერ, ისტორია დაყოვნებებით
ფეთქდება, და ეს აფეთქებები
სხვა არა არის რა, თუ არა
მოვლენათა აღდგენა, რომელზეც
ჩვენ, როგორც ოდითგანვე
მომხდარზე, ისე
ვფიქრობდით“ ( გვ. 3). ეს არის
ისტორია, სადაც „ექსტრემალური
მოვლენების დაჩქარება,
რეცირკულაციის (გადამუშავების)
დაუსრულებელ სამუშაოსთან
ერთად, ქმნის განმეორებად
სიტუაციებს, რომელთა ახსნა
ისტორიული მიზეზებით (raison
historique) უკვე შეუძლებელია.
განმეორებადი სიტუაციები,
როგორებიცაა ომები, ეთნიკური
კონფლიქტები, ნაციონალისტური
და რელიგიური აჯანყებები,
მუდმივად ჩნდებიან. ჩვენ
შეგვიძლია, მათ მოჩვენებითი
მოვლენები ვუწოდოთ (ghost-
events). ვფიქრობდით, რომ
შეგვეძლო წარსულ
მოვლენებთან შედარებისას
გაგვეგო ისინი, მაგრამ ისინი
უკვე იმავეს აღარ ნიშნავენ” (გვ.
6).
ფრანგი ავტორი წიგნში
„ბოროტების გამჭვირვალობა“
1990 წელს წერდა: „ამავე დროს,
თანამედროვე ფიზიკის მიერ
ტურბულენტურობის, ქაოსის და
კატასტროფის მოვლენებზე
ჩატარებული ანალიზის შედეგად,
ჩვენთვის ცნობილია, რომ
ნებისმიერი ნაკადი, ნებისმიერი
ლინეალური პროცესი, როდესაც
მას ააჩქარებენ, ღებულობს
უცნაურად - კატასტროფულად
მრუდდება“ (“Прозрачность зла“
Москва. довросовет. 2000 გვ. 149)
.
ისტორიის დასასრულის
პარადიგმაზე კი ჟან ბოდრიარი
აზრთა მთელ პარადოქსულ
ნაზავს “გვასხურებს“:
“პარადოქსია, მაგრამარასდროს
დასრულებულა, რადგან მის მიერ
დასმული პრობლემები
საბოლოოდ არასდროს
გადამწყდარა. უფრო ისტორიის
დასასრულს იცილებენ თავიდან,
როცა არც ერთ პრობლემას არ
წყვეტენ“ (“ქალაქი და
სიძულვილი“, ჟურნ. არილი.
2001. 20 სექტემბერი).
დიახ, იმის მაგივრად, რომ
ჰეგელთან, მარქსთან ან
ფუკუიამასთან მართლაც
გადამწყდარიყო (როგორც ისინი
გვაიმედებდნენ) საკაცობრიო
ისტორიის პრობლემები,
ჰანტინგტონის თქმით, ყველა
პრობლემა დარჩა, ბოროტება
აგრძელებს არსებობას და
ამიტომ - ისტორიაც გრძელდება.
იქ, სადაც თავდაპირველი
სიკეთეა გაბატონებული, სადაც
თავდაპირველი სოციალური
ჰარმონიაა, ისტორია არ იწყება.
„ისტორიის დასასრულის“
ხედვაში ისტორია არის რეალურ
ბოროტებასთან ბრძოლის
გახანგრძლივებული პროცესი, ამ
ბოროტების საბოლოო
დამარცხება-ამოძირკვისაკენ
მიმართული. და რადგანაც
ბოროტების საბოლოო
დამარცხება სანატრელი
გაგვიხდა, სანატრელი გვაქვს
ისტორიის დასასრულიც. ჟან
ბოდრიარი ამბობს: „ჩვენ
დავკარგეთ ისტორიის
დასასრული ისტორიასთან
ერთად, როცა ამ ათასწლეულის
ბოლოს შეიქმნა ისტორიული
სივრცის რეტროსპექტული
გამრუდება“. ჟან ბოდრიარი
სტატიაში “ათასწლეულების
ჩრდილში, ანუ 2000 წლის
შეჩერება” წერს: „ისტორიული
სივრცის რეტროსპექტული
გამრუდება შესაძლოა
ათასწლეულის დასასრულის
დიდი აღმოჩენა იყოს. იგი
შეესაბამება მრუდ ფიგურას,
რომელიც ყოველ წინამავალ
სტადიაზე გავლით ისევ უკან
ბრუნდება (გვ. 3). ფრანგი
პოსტმოდერნისტი განაგრძობს:
“სინამდვილეში ჩვენს ენერგიას
ვხარჯავთ სამყაროს უსასრულო
ნგრევაში, ისტორიის
განადგურებაში, რომელსაც აღარ
ძალუძს თავისი დასასრულის
წარმოქმნა... კიდევ ერთხელ
ვიტყვი, რომ აღარ გაგვაჩნია
“ისტორიის დასასრული“, არამედ
მხოლოდ უუნარობა, დაამთავრო
ისტორია. ჩვენ დავკარგეთ
ისტორია, მის დასასრულთან
ერთად. მიაღწიო ბოლოს - ეს
ყველაზე სასურველია, რაც კი
შეიძლება მოხდეს. დასასრულს
და მხოლოდ დასასრულს აქვს
უნარი გვითხრას, თუ რა მოხდა
სინამდვილეში“ (გვ. 5).
წიგნში „ბოროტების
გამჭვირვალობა“ ჟან ბოდრიარი
აღწერს ისტორიის
„რეტროსპექტული გამრუდების“
არსს, რომელიც დასასრულის
მიუღწევლობასა და ისტორიის
თანმიმდევრულ “წაშლაში”
მდგომარეობს: “უნდა დაგვესვა
კითხვა იმ შემობრუნებაზე,
რომელსაც თანამედროვე
მოვლენებში ახორციელებს არა
მარტო საკუთარი
დასასრულისაკენ მოძრავი - მისი
ლინეარული ფატალობის ნაწილი
რომაა - არამედ საკუთარი არსის
გადატრიალებისა და
სისტემატური წაშლისაკენ
მიმავალი ისტორია. ახლა
მივდივართ იქით, რომწაიშალოს
მთელი XX საუკუნე, ერთი მეორის
მიყოლებით წაიშალოს ცივი
ომის ყველა სიმპტომი,
შესაძლოა, ყველაფერი, რაც
მეორე მსოფლიო ომს და
საუკუნის პოლიტიკურ და
იდეოლოგიურ რევულუციებს
გვახსენებს. გერმანიის
გაერთიანება და ბევრი სხვა
მოვლენა გარდაუვალია არა
ისტორიის წინსვლის, არამედ
მთელი XX საუკუნის გადაწერის
მნიშვნელობით, რომლითაც
დაკავდება ბოლო მისი
ათწლეული. ამ მიმართულებით
სვლისას, შესაძლებელია, მალე
საღვთო რომანულ-გერმანულ
იმპერიას დავუბრუნდეთ. იქნებ
ესაა ამ საუკუნის დასასრულის
გონებრივი განათება, ისტორიის
დასასრულის წინააღმდეგობრივი
ფიგურის ნამდვილი აზრი!“ (გვ.
145). ფილოსოფოსი ხაზს უსვამს,
რომ „როგორც აღმოსავლეთის
მოვლენები მეტყველებს (აქ
საბჭოთა ბლოკის დანგრევა
იგულისხმება, ე.ე.), ეს პროცესი
შეიძლება ძალზე სწრაფი ტემპით
განვითარდეს სწორედ იმიტომ,
რომ საქმე არა შექმნასთან,
არამედ ისტორიის ძლიერ
ნგრევასთან გვაქვს, რომელიც
თითქმის ვირუსულ, ეპიდემიურ
ფორმას ღებულობს. საბოლოოდ,
შესაძლოა, 2000 წელი საერთოდ
არ დადგეს იმიტომ, რომ
ისტორიის გამრუდება
საწინააღმდეგო მიმართულებით
ისე აშკარაა, შეუძლებელი იქნება
დროის ჰორიზონტის
გადალახვა“ (გვ. 140).
აი, როგორ დასრულდება
საბოლოოდ ისტორიის გზა
„ისტორიის დასასრულის“
ბოდრიარისეულ ვერსიაში -
ისტორია თავისი საბოლოო
დანიშნულებისაკენ უსასრულოდ
ივლის, მაგრამ ვერასოდეს
მიაღწევს მას. საბოლოოდ კი,
მისგან საწინააღმდეგო
მიმართულებით დაშორებულ
ასიმპტომატურ ტრაექტორიად
იქცევა - ისტორიის
დაუსრულებლობასა და უკუსვლას
შეგვიძლია ისტორიის
პარადოქსული დასასრული
ვუწოდოთ.
ისტორიის დასასრულის
პარადიგმაზე ჟან ბოდრიარს
უფრო რადიკალური კონცეფციაც
აქვს. იმავე წიგნში
ფილოსოფოსი გვეუბნება: “დღეს
ჩვენ აღარ ვარსებობთ
პოლიტიკურად ან
ისტორიულად“ (გვ.133). 1981
წელს წიგნში - “სიმულაკრები და
სიმულაციები” ფრანგი
პოსტმოდერნისტი წერს, რომ
ჩვენი დროის უმთავრესი
მოვლენა რეალობის აგონია და
სიმულაციის ერის დასაწყისია
(J.Boudrillard. Simulacres et
Simulation. paris). ისტორია
„რეალური“ იყო, მაგრამ დღეს
უკვე ჰიპერრეალური გახდა. ეს
არის ისტორიიდან გასვლის, მისი
დასასრულის სიმულაციური
მოდელი, როდესაც ისტორიის
რეფერენტი დაიკარგა და იგი
მითად იქცა. „ათასწლეულების
ჩრდილში, ანუ 2000 წლის
შეჩერება“- ში ვკითხულობთ:
„თანამედროვე ეპოქა
“პოსტთანამედროვეა“ იმ აზრით,
რომ მისი მდგომარეობა
მოვლენათა სიმულაციისა და
მოჩვენებითობის მდგომარეობაა,
რომლისთვისაც ერთადერთი
სცენა მასობრივიინფორმაციის
საშუალებებია, ისტორიისა,
რომელსაც აღარ ძალუძს
განახლება - არარეალური
ისტორიისა“ (გვ. 6). “ისტორია
დაიკარგა ინფორმაციის
გრიგალისებრ ხვეულში“ (გვ .7).
“მასობრივი ინფორმაციის
საშუალებების მიერ წარმოებული
მოვლენები უკვე აღარ ფლობენ
რაიმე ისტორიულ
მნიშვნელობას. მათ აღარა აქვთ
პოლიტიკური ახსნის ფორმა…-
მოვლენები ხდებიან
ვირტუალურნი. საყოველთაო
ვირტუალობა ანადგურებს იმას,
რასაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ
- თუკი ამას კიდევ აქვს რაიმე
მნიშვნელობა - ისტორიის
რეალური მოძრაობა. ამ
წერტილიდან ჩვენ ვვარდებით
ტრანსპოლიტიკურ, ანდა
ტრანსისტორიულ სფეროში. ამ
სფეროში მოვლენები უკვე აღარ
მიმდინარეობენ რეალურ
სინამდვილეში საკუთარი
წარმომავლობისა და “რეალურ
დროში” გაშლის გამო. ისინი
შეიძლება იყვნენ მხოლოდ
ტრანსპოლიტიკურად
შეპყრობილნი. ისინი, როგორც
ტრანსპოლიტიკური მოვლენები,
ჩაკარგულნი არიან ინფორმაციის
ვაკუუმში. ინფორმაციული სფერო
- ეს არის სივრცე, სადაც
მოვლენები ბოლოს და ბოლოს
თავისუფლდებიან საკუთარი
არსებისაგან, აღდგენილია
ხელოვნური სერიოზულობა და
მოვლენები ბრუნდებიან
ორბიტაზე, სადაც ისინი რეალურ
დროში შემჩნევადნი ხდებიან. ან,
სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ისტორიული ვიტალობის
დაკარგვის შემდგომ, მოვლენები,
შესაძლოა, მასობრივი
ინფორმაციის საშუალებების
ტრანსპოლიტიკურ დონეზე იქნენ
რეტრანსლირებულნი. ხდება
იგივე, რასაც ადგილი აქვს
კინოფილმის შექმნისას. თუ
ისტორია კინოფილმია (რადაც
იგი ნამდვილად გადაიქცევა
თავის უშუალო რეტრო-
პროექციისას), “სიმართლე“
მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებშია - ეს სხვა
არაფერია, თუ არა - შემდგომი
სინქრონი, დუბლაჟი,
სუბტიტრები“ (გვ. 6-7).
მაშ ასე, დაგვრჩა კიდევ ერთი
საკითხი - ისტორიის გზის
დაუსრულებელი პროგრესის
პარადიგმის მოდიფიცირება-
გადაგვარება ისტორიული
ფარსების დაუსრულებელ
პროცესად, რომელიც
ვეღარასოდეს დაუბრუნდება
რეალურ ისტორიას: „ციფრული,
კიბერნეტიკული და ვირტუალური
ტექნოლოგიების ჩარევით, ჩვენ
უკვე რეალობის მიღმა ვართ,
ხოლო საგნები - საკუთარი
დასრულების მიღმა. მათ აღარ
შეუძლიათ დასრულება და
უსასრულობის (უსასრულო
ისტორიის, უსასრულო
პოლიტიკის, უსასრულო
ეკონომიკური კრიზისის)
უფსკრულში ცვივიან
(“ათასწლეულების ჩრდილში, ანუ
2000 წლის შეჩერება“, გვ. 5). აქ
ფრანგი ავტორი კ. მარქსის
ფილოსოფიას იშველიებს და
გვეუბნება: “ისტორია იყენებს
განმეორების ტექნიკას
იმისათვის, რომ წინ წავიდეს,
მაშინ, როდესაც ფაქტობრივად,
უკან ბრუნდება. ისტორია
გამეორებით ფარსადგადაიქცევა.
და ჩვენ შეგვეძლო
დაგვემატებინა: ფარსი
განმეორებით გადაიქცევა
ისტორიად“ (გვ. 6). ბოდრიარი
ასკვნის: „ჩვენი ნახტომი
ვირტუალურ სამყაროში არღვევს
იმ ყველანაირ მატერიალურ
პირობას, რომლებზეც
საუბრობდა მარქსი, და
შეუძლებელს ხდის დღევანდელი
ისტორიული სიტუაციის
რაიმენაირ დიალექტიკურ
ახსნას“ (გვ.7). როგორც ვთქვით,
ისტორიის ტურბულენტური
ბზრიალი “შეიწოვს“, მუდამ უკან
აბრუნებს ყოველგვარ წარსულს
და ამ კვლავდაბრუნების
პროცესით იქმნება ისტორია,
როგორც ფარსთა
დაუსრულებელი თანმიმდევრობა.
ახლა აღვწეროთ მთლიანი
პროცესი: ისტორიის
ფილოსოფიის “შავი ხვრელი“
მოიცავს, დეფორმირებას ახდენს,
ურთიერთგადანასკვავს და
ბოლოს შთანთქავს მისი წინარე
ეპოქის ყველა პარადიგმატულ
მოდელს. აი, როგორ ხდება ეს:
ისტორიის ფილოსოფიის სამივე
პარადიგმატული მოდელი -
ისტორიის სპირალური ბრუნვის,
ისტორიის დასასრულის და
ისტორიის დაუსრულებელი
პროგრესისა - ვარდება ჟან
ბოდრიარის მრავალშრიანი,
პარადოქსული აზროვნების
ველში და ერთმანეთის
გვერდიგვერდ განიცდის
მოდიფიცირებას: სპირალური
ბრუნვა - ისტორიის
ტურბულენტურ ბზრიალად,
დაუსრულებელი პროგრესი -
ისტორიის ფარსების პროცესად,
ხოლო ისტორიის დასასრული
ისტორიული სივრცის
რეტროსპექტულ გამრუდებად ან
ჰიპერრეალურ სამყაროში
ისტორიის გაქრობად
მოდიფიცირდება. თითოეული ეს
მოდელი, სხვა დანარჩენებთან
ერთად, ფრანგი
პოსტმოდერნისტის აზროვნებაში
ქმნის დიფუზიურ კვანძს, სადაც
ყველა ერთმანეთთან არის
შეერთებულ-შერწყმული. აქ
უკავშირდება ერთმანეთს და
იხლართება რთულ
პოსტმოდერნულ კვანძში ვედურ-
ჰერაკლიტესეულტოინბისეული,
ავესტურ-ბიბლიურ-
ჰეგელისეული და
ანაქსაგორაჰერდერისეული
ისტორიული მოდელები.
ისტორიის ტურბულენტური
ბზრიალი შეწოვის ტალღის
მეშვეობით მუდმივად აბრუნებს
წარსულის მოვლენებს და ქმნის
ფარსების დაუსრულებელ
პროცესს, როგორც ისტორიას. ეს
არანამდვილი ისტორია კი
უკავშირდება ჰიპერრეალურ
სფეროში ისტორიის გაქრობას.
თავის მხრივ, ისტორიული
სივრცის რეტროსპექტული
გამრუდება, რომელიც ვეღარ
მიიწევს მომავლისაკენ და
მუდმივად წარსულის
“გადაწერით“ არის დაკავებული,
უკავშირდება ტურბულენტურ
ბზრიალს, რომელშიც ისტორია
მუდმივად წარსულიდან
აცოცხლებს გარდასულ ფორმებს.
ჰიპერრეალობის სივრცე კი,
რომელიც თანამედროვე
ინფორმაციული, კიბერნეტიკული
და ვირტუალური
ტექნოლოგიების უდიდესმა
განვითარებამ მოიტანა, თავის
მხრივ შესაძლებელს ხდის
ინფორმაციულ მედია-სივრცეში
“ცარიელ სიჩქარეზე“ ისტორიის
ტურბულენტურ ბზრიალს.
შემდგომ რა ხდება? შემდგომ -
არაფერი - სიმულაციის
განზომილება შთანთქავს
ყველაფერს, როგორც ეს მოხდა
პლატონისა და ნიცშეს
შემთხვევაში. ბოდრიარიც არ
გამოჰყოფს ისტორიის წაკითხვის
ამ რომელიმე მოდელთაგან
პრივილეგირებულს, არ თვლის,
რომ რომელიმე მათგანი სხვაზე
სიცოცხლისუნარიანი, სხვაზე
უფრო ჭეშმარიტი უნდა იყოს.
ყველაფერი იძირება და ქრება
სიმულაციის განზომილებაში.* ეს
არის “შავი ხვრელი“ - ყველა
მოდელის ქრობა სიმულაციის
სივრცეში. ეს ისტორიის გზის
ბოდრიარისეული დასასრულია.
ჟან ბოდრიარი ხომ
პოსტმოდერნიზმში სიმულაციის
თეორიის პირველი
თეორეტიკოსია! ის, რაც ვერ
გამოთქვა პლატონმა, ვერ
ჩამოაყალიბა სრული სახით
ნიცშემ, ფრანგი ავტორის
შემოქმედებაში მას ცალკე წიგნი
აქვს დათმობილი -
“სიმულაკრები და
სიმულაციები“ (1981) - და
ბუნებრივია, ბოდრიარი
ყველაფერს, მათ შორის -
ისტორიასაც, სიმულაციის
პრიზმაში აღიქვამს.
*ერთია, ისტორიულად,
კაცობრიობის ისტორიის
გარკვეულ ეტაპზე
ჰიპერრეალური ხანის დადგომა
და მთლიანი კულტურის და
ისტორიის ჰიპერრეალურში
გაქრობა ანუ სიმულაციურ
რეჟიმში გადასვლა, და მეორეა,
როცა ისტორია, როგორც ასეთი,
სიმულაციურად განიხილება -
ვედებიდან დავიწყებთ, თუ
პლატონიდან, ჩვენ ისტორიას
ვკითხულობთ, როგორც
არარსებულს, რომელიც იქმნება
და არსებობს სიმულაციურად. ეს
ეხება ისტორიის გაგების
ნებისმიერ მოდელს. ჟან
ბოდრიართან სიმულაციის
განზომილება შთანთქავს და
აქრობს მის ფილოსოფიაში
“შემოსულ“ ყველა ისტორიულ
მოდელს, მათ შორის (ისტორიის)
“რეალობიდან“ ჰიპერრეალურში
გადასვლის მოდელსაც.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев